მთავარი,სიახლეები

„ცაში გამოკიდებულები“ – ორი დამქირავებელი მუშებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავებს [ვიდეო]

24.05.2018 • 3310
„ცაში გამოკიდებულები“ – ორი დამქირავებელი მუშებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავებს [ვიდეო]

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #5-ში, მიმდინარე მშენებლობის ვიდეო და ფოტოკადრები, სადაც ჩანს, რომ მშენებლობა ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობისა და ე.წ. შესაფუთი ბადის გარეშე მიმდინარეობს, მოქალაქემ გამოგვიგზავნა. კადრებში ჩანს, რომ ადამიანები 24-სართულიან კარკასზე დამცავი საშუალებისა და ჩაფხუტების გარეშე იმყოფებიან.

„დააკვირდით ადამიანებს, ცაში არიან გამოკიდებული“, – მოგვწერა ვიდეოს ავტორმა.

მშენებლობას ტბელ აბუსერიძის #5-ში შპს „ლამინი ჯგუფი“ აწარმოებს „DS გრუპის“ დაკვეთით. დამკვეთ კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობის პროცესზე პასუხისმგებელია მშენებელი და არა დამკვეთი.

მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ამ მშენებლობაზე გასულ წელს სამი მუშა დაშავდა, მშენებელი გაფრთხილებაზე ისევ არ რეაგირებს და საქმიანობას ნორმების დარღვევით აგრძელებს.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალური მითითება მისცეს 2016 წლის 21 ნოემბერს, 2017 წლის იანვარში კი, დააჯარიმეს და სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს. შემდეგ ისევ დააჯარიმეს, რადგან კომპანიამ სამუშაოები არ შეაჩერა, 2017 წლის აპრილში კომპანიას ჯარიმა გაუსამმაგეს და საქმე აღსრულებას გადასცეს.

მიუხედავად ამისა, „ლამინი ჯგუფი“ სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს უსაფრთხოების წესების სრული უგულებელყოფით.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჯარიმა 500 ლარია, შეუსრულებლობა კი  – 1000 ლარი. ამას ემატება გასამმაგებული ჯარიმა უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო – 1500 ლარი. გარდა ამისა, ეს კომპანია დაჯარიმებულია პროექტის დარღვევისთვის, რისთვისაც ასევე 1000 ლარია ჯარიმა“, – განმარტა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის მშენებლობაზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

მშენებლობის დამკვეთის „დს გრუპის“ იურისტის თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომპანიამ სასამართლოში იმიტომ გაასაჩივრა, რომ მშენებლობას სხვა კომპანია აწარმოებს და პასუხისმგებელიც ის არის. ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ მერიასთან პასუხისმგებელია ის, ვისაც აქვს მშენებლობის ნებართვა აქვს.

ამ მშენებლობაზე 2016 წლის ივლისში სამი მუშა დაშავდა. თვითმხილველმა მაშინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მუშები მეორე სართულზე ქარგილის, ე.წ. “აპალოვკის” დასხმის დროს დაშავდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების შეფასებით, ორი მათგანის მდგომარეობა გადაყვანისას მძიმე იყო.

ამ ფაქტზე დაიწყო მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ამ ფაქტზე ჯერ არავინ დასჯილა და არც კომპანიას შეშლია ხელი – ისევ უსაფრთხოების წესების დარღვევით იმუშაოს.

საქართველოს მთავრობის ახალი 41-ე დადგენილება მშენებელს ავალდებულებს მაღალ სართულებზე მუშაობისას მოაწყოს სპეციალური დამცავი ჯებირი, მუშებს უნდა ეხუროთ ჩაფხუტი. გარდა ამისა, შენობა სპეციალური ბადით უნდა იყოს შეფუთული.

„ლამინი ჯგუფთან“ დაკავშირება „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე სცადა, მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდა პირი, რომელმაც გვითხრა, რომ კომპანიის წარმომადგენელია, მაგრამ სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა.

კითხვაზე დაცულია თუ არა მშენებლობის უსაფრთხოების წესები ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის #5-ში მიმდინარე მშენებლობაზე, გვიპასუხა: „მე მგონი დაცულია“. არის თუ არა დამცავი ჯებირები და ბადე, რასაც კანონმდებლობა ითხოვს? – „მე მგონი არის.“ შემდეგ მან გვთხოვა დრო: „დავაზუსტებ და გეტყვით“. მერე ტელეფონს აღარ უპასუხა.

 

მთავარი ფოტო: მშენებლობა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #5-ში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: