მთავარი,სიახლეები

პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

29.05.2018 • 2919
პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდის” საქვაბე ოთახში ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია…” – ეს ფრაზა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა საბრალდებო დასკვნიდან ამოიკითხა.

„ლეოგრანდის საქმეზე“ დღეს, 29 მაისს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არსებითი განხილვა დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

“ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით,” – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულებს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც “თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო.” ასევე არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო.

“სასტუმრო სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა,” – აღნიშნულია საბრალდებო დასკვნაში.

პროკურატურის მტკიცებით სახანძრო უსაფრთხოებაზე კონტროლი შრომის შინაგანაწესის მიხედვით ბრალდებულებს – გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იავუზს ევალებოდა.

“ჩვენ ამოვიღეთ კომპიუტერებიც, საიდანაც ჩანს, რომ ხმოვანი სიგნალიც არ ჩართულა,” – თქვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

“სადაც ცეცხლი გაჩნდა, იმ ოთახთან არანაირი შეხება არ ჰქონია გიორგი მიქელაძეს. დაუდევრობა გახდა ამ ხანძრის მიზეზი და დადგენილი არ არის, რომ გიორგი მიქელაძემ მოისროლა საქვაბეში თამბაქო,” – თქვა პაატა ბოლქვაძემ. იგი ბრალდებულების ინტერესებს იცავს.

ადვოკატმა თავის შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დოკუმენტაციის მიხედვით გიორგი მიქელაძე კონკრეტულ საწყობზე იყო პასუხისმგებელი, სადაც საღებავი ინახებოდა “და ეს საღებავები ხანძარს გადაურჩა,” – აღნიშნა პაატა ბოლქვაძემ.

დაცვის მხარემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ სასტუმრო “ლეოგრანდში” ბრალდებულ გიორგი მიქელაძეს დაქვემდებარებული პირი არ არსებობდა: “მაჩვენეთ ერთი ადამიანი, ვინც გიორგი მიქელაძეზე იყო დაქვემდებარებული. ასეთი ადამიანი სასტუმროში არ არსებობდა… საქვაბეზე სხვა პირი იყო პასუხისმგებელი,” – დასძინა ადვოკატმა.

სასამართლოს უშუალოდ მიმართა მეორე ბრალდებულმაც – ფათიჰ იავუზმა. იგი “ლეოგრანდში” ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

“მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. ელექტრონულ სისტემას ხარვეზი არ ჰქონდა და ამის შესახებ მე თვითონ მივაწოდე ინფორმაცია პროკურორს. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მუშაობდა”, – თქვა ფათიჰ იავუზმა.

შემდეგ სხდომაზე სასამართლო “ლეოგრანდის” საქმეზე მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: