მთავარი,სიახლეები

გასცემს თუ არა ნებართვას კმდს ბულვარში დაგეგმილ მშენებლობაზე?

30.05.2018 • 2243
გასცემს თუ არა ნებართვას კმდს ბულვარში დაგეგმილ მშენებლობაზე?

აშენდება თუ არა ახალი შენობა ბათუმის ბულვარში ძველი ფოტოატელიეს ერთსართულიანი შენობის დემონტაჟის ხარჯზე? – ეს საკითხი საბოლოოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტოს საბჭომ [კმდს] უნდა გადაწყვიტოს.

გუშინ, 29 მაისს, ბათუმის საკრებულომ, მერიის წარდგენით, ბულვარში მიწის ნაკვეთი იჯარის წესით სწორედ ახალი ობიექტის მოწყობის მიზნით გასცა. საკრებულოს წევრებმა საკითხს მხარი ისე დაუჭირეს, არ უსაუბრიათ ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებზე.

ბულვარში მიწის ნაკვეთზე ფოტოგრაფი ვასილ ოსეფაიშვილი ძველი შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახლის აშენებას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, შენობას მეორე სართულზე ტერასა ექნება.

ბათუმის ბულვარში, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ადგილას, ნებისმიერი სარემონტო და სამშენებლო სამუშაო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. სააგენტოს თანხმობის გარეშე ბულვარში სამშენებლო სამუშაოების წამოწყებას კანონმდებლობა კრძალავს.

დაგეგმილ ახალ მშენებლობას ბათუმში აქტიურად გამოეხმაურნენ. „ფეისბუქზე“ შენობის ზომის გაზრდასა და იქ კვების ობიექტის მოწყობას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ვასილ ოსეფაიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ახალი შენობის მოწყობას ნაბართვის მიღების შემთხვევაში აპირებს. მისაღებია თუ არა ორსართულიანი მშენებლობა ბათუმის ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს წევრებისთვის?

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ჟღენტი ამბობს, რომ პროექტს არ იცნობს და შესაბამისად ვერც კომენტარს გააკეთებს:

„არ ვიცი ამ პროექტის შესახებ. მშენებლობას ბულვარში ზოგადად ვერ განიხილავ, ზოგადად ვერ იტყვი, რომ ეს აუცილებლად დაბალი განაშენიანება უნდა იყოს ან მაღალი. ინდივიდუალურად შესაფასებელია რა ხდება, როგორია გარემო, მიმდებარედ რა სიტუაციაა, აქედან გამომდინარე“.

პროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება საბჭოს წევრი, ორგანიზაცია „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი. მისი თქმით, ასეთი ობიექტის გაჩენა მეტისმეტია იმ სივრცეში, საიდანაც შედიხარ ბულვარის კოლონადებთან:

„ორსართულიანი მითუმეტეს მიუღებელია, რაც არის, ის გაალამაზონ.“

საბჭოს წევრი ზვიად ბურჭულაძე კი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბულვარში საერთოდ არ უნდა აშენდეს მაღლივი შენობები:

„არ მინახავს რა გაბარიტის პროექტია… რაც ვიცით, შეგვიძლია ორი თვალსაზრისით განვიხილოთ, რამდენად ჯდება გარემოში და რამდენად დააზიანებს სივრცეს. რადგან მე არც გაბარიტები ვიცი  და არც იერსახე, ამის გამო მიჭირს თოფი ვესროლო იმის გამო, რომ შეიძლება ცუდს აკეთებს. ვერ ვიფიქრებ რადიკალურად, რომ რაღაც იქცევა – იქნებ არ იქცევა. ბულვარში საერთოდ არ უნდა იყოს მაღლივი შენობები – ამას ვინც ამბობს, ალბათ, არქიტექტორი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ იქ უნდა იყოს კვების ობიექტი, მე, მაგალითად, ის სანაყინეებიც, რომლებიც დგას დღეს იქ, დიდად გულზე არ მეხატება. მილიონი რაღაცაა, რაც არ უნდა იყოს ბულვარში, ჩემი აზრით“.

ამ აზრს გარკვეულწილად საბჭოს წევრი სოფიო ჭანიშვილიც იზიარებს, მისი თქმით, პროექტი ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, დაეთანხმება თუ არა პროექტის დამტკიცებას:

„ძალიან რთულია ასე ზეპირად რაიმეს შეფასება. როცა საბჭოზე შემოვა, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას – ისტორიულ უბანშიც შეიძლება მოხდეს განახლება, მით უმეტეს, თუ ეს შენობა არ არის არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებული და ამ ახალი პროექტით მოხდება ბულვარის გაუმჯობესება.

ორსართულიანს რაც შეეხება, ვერ გეტყვით ვერაფერს, ვიდრე პროექტს არ ვნახავ. თუმცა ისევ ვამბობ, – შესაძლებელია ისტორიული უბნის გაუმჯობესება და იქ რაღაც ახალი არეალის გაჩენაც. უნდა განვითარდეს ქალაქი და რაღაც უბნები, თუნდაც ეს იყოს ბულვარი. თუ არსებული შენობა არ არის ღირებული და ახალი იქნება უფრო გაუმჯობესებული და ბულვარს არ შეუქმნის რაიმე საფრთხეს, ხეები არ მოიჭრება და არ იქნება მსგავსი ჩარევები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია“.

საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე კი მიიჩნევს, რომ ვიდრე ახლის მშენებლობა გადაწყდება, უნდა შეფასდეს არსებულის მდგრადობა და თუ ის საფრთხის შემცველია, შესაძლებელია ახლის მშენებლობაზე ფიქრიც, ოღონდ შენობის მოცულობა არ უნდა გაიზარდოს.

პროექტს არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავჯდომარე, მირზა ცეცხლაძე იცნობს. ის ამბობს, რომ გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესიდან წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ საბჭო გადაწყვეტილებას ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს:

„საკრებულომ რა გადაწყვეტილება მიიღო, საკუთრებაში გასცა თუ იჯარით, ეს არაფერს ცვლის, თუ უნებართვოდ დაიწყება იქ რაიმე, სააგენტო მიადევნებს თვალყურს და აღმოფხვრის ნებისმიერი ლურსმნის მიჭედებასაც კი ობიექტზე. საზოგადოებისთვის სულერთი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სააგენტო ნებართვის გარეშე ძეგლზე სამუშაოებს არ დაუშვებს. დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ძეგლის ინტერესებიდან ამოსული. როგორი სახის პროექტი იქნება წარმოდგენილი, როგორი ვიზუალის და ასე შემდეგ, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ისეთი გადაწყვეტილება იქნება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ძეგლის დაცვის პრინციპი“.

________________________

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/137667/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: