ვის შეუძლია ბათუმში „იაფი სახლის“ ყიდვა – მერიამ კრიტერიუმები წარმოადგინა

დღეს, 25 მაისს, ბათუმის მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“, ე.წ. „იაფი სახლის“ კრიტერიუმები წარმოადგინა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე ითქვა, რომ მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინის შესყიდვა შეეძლებათ პირებს:

  • ვისი ოჯახის მინიმუმ ერთი წევრი მაინც არის რეგისტრირებული ბათუმში;
  • ერთსულიანი ოჯახებისთვის თვეში შემოსავლების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები დადგენილია დაახლოებით 400-1200 ლარის ფარგლებში;
  • ორსულიანი ოჯახებისთვის – 400-1800 ლარის, ხოლო სამსულიანი ოჯახებისთვის – 600-2400 ლარის ფარგლებში;
  • ოთხი და მეტსულიანი ოჯახისთვის სტაბილური შემოსავალი თვეში 800-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს;
  • ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური სამსახური;
  • ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა, კომერციული ფართობი (10 კვადრატულ მეტრზე მეტი);
  • ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის” ყოველთვიური შენატანის მინიმუმ ორმაგ ოდენობას.

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ეს არ არის პროგრამა, რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველებზე და მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს საზოგადოების ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ საშუალო ფენად, რომ შეეძლოს საკუთარი ძალისხმევის საფუძველზე, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საცხოვრებლის შეძენა.

კრიტერიუმების განხილვის დროს საუბარი იყო იმაზე, რომ აღნიშნულ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ ის პირები, ვისაც საბანკო დავალიანებები აქვთ, რამაც კამათი გამოიწვია.

შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული სტატუსი. მაგალითად – მრავალშვილიანი, ოჯახში ჰყავს ომის ვეტერანი, შშმ პირი და ა.შ.

ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც მერია აშენებს, მხოლოდ პირველი სართულია ადაპტირებული, შენობაში არ არის ლიფტი.  შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ ეს ფაქტი არღვევს შშმ პირების უფლებას, თავად აირჩიონ, რომელ სართულზე სურთ ბინის შეძენა.

შეხვედრას ესწრებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ოთხსართულზე მაღალ შენობაში აუცილებლად უნდა იყოს ლიფტი, მერია კი „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ ტექნიკურ რეგლმანეტს არღვევს.

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ამ შენიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოხდება ამ რეგლამენტის შესწავლა და პროექტი გადაიხედება.

კრიტერიუმებთან დაკავშირებით იყო კითხვები, ითვლებოდა თუ არა სტაბილურ შემოსავლად უცხოეთიდან მიღებული დახმარება, ან აქვს თუ არა მოქალაქის ასაკს მნიშვნელობა ბინის შეძენისას.

ამონარიდი კვლევის შედეგებიდან

დოკუმენტი, როგორც ბათუმის მერმა განაცხადა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ მომზადდა და მოწონებული იქნა მერიის შესაბამისი კომისიის მიერ.

დეტალური ინფორმაცია „ხელმისაწვდომ საცხოვრისზე“ იხილეთ ბმულზე. 

საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ჯავახიშვილის 78 ნომერში უნდა აშენდეს. 2019 წლისთვის დაგეგმილია ორი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მტმ-ი“ ასრულებს.

ბათუმის მერის ინფორმაციით, ბინის მიღების მსურველთა 1000-ზე მეტი განცხადებაა შესული მერიაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com