სიახლეები

პროექტი, რომელიც ყოფილ პატიმრებს თვითდასაქმებაში ეხმარება

30.05.2018 • 1559
პროექტი, რომელიც ყოფილ პატიმრებს თვითდასაქმებაში ეხმარება

დასაქმება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. პრობაციონერებს ეკრძალებათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. აჭარის რეგიონში, მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა მათი ერთადერთი საქმე თურქეთში თხილის კრეფაა – რისი უფლებაც აღარ აქვთ და ალტერნატიული ვაკანსიის ძებნა საქართველოში ურთულდებათ. ნასამართლობის ცნობას მაღაზიაში კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებისასაც კი ითხოვენ.

ყოფილი პატიმრების დასაქმებაც უამრავ სტერეოტიპთანაა დაკავშირებული, უმრავლეს შემთხვევაში დამსაქმებლები თავს არიდებენ ნასამართლევი პირების დასაქმებას საკუთარ კომპანიებში.

სწავლას მალე მოვრჩები, მაგრამ სად უნდა ვიმუშაო? სუპერმარკეტის კონსულტანტობაც კი პრობლემაა ჩვენთვის, პრობაციონერებისთვის, ყველას ვეზედმეტებით. მხოლოდ რამდენიმე თვით ვიმუშავე ერთ მარკეტში, ისიც მოვიტყუე: არ მითქვამს, რომ ნასამართლევი ვარ. როცა ეს ცნობა მოგვთხოვეს თანამშრომლებს, ავდექი და წამოვედი. მაინც გამომიშვებდნენ და რა აზრი ჰქონდა.– ამბობს გიორგი (სახელი შეცვლილია), 21 წლის პრობაციონერი, რომელმაც პირობითი სასჯელი 3 წელი უნდა იხადოს.

„როცა მიწევს გავამჟღავნო, რომ პირობით სასჯელს ვიხდი, საქართველოში ცოტათი ეჭვის თვალით მიყურებენ, დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაზე ხომ არაფერს ვამბობ, სამომავლოდ ქვეყნიდან წასვლას ვაპირებ,“ – ეს 22 წლის პრობაციონერი ჯაბა მანიაა (სახელი და გვარი შეცვლილია).

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს,  გადამზადებასა და პროფესიის შესწავლაში, საარსებო წყაროების შექმნაში, იურიდიული საკითხების მოგვარებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. პროგრამა კომპლექსურია და მოიცავს ბენეფიციართა საჭიროებაზე დაფუძნებულ სერვისებს.

ნინო ხაჩიძე, პროგრამის კოორდინატორი: ,,გამოვყოფ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის კომპონენტს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბენეფიციარებს უჭირთ მუშაობის დაწყება. ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება საზოგადოებაში არსებული სტიგმაა: დამსაქმებელთა უმრავლესობა თავს არიდებს ყოფილი თუ პირობითი მსჯავრდებულების დასაქმებას. დასაქმების ხელის შემშლელი ფაქტორია ისიც, რომ საპატიმროში გატარებული წლების პარალელურად, შრომის ბაზარზე სტანდარტები, მოთხოვნები იცვლება, ბენეფიციარებს კი უჭირთ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც მათ დაბალკონკურენტიან კადრად აქცევს. სჭირდებათ დრო და რესურსები, რომ დაეწიონ ამ მოთხოვნებს და დამსაქმებლისთვის გახდნენ სასურველი თანამშრომლები.

ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციართა თვითდასაქმების ხელშეწყობას. ეს არის ყველაზე ეფექტური და უმტკივნეულო გზა, რომ ბენეფიციარი იყოს დასაქმებული და ჰქონდეს მუდმივი შემოსავალი. ჩვენთან მოსულ ბენეფიციარებს ვთავაზობთ თვითდასაქმების ხელშეწყობას იმგვარად, რომ მოიფიქრონ საქმე, რომელსაც თავად შეასრულებენ და მათი ოჯახისთვის შემოსავლის წყარო გახდება. ეს საქმე შეიძლება წამოიწყოს ან უკვე არსებული გააძლიეროს, ერთმა ბენეფიციარმა ან რამდენიმემ ერთად. თვითდასაქმების მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოგვმართონ პროგრამის სამიზნე რეგიონებში და მიიღონ პროგრამის მხარდაჭერა“.

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი 2017 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 221 ბენეფიციარი ჩაერთო საარსებო წყაროს უზრუნველყოფის კომპონენტში. საერთო ჯამში დაფინანსდა 200 ბიზნესიდეა.

დაფინანსებულ ბენეფიციართა საქმიანობა მრავალფეროვანია, თუმცა ცალკე მიმართულებად უნდა გამოვყოთ

ხელობა და ხელოსანთა ჯგუფები: ავტომანქანის შეკეთება, სარემონტო საქმე, ელექტროშედუღება.

სოფლის მეურნეობა: მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მესაქონლეობა, მევენახეობა, თხილის მეურნეობა.

ხელსაქმე:  ხეზე კვეთა, სუვენირებისა და სამკაულების დამზადება, ქვილინგი.

ეს ის ძირითადი სფეროებია, რომელთა საშუალებითაც პროგრამის ბენეფიციარები თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას ახერხებენ.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: