მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი: „გონიოს პოლიგონის“ ტერიტორიაზე პროექტები არ გვაქვს

31.05.2018 • 3672
ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი: „გონიოს პოლიგონის“ ტერიტორიაზე პროექტები არ გვაქვს

გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს მთავრობამ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, თუმცა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ინვესტიციის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დღემდე არაფერი გაკეთებულა. ტერიტორია, რომელიც 2 მილიონ 800 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

არსებული კონცეფციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციის მიუხედავად, რომ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის საინვესტიციო პოტენციალი 3 მილიარდ დოლარს აღწევს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტში 250 ათასი ლარი გამოყო ყოფილი პოლიგონის გეოლოგიური კვლევისთვის. სამინისტრო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ტერიტორიის „საინვესტიციო პოტენციალის“ დადგენას ახლა აპირებს. მეტიც, ეს კვლევა ამ დრომდე არც დაუწყია.

„კონცეფციას რაც შეეხება, ერთი პერიოდი აქტუალური იყო, ამ ბოლო პერიოდში კი აღარ, თუმცა ინვესტორზეა დამოკიდებული, თუ მოსწონს ეს კონცეფცია, მას შეუძლია გამოიყენოს… ეს იყო იმ კომპანიის ხედვა, რომელმაც კონცეფცია შეადგინა, თორემ რაიმე კონკრეტული მაგ კონცეფციით არ გაკეთებულა, მაგით არ ვმუშაობთ. ეს არის საჩვენებლად, თუ ვინმეს მოეწონება, დავუშვათ, შემდეგ დაიწყება მუშაობა, თორემ მაგ კონცეფციის მიხედვით ვინმეს რაიმე პროექტი ჩვენთვის ჯერ არ შემოუთავაზებია“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა, ვახტანგ ჭეიშვილმა.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიით ინვესტორები დაინტერესებულები არიან, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ასახელებენ.

„დაინტერესება არის, მაგრამ ისეთი, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტი იდგეს, ასეთი არა. თავად ადგილია ისეთი, ყველა მხრიდან არიან დაინტერესებულები – ჩეხური კომპანია იყო, ჩინური, საუდის არაბეთიდანაც, ადგილობრივიც ბევრი იყო, მაგრამ ოფიციალურ დონეზე არა. უბრალოდ, შეიძლება მოვიდნენ, გავისაუბროთ… ისეთი წინადადება კი, ჩვენ რომ განვიხილავდეთ და მხედველობაში გვქონდეს, არ არის წარმოდგენილი“, – ამბობს ვახტანგ ჭეიშვილი.

სთავაზობს თუ არა რაიმე ფასს ინვესტორებს სამინისტრო? – ვახტანგ ჭეიშვილის თქმით, „ჯერ გააჩნია შემოთავაზებას, რა მოთხოვნაც ექნებათ კონკრეტული, ვნახავთ და შევაფასებთ. მაგის პრობლემა არ არის. თავისუფალი მიწის ნაკვეთია და აუცილებლად მოხდება მისი პრივატიზება“.

ყოფილი პოლიგონის ტერიტორია მთლიანობაში, ერთიანად განვითარდება თუ ნაწილ-ნაწილ, აჭარის სამინისტროში ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან. „გონოის განვითარების კონცეფცია“ კი მთლიანობაში საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს – 300 ჰექტარზე მეტს, გონიოს ზღვისპირა ზოლის ჩათვლით.

საქართველოს და აჭარის მთავრობა კი ინვესტორებს ამ კონცეფციის გარდა ოფიციალურად არაფერს სთავაზობს.

„ბათუმში მხოლოდ გმირთა ხეივანი იყო, სადაც ჩვენ ვიყავით ინიციატორები, ანუ შევთავაზეთ ინვესტორებს ნაკვეთები – სამინისტრომ შექმნა განვითარების კონცეფცია, გაწერა ვალდებულებები და პირობები. ყოფილ პოლიგონთან დაკავშირებით კი, ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია ინვესტორის შემოთავაზებაზე,  ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვა, მაგრამ ინვესტორის ხედვასაც ვითვალისწინებთ“, – ამბობს ვახტანგ ჭეიშვილი.

განიხილავენ თუ არა კონკრეტული პროექტების განხორციელებას ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე?  – ამ კითხვით „ბათუმელები“ საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებს დაუკავშირდა.

„ჩვენ არანაირი შეხება მაგ კონკრეტულ ლოკაციასთან არ გვაქვს“, – გვითხრეს საპარტნიორო ფონდში, რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია.

რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით 5 წლის წინ შეიქმნა და მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „რაიმე პროექტი, რაც გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას უკავშირდება, ფონდში არ ფიქსირდება. ჩვენი მხრიდან არავინ არის ჩართული ამ მიმართულებით“.

ამავე თემაზე:

„ყოფილი პოლიგონის განვითარება და საინვესტიციოდ მისი ეფექტური ათვისება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა 2018 წლისთვის დამტკიცებულ „საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების პროგრამაში“ გონიო და ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარება არ შედის. ამ პროგრამაში გონიოსთან მიმართებაში, მხოლოდ გონიო-კვარიათის მთიანი ზონის დაგეგმარებაა გათვალისწინებული:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/138692/

„გონიოს განვითარების კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებაში, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაცია „ქოლიერსი“. დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ, გონიოს ხიდის მშენებლობა. ტერიტორიისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა ფორმით მოხდება აღნიშნული ტერიტორიის განვითარება“, – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მიმდინარე წლის იანვარში:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/113214/

გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს საინვესტიციო პროექტების  ჩამონათვალშია:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/99034/

ქვეყნის ხელისუფლება ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას, რომლის განაღმვაც ჯერ არ დამთავრებულა, ინვესტორებს ადგილზე აცნობს:

https://batumelebi.netgazeti.ge/ambebi/53963/#sthash.KjUE6XCg.hCxLk46l.dpbs

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: