მთავარი,რეკლამა,სიახლეები

გერმანელი მოსწავლეების მორიგი ვიზიტი სკოლა ევრო-2000-ში

24.05.2018 • 2396
გერმანელი მოსწავლეების მორიგი ვიზიტი სკოლა ევრო-2000-ში

სკოლა ევრო-2000-ში, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, უამრავი სასწავლო-შემოქმედებითი თუ კულტურული ღონისძიება იმართება, რაც ჩვენი სკოლის ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ამ აქტივობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გაცვლითი პროგრამა გერმანულ პარტნიორ სკოლასთან.

გერმანიის ქალაქ ელმსჰორნში სექტემბერში (11.09-20.09.2018) ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვიზიტის შემდეგ, მაისში გერმანული მხარის ჯერიც დადგა. 16 გერმანელ მოსწავლესა და ორ მასწავლებელს მასპინძლობდა ჩვენი სკოლა 11-18 მაისს. რა თქმა უნდა, ეს ერთი კვირა წინასწარ გაწერილი პროგრამის მიხედვით წარიმართა, რომელიც გაჯერებული იყო სხვადასხვა შინაარსის ერთობლივი აქტივობით. თითოეული აქტივობის მიზანი იყო პარტნიორი სკოლების მოსწავლეთა ურთიერთობების გამყარება და ქართულ-გერმანული კულტურების შერწყმა. ამ პროცესს ხელი შეუწყო არამხოლოდ სკოლაში გამართულმა ღონისძიებებმა, არამედ ასევე მასპინძელ ოჯახებში გატარებულმა დრომ, სადაც გერმანელი მოსწავლეები ტიპიურ ქართულ  ყოფით ცხოვრებას ეზიარენ.

პირველი დღე გერმანელი სტუმრებისთვის სკოლაში დაიწყო სკოლის დირექციის ოფიციალური მისალმებით, რომელიც ასევე მოიცავდა ლექციას თემაზე „საქართველო და სკოლა ევრო-2000“. გერმანელმა მოსწავლეებმა ქართული განათლების სისტემა გაიცნეს გაკვეთილებზე დასწრებით და ასევე მათი საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობით, კერძოდ, მათ ჩვენი სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარეს გაკვეთილები და გააცნეს სხვადასხვა გერმანული თამაშები. სკოლის ერთი დღე დაეთმო ერთობლივ პროექტზე მუშაობას, რომლის მიზანი იყო ინტერნეტვერბგვერდის შექმნა გაცვლით პროგრმაზე.

ვერბგვერდზე მოსწავლეები გამოაქვეყნებენ ტექსტებს და ატვირთავენ ფოტოებს, რომელთა ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. სასწავლო პროცესის გარდა პროგრამა უხვად მოიცავდა არასასკოლო აქტივობებსაც. ყოველი დღე დატვირთული იყო საინტერესო ღონისძიებებით: ქალაქში გასვლები, ექსკურსიები, მუზეუმები, სპორტული შეჯიბრებები და კულტურული პროგრამები. ჩვენი ქალაქის გაცნობა გერმანელემა სტუმრებმა  ჩვენივე სკოლის მერვეკლასელების დახმარებით  მოახერხეს. მათ კარგად მოირგეს გიდების როლი და ქალაქის მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებზე სტუმრებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს.

გერმანელი სტუმრები მოიხიბლნენ ჩვენი სკოლის მიერ ოჯახის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებით, სადაც ევრო-2000-ის  მოსწავლეებმა კლასების მიხედვით წარადგინეს ქართული სიმღერები და ცეკვები.

მართალია, დროის სიმცირის გამო საქართველოს მონახულება წარმოუდგენელი იყო, მაგრამ შეკვეთილში მდებარე საქართველოს მინიატურების პარკის მონახულებით გერმანელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თვალწინ გადაეშალათ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლები. აქვე მათ იხილეს ტყეში მოწყობილი მუსიკალური პარკი, რომელიც ერთდროულად იძლევა დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას. ჩვენი კუთხის გაცნობის საშუალება კი, სტუმრებს ქემალ თურმანიძის მუზეუმმა მისცა. ასევე გულგრილი არ დაუტოვებია  გონიოს ციხე-სიმაგრისა და საქართველო-თურქეთის გამყოფი საზღვრის ხილვას. ზღვის უმშვენიერესი ხედებითა და მცენარეთა მრავალფეროვნებით დატკბნენ ჩვენი სტუმრები ბოტანიკური ბაღის მონახულებით. ყოველი დღე მთავრდებოდა ქართული სამზარეულოს დაგემოვნებითა და ღამის ბათუმის ხილვით.

დატვირთული ერთი კვირა დააგვირგვინა ქართულ-გერმანულმა საღამომ, სადაც მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებულნი იყვნენ გერმანელი და ქართველი მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების მიერ შესრულებული ნომრებით. მათ იმღერეს გერმანულ და ქართულ ენებზე და შეასრულეს ქართული ეროვნული ცეკვები.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ  გაცვლითი პროგრამის მიზანი მიღწეულია. ქართულ-გერმანულმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მსგავსი ტიპის გაცვლითი პროგრამები არა მხოლოდ ენის ცოდნის გაღრმავებას და ახალი კულტურების გაცნობას უწყობს ხელს, არამედ ისეთ სოციალურ კომპეტენციებს აყალიბებს, როგორიცაა ტოლერანტობა, გუნდურობის პრინციპი, თანამშრომლობა და ურთიერთდაფასება.

თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ სკოლა ევრო-2000 -ის მთავარ სლოგანს: „სწავლა ხალისით გზა ევროპისაკენ“, სწორედ ეს გაცვლითი პროგრამა ამის ერთ-ერთი დასტურია.

შთაბეჭდილებები:

ჩვენს სკოლას უკვე მერამდენე წელია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩვენი გერმანელი მეგობრები სტუმრობენ. ჯერ კიდევ პატარაობიდან დიდ აღტაცებას იწვევდა მათი ჩვენ სკოლაში ვიზიტი და მოუთმენლად ველოდი, როდის დადგებოდა ჩემი დრო და როდის ჩავერთვებოდი მეც ამ პროგრამაში. რამდენიმე დღის წინ ეს ჩემი პატარა ნატვრა ახდა და კიდევ ერთხელ შევხვდი ჩემს გერმანელ მეგობრებს, მაგრამ ახლა უკვე ჩემს სამშობლოში, საქართველოში. ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დამაახლოვა და უფრო ახლოს გამაცნო გერმანული კულტურა, განმივითარა ენობრივი შესაძლებლობები, დამიტოვა უამრავი ტკბილი მოგონება და რაც მთავარია, მეგობრები.

[highlight color=”red”]მარიამ ვადაჭკორია, X ბკლასი[/highlight]

გაცვლითი პროგრამით გერმანელი სტუმრების ჩამოსვლა ჩვენს სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა. პროგრამით გათვლილი ექსკურსიები საქართველოს კულტურისა და ტრადიციების გაცნობაში დაეხმარათ. დააგემოვნეს ქართული სამზარეულო და რა თქმა უნდა, გაოცებულნი დარჩნენ. ერთობლივი ძალით შევძელით ქართულ-გერმანული კულტურის შერწყმა. პროგრამის დასასრულს, გამოსამშვიდობებელ საღამოზე, გერმანელმა სტუმრებმა ქართული ცეკვა და სიმღერა შემოგვთავაზეს.
ჩვენი პროექტი წარმატებით განხორციელდა, ამის მაგალითია სტუმრების კმაყოფილი და აცრემლებული სახეები. მათ ემოციებით აღვსილებმა დატოვეს ჩვენი ბათუმი.

[highlight color=”red”]ლიზი აბუსელიძე, IX ბ კლასი[/highlight]

მას შემდეგ, რაც სკოლა ევრო 2000-ის  საშუალებით დაუვიწყარი 10 დღე გერმანიაში თანაკლასელებთან და გაცვლით პროგრამის ბავშვებთან ერთად გავატარე, მქონდა საშუალება ქართული სტუმართმოყვარეობა მეჩვენებინა მათთვის, ვისთვისაც ეს ყველაფერი უცხო და რადიკალურია. შესანიშნავი გარემო და დაუვიწყარი წუთები. ყველა ვცდილობით დროის მაქსიმალური რაოდენობა ერთად გაგვეტარებინა და რაც შეიძლებოდა კარგად. რთულია, იმ ყველა გრძნობის ასე გადმოცემა, რადგან აღწერითაც ვერ აღვწერ რაოდენ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. განშორების წუთები ძალიან მერთულა. ადამიანებს, რომლებსაც ასე მიეჩვიე და გული გადავუშალე, ასე უცებ, 1 კვირის შემდეგ უნდა დავმშვიდობებოდი. აუცილებლად ვაპირებ გერმანიაში ისევ სწორედ ამ ბავშვებთან წასვლას და უდიდესი სიხალურით ვუმასპინძლებდი თითოეულს ისევ ჩემს პატარა ქვეყანაში. უღრმესი მადლობა სკოლა ევრო-2000 -ს და გერმანულ კათედრას. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ყოველთვის უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს საოცარ თავგადასავალს ჰგავს და უამრავ გამოცდილებას უგროვებს ახალგაზრდას.

[highlight color=”red”]მარიამ მიქელაძე, X ბკლასი[/highlight]

ძალიან კარგი, სიახლეებით სავსე და სასიამოვნო გამოცდილება იყო ეს ერთი კვირა ჩემს ცხოვრებაში. საბოლოოდ, გამიქრა ბევრი სტერეოტიპი და ცრურწმენა. დამღლელი, მაგრამ თავგადასავლებით და ხალისით სავსე 7 დღე, რომელიც ძალიან მკაფიოდ დარჩება ჩემს მოგონებებში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ასე კარგად და ახლოს გავეცნო უცხო ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. თუმცა უნდა ვაღიარო,   რომ გერმანელ თანატოლებთან ურთიერთობამ, რომლებიც დღეს ჩემი ახლო მეგობრები არიან, განსაკუთრებული გრძნობები და ემოციები აღძრა ჩემში.

[highlight color=”red”]გიორგი ხალვაში, IX ა კლასი[/highlight]

ბავშვობიდან ვოცნებობდი გერმანიაში წასვლაზე. წინა წელს ჩემი ოცნება ასრულდა. მე ჩავედი გერმანიაში და გავეცანი მათ კულტურას და ცხოვრების წესს. მაისში კი გერმანელები ჩამოვიდნენ ჩვენთან. მოუთმენლად ველოდებოდი მათ ჩამოსვლას. როდესაც ჩამოვიდა გოგო, რომელიც ჩემთან უნდა დარჩენილიყო, პირველ რიგში, მას  გავაცანი ჩემი ოჯახი. ამის შემდეგ მთელმა ჯგუფმა დავათვალიერეთ ბათუმი და მისი შემოგარენი, რითიც აღფრთოვანებულნი დარჩნენ სტუმრები. ისინი ასევე ესწრებოდნენ სკოლაში გაკვეთილებს, იღებდნენ მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში. მოვაწყვეთ მათთვის კონცერტი. ყველაზე ნაკლებად წასვლის დღეს ველოდებოდით, არ გვინდოდა ერთმანეთთან დაშორება, ყველა კმაყოფილი დარჩა.

[highlight color=”red”]მარია ჩუნაკოვა, 10 დ კლასი[/highlight]

ჩემთვის გერმანელი სტუმრების ჩამოსვლა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება იყო. პირველ რიგში, მომეცა საშუალება გამეუმჯობესებინა გერმანულის ცოდნა და უკეთ გამეცნო სტუმრები. კიდევ ერთი კვირის ერთად გატარების შემდეგ ერთმანეთს დავუახლოვდით და ახლა კონტაქტს აღარ ვწყვეტთ. ახალი მეგობრების გაჩენის გარდა ძალიან სასიამოვნო იყო იმის ნახვა, თუ როგორ ეცნობოდნენ უცხოელები საქართველოს და როგორ მოსწონდათ ჩვენი სამშობლო.

[highlight color=”red”]კობა ბერიძე, X ა კლასი[/highlight]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: