ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 17 სახეობის ვარდი გამოიფინება

ხვალ, 26 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდების გამოფენა გაიმართება.

ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გამოფენაზე ნახოს სურნელოვანი ვარდის 17 სახეობა და 145 კულტურული ფორმა ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში (ზედა პარკი, მუდმივმოყვავილე სკვერთან).

განსაკუთრებული დეკორატიული ღირებულებებით გამოირჩევიან ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, მინიატურული, ხვიარა და ფლორიბუნდას ტიპის ვარდები.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარდების გამოფენაზე უახლოესი შესასვლელია უღელტეხილისა და მწვანე კონცხის მხრიდან. 26 მაისს ბოტანიკურ ბაღში ვარდების გამოფენაზე შესვლა უფასო იქნება.

გამოფენაზე ვარდის ნერგები არ გაიყიდება.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდების საკოლექციო ნაკვეთი 1959 წელს შეიქმნა.  წლის ნებისმიერ დროს ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე მნახველი იხილავს მოყვავილე ვარდებს, თუმცა ყვავილობის პიკი, როცა ყველა ფერთა გამა ერთადაა წარმოდგენილი, მაისიდან სექტემბრამდეა.

ვარდების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ვარდების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ვარდების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com