მთავარი,სიახლეები

ქობულეთის უბნები ფეკალური წყლებით დატბორვის საფრთხის წინაშე

01.06.2018 • 2049
ქობულეთის უბნები ფეკალური წყლებით დატბორვის საფრთხის წინაშე

ქობულეთის რამდენიმე უბანი ფეკალური წყლებით დატბორვის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც მითითებულია, რომ პრობლემა სატუმბო სადგურებზე მილების დაზიანებამ გამოიწვია.

„რეზინის გოფრირებულმა მილმა ვერ გაუძლო ფეკალური მასების ზემოქმედებას და დაიშალა, რის გამოც საჭიროა რეზინის გოფრირებული მილები შეიცვალოს ლითონის მილით. ხდება სატუმბო სადგურების ავარიული გაჩერება და აღარ ხდება ფეკალური წყლების გადაქაჩვა ეგრეთ წოდებული საავადმყოფოს უბნიდან ჩოლოქის დასახლებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული უბნების და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, რითაც ზიანი ადგება აღნიშნულ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას,“ – აღნიშნულია „ქობულეთის წყლის“ განაცხადში.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ საწნეო ხაზები 2018 წლის 30 მაისს გამოვიდა მწყობრიდან და „ქობულეთის წყლის ტექნიკური ბრიგადის თავდაუღალავი შრომის მიუხედავად“ პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. ამიტომ კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას შესაბამისი მილები ტენდერის გარეშე შეისყიდონ.

მილების შესყიდვას და პრობლემის აღმოფხვრას სამი დღე დასჭირდება. შესყიდვების საბჭო კი კომპანიის განაცხადს პირდაპირ შესყიდვასთან დაკავშირებით, 5 ივნისს განიხილავს.

ჩოლოქის დასახლებაში გამწმენდი ნაგებობა დონორთა სესხითა და გრანტით აშენდა, რისთვისაც 5 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. ქალაქ ქობულეთიდან ფეკალური წყლები ამ გამწმენდ ნაგებობაში იტუმბება.

მთავარი ფოტო: გამწმენდი ნაგებობა ჩოლოქის დასახლებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: