ზაზა სარალიძე პრემიერს: ვიცი, რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე

ახლახან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზაზა სარალიძე გამოეხმაურა. პრემიერმა წუხელ, პირველ ივნისს თქვა, რომ ნებისმიერ მომენტში დატოვებს თანამდებობას, თუ დარწმუნდება, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას წაადგება ან სიტუაციას განმუხტავს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მომენტი ახლა არ არის.

„დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის. ეხლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას. მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ. რომელ გამოძიებაზეა საუბარი როდესაც აღარც მოწმეები და აღარც ნივთ მტიცებები აღარ არსებობს. მოწმეების მშობლები დააშინეს პროკურატურის დახმარებით სუბელიანის ოჯახმა და აგრეთვე გაანადგურეს ნივთმტკიცებები. როგორ ფიქრობთ? ვინმე გადადგავს ნაბიჯს და თავიანთი შვილების სიცოცხლეს ეჭქვეშ დააყენებენ??? მე ვიცი რო განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე და ადრე თუგვიან მომიღებთ ბოლოს და ბატონი იური ვაზაგაშვილის ბედს გავიზიარებ, მაგრამ მე არ მოგცემთ უფლებას ჩემ შვილს სულში ჩააფურთხოთ მანამ სანამ ცოცხალი ვარ. მაგ ზღაპრებს მე ექვსი თვე ვისმენდი,“ – მიმართავს პრემიერს ზაზა სარალიძე.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი