მთავარი,სიახლეები

რეგულირების სააგენტომ ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმის ადგილზე შესწავლა დაასრულა

25.05.2018 • 3533
რეგულირების სააგენტომ ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმის ადგილზე შესწავლა დაასრულა

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაასრულა ბათუმის მედცენტრში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის, ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების შესწავლა. როგორც „ბათუმელებს“ სააგენტოში უთხრეს, მასალა ამჟამად სარეცენზიოდ მზადდება და მას დარგობრივ ასოციაციებში სპეციალისტები შეაფასებენ.

რა დრო დასჭირდება უკვე მომზადებული მასალის შესწავლას და დასკვნის მომზადებას, ჯერჯერობით უცნობია.

ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლას სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა, თუმცა დასკვნას საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ მიიღებს, რადგან პაციენტის პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ მის კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება ეცნობოს. სააგენტოში გვითხრეს, რომ მომზადებული დასკვნა ამ შემთხვევაში ოჯახს გადაეგზავნება.

26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. ზუკა ფაღავას ოჯახის წევრები და კოლეგები მიიჩნევენ, რომ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, არაკვალიფიციური მკურნალობა იყო.

ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: