სტუდენტების საერთო საცხოვრებელთან ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი ხე ამოთხარეს

ბათუმში, მწვანე კონცხზე არსებულ საერთო საცხოვრებლის შენობის საძირკველთან მორიგი მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს. აქ სტუდენტები ამ დრომდე ცხოვრობენ. ამოღებული ხე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში უნდა გადაიტანონ. ამ ადგილიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ საერთო საცხოვრებლის შენობასთან ერთად შეიძინა, ამ დროისთვის 4 ხეა გადასატანად გამზადებული.

კომპანია „ზიმოში“ [ერთ-ერთი კომპანიაა, რომელსაც მრავალწლოვანი ხეები გადააქვს] გვითხრეს, რომ მათ ამ ადგილიდან მხოლოდ ერთი ხე გააქვთ, დანარჩენებს კი სხვა კომპანია გაიტანს.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად ამოთხრილი ხეები/მწვანე კონცხი / ფოტო: ენმ

ხეები, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, იმ ახალი გზით უნდა გაიტანონ, რომელსაც „ზიმოს“ ინფორმაციით, კომპანია „გზა“ აკეთებს. ეს ახალი გზა ფერდობზე შენდება და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ტერიტორიას ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან აკავშირებს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ [მახინჯაურის მხრიდან].

კომპანია „გზა“ გვირაბის ამ მხარეს საავტომობილო მოსაბრუნებელ კვანძსაც აშენებს, რომელიც 2017 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა. ამისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მასთან 2,5 მილიონ ლარზე ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ამ ღირებულების სამუშაოებს „გზა“ მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე დაასრულებს და მასთან ხელშეკრულება შეწყდება. ამის შემდეგ კი მოსაბრუნებელი კვანძის დასრულებაზე ტენდერი გამოცხადდება, სადაც სატენდერო თანხა 4,7 მილიონი ლარი იქნება. ანუ, პროექტი ამ ოდენობის თანხით იზრდება.

ენმ ბათუმში აცხადებს, რომ მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის პარკში ხეების გადასატანად გზის გაყვანის მიზნით დააფინანსეს, საერთო საცხოვრებელთან ამავალი გზის მშენებლობა კი უნებართვოდ მიმდინარეობს.

შედის თუ არა საერთო საცხოვრებელთან მისასვლელი გზის მშენებლობა ე.წ. „მოსაბრუნებელი კვანძის“ პროექტში? – მალხაზ დუმბაძემ, კომპანია „გზას“ დირექტორმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „ზემოთა გზა“ [რომელიც საერთო საცხოვრებელთან ადის] გაკეთდა მესაკუთრის ტერიტორიაზე და მესაკუთრის, ანუ „ბიზნეს დეველოპმენტის“ დაკვეთით: „ზემოთ მიმდინარეობს მშენებლობა და მესაკუთრე ალბათ ამ გზას შემდგომში მშენებლობისთვის, მისასვლელად გამოიყენებს მხოლოდ, ან დატოვებს და კეთილმოაწყობს, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ხეებს, ესეც „ბიზნეს დეველოპმენტის“ საკუთრებაშია და ალბათ ამ გზით გაიტანენ“.

მალხაზ დუმბაძის განცხადებით, მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობა და პროექტირება მათ პარალელურად დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ ფერდები არის მეწყრულ ზონაში, ორჯერ ჩატარდა გეოლოგიური კვლევა, მოეწყო დამცავი გაბიონებიც: „კვლევის შედეგად ჩვენ წარვადგინეთ პროექტი დეპარტამენტში და საბოლოო გადაწყვეტილებას მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობასთან დაკავშირებით ის მიიღებს. პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება“.

„2018 წლის 24 მაისს „გზამ“ დეპარტამენტში წარმოადგინა კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით – 7 239 902 ლარი. განხილვის შედეგად, პროექტის მიმართ კვლავ იყო შენიშვნები: არ არის სრულად წარმოდგენილი ფერდების მდგრადობის ანგარიში, აგრეთვე არსებული გვირაბის სამხრეთ პორტალზე გამავალი გზის პორტალის მდგრადობის ანგარიში. გამოიკვეთა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისა და ამ მონაკვეთზე ასაშენებელი ავტომაგისტრალის პროექტის ზედდება. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ პროექტს სჭირდება კორექტირება“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის განცხადებით, ისინი შენობაში აგვისტოს თვემდე დარჩებიან, მომავალი სასწავლო წლიდან კი სტუდენტები ახალ კორპუსში გადავლენ, რომელიც ბათუმში შენდება.

მიმდინარე წლის თებერვალში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და ვიზუალური დათვალიერებით, შენობას ტექნიკური პრობლემა არ აქვს და შეფასება, რომ ის წარმოადგენს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საფრთხეს, მხოლოდ ვარაუდია.

ამავე თემაზე:

ფერდების მდგრადობა არ აკმაყოფილებს ნორმებს – მშენებლობა გვირაბთან 4,7 მილიონით ძვირდება

ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს [ფოტოამბავი]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com