ზვიად ელიზიანი: აუცილებელია ბალანსის დაცვა, ბულვარი ბაზრობას რომ არ დაემსგავსოს

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზოლში, მოჭარბებულად ჩნდება კვების ობიექტები – რესტორნები, კაფეები. სანაპირო ზოლი გადატვირთულია მაღაზიებითაც. როგორი უნდა იყოს ბულვარის იერ-სახე, რა არის მიღებული და რა მიუღებელი რეკრეაციულ ზონაში და რა დოზით შეიძლება ეთნოგრაფიული ელემენტების გამოყენება ტურისტულ ზონაში? – თემაზე ტურიზმის სპეციალისტს, ზვიად ელიზიანს ვკითხეთ.

ზვიად, ბოლო პერიოდში სულ ცდილობენ, რომ ბათუმის ბულვარში კვების ობიექტები გახსნან ნაციონალური ელემენტებით. გამოჩნდა ქვევრები, თონე და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, რამდენად სწორია ეს?

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ნაციონალური ელემენტები იქნება თუ ევროპული გადამეტებით. მთავარი ის არის, რომ ბულვარს გააჩნია თავისი სპეციფიკა და დანიშნულება, რომელიც  გულისხმობს იმასაც, რომ ეს სივრცე არ უნდა გადაიტვირთოს კაფეებით, ბარებით  და რაღაც მასშტაბური კონსტრუქციებით.

მსუბუქი კონსტრუქციის კაფეები გარკვეული დოზით დასაშვებია, მაგრამ ბოლო წლების ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ ან დღეს რა პროცესებიცაა, აჩვენებს, რომ ბულვარი არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ბულვარის სხვადასხვა ტიპის ობიექტით გადატვირთვის პროცესი დღეს არ დაწყებულა, 7-8 წელია უკვე ეს ტენდენცია შეიმჩნევა. პირსის მიმდებარე ტერიტორიაზე რაც რესტორნებია განთავსებული, ასევე მაღაზიები, „შავი მარგალიტი“ თუ რაღაც საშინელი რესტორანი, რომელიც ალიკა ინწკირველმა ააშენა, ეგეც ერთ-ერთი ცუდი ჩარევა იყო ბულვარში. შემდეგ კი ეს ტენდენცია გაგრძელდა.

რა დოზით შეიძლება კვების ობიექტების განთავსება რეკრეაციულ ზონაში, როგორია ზოგადი სტანდარტი?

როცა ამ თემაზე საუბრობ, თვითმმართველი ორგანოების არგუმენტი არის ის, რომ მათ მოსვლამდე იყო ეს ობიექტები შეცდომით ან არასწორი სტრატეგიით გადაცემული მოიჯარეებზე. საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი გამოსავალი მაინც ის არის, რომ ბულვარის შემთხვევაშიც უნდა გვქონდეს იგივე მიდგომა, რაც გვაქვს ძველ ბათუმთან მიმართებაში. უნდა გააჩერო იქ მშენებლობის პროცესი, არ უნდა გაგრძელდეს დიდი კონსტრუქციების მშენებლობა და დადგინდეს გარკვეული ჩარჩო, მონახაზი, წესები, გავარკვიოთ რა სტრატეგია აქვს ბულვარს და ამის შემდეგ ვიფიქროთ ნებართვებზე.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ბულვარი ვერ კარნახობს მოიჯარეებს სტანდარტებს, როგორი უნდა იყოს კაფე, მის ირგვლივ არსებული გარემო და ამ ყველაფერს მოიჯარეები თავიანთი გემოვნებით წყვეტენ.

პრობლემა ეგ არის, რომ განვითარების კონცეფცია არ ჩანს. კონცეფცია თავისთავად მოიცავს განვითარების გზებსაც. პირველი ეტაპი ამ პრობლემის მოგვარების არის კონცეფციის შემუშავება, სტანდარტის შექმნა, გარკვეული მონახაზი მაინც ხომ უნდა გვქონდეს, რა ტიპის, რა დიზაინის მშენებლობები არის დაშვებული ბულვარში. დღეს ამ ყველაფერს აქვს ქაოტური ხასიათი.

ცალკე აღებული, კონკრეტული კაფე ან სხვა რაიმე ობიექტი, განყენებულად რომ ავიღოთ, შესაძლებელია საინტერესო კონცეფცია იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში არ შეესაბამებოდეს იმ კონკრეტულ ადგილსა და გარემოს. დღეს არსებულ ტენდენციებს კი პოზიტიურს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

ტრადიციების და ფოლკლორის პოპულარიზაცია როგორ უნდა ხდებოდეს ბულვარის ტერიტორიაზე, პარკებსა და სკვერებში, ზოგადად? როგორია ევროპული გამოცდილება ამ მიმართულებით?  

ახლა აპირებენ ძველი ფოტოატელიეს ადგილზე რაღაც კვების ობიექტების გაკეთებას, რაც ასევე ერთ-ერთი საფრთხეა. ერთი შეხედვით, შეიძლება წარმოდგენილი კონცეფცია არ არღვევდეს რაღაც ფორმატს, მაგრამ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ის შეიძლება გადაიზარდოს უფრო მასშტაბურ კონსტრუქციებში.

სწორედ ამიტომ საჭიროა ჯერ შეიქმნას ბულვარის განვითარების კონცეფცია, სტანდარტები და შემდეგ დაიწყოს ესა თუ ის მშენებლობა.

ტურისტული კუთხითაც თუ შევხედავთ, შეიძლება ტურისტს აინტერესებდეს ტრადიციული სამზარეულო, ეთნოთემატიკა, მაგრამ ამისთვის არსებობს შესაბამისი ადგილები. ჯობია ამისთვის ტურისტი ავთენტურ გარემოში მივიდეს, ვთქვათ, იგივე მთიან რეგიონში, რაც ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და არა ის, რომ ეს ყველაფერი ჩამოვიტანოთ და დავახვედროთ ტურისტს ზღვაზე. ლოგიკურადაც, როცა ტურისტი ზღვაზე მოდის, მას ცურვა, პლაჟი აინტერესებს და პლაჟს რაც სჭირდება, სამწუხაროდ, ის ნაკლებად არის ბათუმში მოწესრიგებული.

უფრო მეტად უნდა იყოს პლაჟი დასუფთავებული, საშხაპეებიც უფრო მეტი და კარგი ფორმატის უნდა გაკეთდეს. შეიძლება გაკეთდეს ყველაფერი ისე, როგორც კეთდება ხოლმე ნორმალურად განვითარებულ ზღვისპირა ქალაქში. ბულვარი უნდა შეინარჩუნო იმ ფორმით, რისთვისაც იქ მიდის ადამიანი.

ითქვა, რომ შესაძლოა ბათუმის ცენტრალურ პარკშიც ზოოპარკის გადატანის შემდეგ გამოჩნდეს კაფეები და რესტორნები. ამაზე რას ფიქრობთ?

ბუნებრივია, ყველა ქალაქს აქვს თავისი ინდივიდუალური სტილი და ხედვა, მაგრამ საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვისაუბროთ კარგ მაგალითებზე. მსუბუქი კონსტრუქციები, ღია საზაფხულო კაფეები კარგია და მისაღებია, მაგრამ პლაჟზე მაინც და მაინც ხინკალი, ხაჭაპური და მწვადი არ არის აუცილებელი. აუცილებელია ბალანსის დაცვა,  ბულვარი ბაზრობას რომ არ დაემსგავსოს. ბულვარში დასვენებისთვის მიდიხარ და იქ არც მუსიკა და არც სხვა გარემო არ უნდა იყოს ისეთი, რაც შეგაწუხებს და დისკომფორტს შეგიქმნის.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com