რეორგანიზაცია ხულოს მერიის სამსახურებში

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. გაჩნდა ვაკანტური თანამდებობები, რომელთა დასაკავებლად ჯერჯერობით კონკურსი გამოცხადებული არ  არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეიცვალნენ სამსახურების უფროსები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა მელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სამსახურების უფროსები არ შეცვლილან.

ხულოს მერიაში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა – ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილება და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

სამივე სამსახურის უფროსს თანამდებობები დაატოვებინეს და უფროს სპეციალისტებად ჩამოაქვეითეს.

„გაუქმდა ჩემი განყოფილება. რეორგანიზაცია მოხდა და პირველი მაისიდან უფროსი სპეციალისტი ვარ“,  – უთხრა „ბათუმელებს“ მალხაზ აბულაძემ, რომელიც მანამდე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

თავისი დაქვეითების ფაქტი უარყო „ბათუმელებთან“ ანზორ ცეცხლაძემ და გვითხრა, რომ მას რეორგანიზაცია არ შეხებია. თუმცა რეალურად ის განყოფილების უფროსი აღარაა და ამჟამად არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობს.

ხულოს მერიამ საერთოდ გააუქმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილება, მას სახელწოდება შეუცვალა, მერიის სამდივნო დაარქვა და ყოფილი ხელმძღვანელი უფროს სპეციალისტად ჩამოაქვეითა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში. როგორც მერმა განგვიმარტა, რეორგანიზაციის პროცესი ყველა სამსახურს შეეხო. შეიქმნა ახალი – შესყიდვების განყოფილება, ხოლო ზოგიერთი განყოფილება გაუქმდა. რაც შეეხება ხელმძღვანელ პირებს, ხულოს მერი ამბობს, რომ სამსახურის უფროსები არ შეცვლილან.

„არ შეცვლილან უფროსები. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება იყო ერთადერთი, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქნება სპეციალისტი ამ ეტაპზე,“ – ამბობს გოჩა მელაძე.

რატომ არ ცხადდება კონკურსი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, ვკითხეთ ხულოს მერს.

გოჩა მელაძის თქმით, „ახლა მიდის პროცედურები, კონკურსის გამოცხადება ხანგრძლივი პროცესია, სავარაუდოდ, ივლისის თვისთვის გამოვაცხადებთ კონკურსს 10 ვაკანსიაზე“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი