მთავარი,სიახლეები

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად ბათუმში აქციას გეგმავენ

31.05.2018 • 10128
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად ბათუმში აქციას გეგმავენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამის მხარდასაჭერად ბათუმში მოქალაქეები აქციას გამართავენ. აქცია დღეს, 18 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება. აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა:

„ბათუმში, ევროპის მოედანზე, 18 საათზე დავდგეთ – მოვითხოვოთ სამართლიანობა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ გაუბედურებულ და სახელმწიფოსგან განადგურებულ მამას!“

„სისტემა არის განუსაზღვრელი ძალაუფლებით, სინდისის და პროფესიული სტანდარტის გარეშე. 18 საათზე ბათუმში, ერას მოედანზე, ვიკრიბებით, ვითხოვთ ჩვენი შვილების სიცოცხლის უფლებას და სამართალს!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოქალაქეები ავრცელებენ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სარალიძის ოჯახი განაჩენით უკმაყოფილოა. ისინი ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციის მართვენ პროკურატურასთან.  გადაწყვეტილებით ასევე უკმაყოფილოა მეორე მოკლულის, ლევან დადუნაშვილის ოჯახი. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვენ. დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულს მაქსიმუმ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სკოლის მოსწავლეები – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის მიწურულს, ქუჩური გარჩევის დროს მოკლეს. სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიება მკვლელობის რეალურ ჩამდენებს ხელს აფარებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: