მთავარი,სიახლეები

პირველი პარლამენტის დეპუტატი ქალი, რომელიც დახვრიტეს

26.05.2018 • 2902
პირველი პარლამენტის დეპუტატი ქალი, რომელიც დახვრიტეს

მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოცხადდა – 1918 წლის 26 მაისს, პირველ პარლამენტში ხუთი დეპუტატი ქალი აირჩიეს, მათ შორის, იყო ანა სოლოღაშვილი.

ანა სოლოღაშვილი 1882 წელს დაიბადა, თფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხევში, დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1903 წლიდან ანა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო.

1912 წლის 16 აგვისტოს ანა სოლოღაშვილი დააპატიმრეს „არსებული წეს-წყობილების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით“და გადასცეს სამხედრო-საოლქო სასამართლოს. სასამართლომ ბრალდება დაუსაბუთებლად ცნო.

1917 წელს ანა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 წლის განმავლობაში ანა სოლოღაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო, 1919 წლიდან კი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ანა სოლოღაშვილი წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება. იგი მუშაობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად. 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად – „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“.

1925 წლიდან ანა სოლოღაშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა მასწავლებლად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.

1937 წელს იგი დააპატიმრეს „ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდისა და შოვინისტური განწყობების გამო“, აგრეთვე „მენშევიკთა“ ლიდერ – ისიდორე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით. მას დახვრეტა მიუსაჯეს.

დახვრიტეს 28 ნოემბრის ღამით.

სტატია მომზადებულია გამოცემა „საქართველოს დამფუძნებელი კრების“ მიხედვით.

მთავარ ფოტოზე: ანა სოლოღაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

გადაბეჭდვის წესი