უკვე ერთი საათია პოლიცია ბათუმში იარაღს ეძებს – დაკავებულია ერთი პირი

ამ წუთებში ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, პოლიციამ ერთი პირი – თენგიზ თ. დააკავა. დაკავების ოპერაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს სიახლოვეს ჩატარდა. ამოღებულია ერთი ერთეული პისტოლეტი.

„მე ძმასთან და მის ცოლთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი. ხმაური როცა ატყდა, გარეთ გამოვედით. მე მარტო დავრჩი და ვეძებდი ჩემს ძმას. თენგიზი როცა დავინახე, პოლიციას ჰყავდა დაკავებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაკავებულის დამ.

ქალი ირწმუნება, რომ მისი ძმა იმ სახლში მცხოვრებ პირებთან მისალმების გამო დააკავეს, რომელშიც პოლიცია იარაღის ძებნის მოტივით ერთი საათის წინ შევიდა. ქალის თქმით, ამ სახლის მცხოვრებლები მისი ძმის ნაცნობები არიან.

„ბათუმელების“ ჟურნალისტს პოლიციამ უთხრა, რომ იარაღი დაკავებულის ავტომანქანიდან ამოიღეს. თუმცა თავად დაკავებული აცხადებს, რომ ეს ავტომანქანა მას არ ეკუთვნის.

დაკავებული თენგიზ თ. ჯერ კიდევ არ გაუყვანია პოლიციას ტერიტორიიდან.

მთავარი ფოტო: პოლიციის მტკიცებით, ამ ავტომანქანიდან  პისტოლეტი ამოიღეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.