მთავარი,სიახლეები

გონიო-კვარიათის სანაპიროს ჩაბეტონების პროცესი – ბათუმის მერიის ნებართვების შედეგი [ფოტო]

25.05.2018 • 6546
გონიო-კვარიათის სანაპიროს ჩაბეტონების პროცესი – ბათუმის მერიის ნებართვების შედეგი [ფოტო]

მაღლივი კარკასი მაღლივი კარკასის წინ, მაღლივი სასტუმროს  წინ კი მაღლივი სასტუმრო – ახალი შენობები გონიოსა და კვარიათის სანაპიროზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს და ერთმანეთს ეფარებიან. ამიტომ, ვინც მოასწრო და მშენებლობა სანაპიროს პრომინადის გასწვრივ დაიწყო, მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან მისი შენობის ფანჯრები პირდაპირ პლაჟს უყურებს.

ამ შენობების გვერდით კი ცარიელი ადგილები ბევრგან შემოღობილი და სამშენებლოდ მომზადებულია, ზოგან კი მშენებლობა დაუწყიათ, ხიმინჯები აუშენებიათ, თუმცა ახლა სამშენებლო მოედანზე მწვანე ბალახია ამოსული. ეს იმის ნიშანია, რომ მშენებლობა შეჩერებულია.

ეს სასტუმრო „მგზავრების“ მშენებარე პროექტია, მიმდებარე ტერიტორიაზე ამ კომპანიას ორი დასრულებული შენობა, მათ შორის ერთი მოქმედი სასტუმრო აქვს. მიმდინარე მშენებლობაზე გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხებს მოქმედ სასტუმროში გაგვცემდნენ.

სასტუმრო „მგზავრების“ მშენებლობის ზედამხედველმა გვითხრა, რომ საინფორმაციო დაფის სანახავად შენობის ზღვის სანაპიროს მხრიდან ცენტრალური გზის, ანუ ქუჩის მხარეს უნდა გადავსულიყავით, ქუჩის მხარეს კი ე.წ. საინფორმაციო დაფა ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა.

მშენებარე სასტუმრო „მგზავრების“ წინ, ზღვის მხრიდან, როგორც აქ გვითხრეს, მშენებლობის ნებართვის მიღება მოქალაქე ვიტალი გორაძეს მოუხერხებია. ეს სახლი ნახევრად დაუფარავს ზღვის ხედს სასტუმრო „მგაზავრების“ შენობას. ადგილზე მუშებმა გვითხრეს, რომ  დამკვეთი ოთხსართულიან სახლს აშენებს. მათ არ  უპასუხეს კითხვას მომავალში ეს სახლი სასტუმროდ ხომ არ გადაიქცევა. მშენებლობაზე არ არის საინფორმაციო დაფა.

თავად ვიტალი გორაძეს ტელეფონით დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ სასტუმროს აშენებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოაკრა მან მშენებლობის საინფორმაციო დაფა კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, გვიპასუხა რომ ვერ მოიცალა. სამაგიეროდ, ნებართვა ფოტოს სახით გამოგვიგზავნა. საინტერესოა ისიც, რომ ნებართვა 2018 წლის 16 მაისსაა გაცემული, 25 მაისის მდგომარეობით კი უკვე ორი სართული აუშენებიათ.

პლაჟის გასწვრივ ზოგი შენობა პირდაპირ პრომინადზეა მომდგარი, იმ შენობების წინ კი, სადაც მცირე ადგილი მაინც არის დარჩენილი, ახალი მშენებლობებია დაგეგმილი.

ამ ორი შენობის წინ კიდევ ორი შენობის აშენებაა დაგეგმილი, მათ შორის ერთი შედარებით მცირე გაბარიტებიანი შენობა უკვე დაწყებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობებს არც ეზო ექნება, არც პარკინგი და არც გამწვანება.

ეს ნახევრად შემოღობილი ადგილი შპს „გრინ ველს“ დაუკავებია, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაუწყიათ, ჩამოსხმულია ხიმინჯები, თუმცა ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია. გამოკრული ბანერის მიხედვით, აქ კომპანია სასტუმრო კომპლექსის „თვინ თაუერის“ მშენებლობას გეგმავს. ამავე ბანერის მიხედვით პროექტი ზღვის პირას სამ მაღლივ შენობას აერთიანებს.

ამ სახლებიდან, რომლებსაც ზაფხულობით დამსვენებელი ინტენსიურად აკითხავს, მალე ზღვა აღარ გამოჩნდება, მათ ხედს მალე შპს „ტმის“ მიერ აშენებული თორმეტსართულიანი შენობა დაფარავს

ამ დროისთვის ზღვის სანაპიროდან სახლები ასე მოსჩანს

გონიოსა და კვარიათშიც, როგორც ბათუმში, მშენებლობები უმეტესად სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს: არ არსებობს დამცავი ჯებირები და კარკასები ე.წ. შესაფუთი ბადეებით არ არის შეფუთული.

ადგილობრივებს მშენებლობებისა და პლაჟზე სამშენებლო ტექნიკის გადაადგილების გარდა აქ, საკურორტო სეზონის წინ მოუწესრიგებელი ზღვის სანაპიროც აწუხებთ.

აქ ბუნგალო „ტორნადოს“ აშენებენ, ნებართვით თუ უნებართვოდ, ჯერ ვერ გავარკვიეთ

რატომ შენდება სახლები სახლების წინ, ეზოსა და პარკინგის გარეშე, რატომ არ ითვალისწინებს მერია ნებართვების გაცემისას ქუჩის განაშენიანების სიმწყობრეს და არსებობს თუ არა რაიმე კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ბათუმთან ახლოს გონიოსა და კვარიათის საკურორტო ზოლი შენდება?

ამ კითხვებზე ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა უპასუხა, რომ ამ დრომდე მერიას გონიოს განაშენიანების გეგმა არ ჰქონდა, მშენებლობის ნებართვები კანონმდებლობის დაცვით გაიცემოდა, თუმცა ქაოტურად, რის გამოც გვაქვს ისეთი სურათი სანაპირო ზოლში, როგორზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ამიტომაც, ახალმა მერმა აქ მშენებლობებზე ნებართვების გაცემა შეაჩერა და უახლოეს პერიოდში ამ ზოლის განაშენიანების გეგმის მომზადებაზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას აპირებენ.

მირიან მეტრეველის თქმით, 2018 წელს გონიოსა და კვარიათის ზოლში მშენებლობის ნებართვა მერიას არ გაუცია, თუმცა ასეთი ნებართვა „ბათუმელებმა“ მოიპოვა:

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: