ერთკვირიანი სტაჟირება პოლონეთში უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის

აჭარის განათლების ფონდი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.

კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი ფიზიკის, ოთხი ქიმიის, ოთხი ბიოლოგიისა და ოთხი  ბუნებისმეტყველების პედაგოგი (I-IV და V –VI კლ.) აჭარის საჯარო სკოლებიდან.

პედაგოგების სტაჟირებას სრულად აფინანსებს განათლების ფონდი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არის ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.

„კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ პრეზენტაციას“.

კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ კოპერნიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამეცნიერო ცენტრისა (Copernicus Science Centre) და სამოქალაქო განათლების ცენტრის (Center for Citizenship Education)  სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ საინტერესო მასტერ-კლასები საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

გაკვეთილის გეგმა, PP პრეზენტაცია და საჭირო დოკუმენტაცია კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ ელექტრონულ მისამართზე: ajaraedufund@gmail.com მასალის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 10 ივნისი.

______________

მთავარ ფოტოზე: ვარშავა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com