„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – მხარეთა არგუმენტები სასამართლოში

„ეს ვიდეოკამერა ნათია კაპანაძეს ან ვინმეს კი არ ეკუთვნის, ვინც ტელევიზიაში მუშაობს, არამედ ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება. ამიტომაც უჭირს ქართველ ხალხს სახელმწიფოს აშენება, რომ არსებობს დამოკიდებულება: რა უჭირს, სახელმწიფო ქონებაა და გამოვიყენებ, გადავიღებ ქორწილს, რა მოხდა მერე…“ – აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნათია წკეპლაძემ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესებს იცავს.

ამ ტელევიზიის და კონკრეტულად, მისი დირექტორის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომელი – ირაკლი ბარამიძე დავობს. ის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მაუწყებლობას ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერა ქორწილში აღმოჩნდა.

ეს შემთხვევა გასული წლის 25 თებერვალს მოხდა. არასამუშაო დღეს ირაკლი ბარამიძემ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს – მინდია მალაყმაძეს, რომელიც იმ დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ქორწილს იღებდა, ტელევიზიის ვიდეოკამერა გაატანა და ბოტანიკურ ბაღში  ე.წ. სატელევიზიო არტის გადაღება დაავალა.

„ირაკლი ბარამიძეს არ ჰქონდა უფლებამოსილება, საინფორმაციო სამსახურის ოპერატორისთვის მიეცა კამერის გატანის ნებართვა. თანაც, არტის გადაღება ირაკლი ბარამიძის სამსახურის საქმე არ იყო,“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესების დამცველმა, ნინო უტიაშვილმა. მან ასევე განმარტა, რომ ვიდეოარტის გადაღების საჭიროება ტელევიზიას იმ დროისთვის არც ჰქონია.

„მე ვერ ვხედავდი პრობლემას, რადგან ვქმნიდი პროდუქტს ამ ტელევიზიაში 24 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში არც ერთი გადაცდომა არ მქონია… ნათია კაპანაძემ პირადი დაპირისპირების გამო გამათავისუფლა,“ – მიმართა მოსამართლეს ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ირაკლი ბარამიძემ.

„ვერ ვხედავ პრობლემას – ეს ფრაზა უკვე მეტყველებს დამოკიდებულებაზე და კიდევ ბევრ რამეზე,“ – უთხრა ირაკლი ბარამიძეს ტელევიზიის ინტერესების დამცველმა ნათია წკეპლაძემ: – „მე რომ ახლა სასამართლოს მიკროფონი ავიღო და წავიღო აქედან, ხომ ატყდება ამბავი? უფლებამოსილება განსაზღვრულია ნორმატიულ დოკუმენტაციაში და ეს ყველაფერი გაწერილი აქვს ტელევიზიას. მე რომ ახლა ვთქვა, ბულვარში ავტომანქანები შემოვიდნენ, გაძლევთ უფლებას-მეთქი, მართლა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამის უფლება მაქვს? ნათია კაპანაძეს აბარია ქართველი ხალხის ქონება და ის ვალდებული იყო, მიეღო ეს გადაწყვეტილება. ის ვერ იქნება ჯიგარი გოგო, როგორც ეს არის მიღებული. ამ სასამართლოში მოსამართლე ფიგურაა, მაგრამ რომელიმე მათგანს კი არ აქვს ამ შენობიდან თუნდაც მიკროფონის გატანის უფლება. ქონების გატანას შესაბამისი კომპეტენციის პირის ნებართვა სჭირდება.“

„ირაკლი ადრეც ამზადებდა ასეთ არტებს,“ – მიმართა მოსამართლეს სოსო სტურუამ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა. იგი სასამართლოში ირაკლი ბარამიძის ინტერესებს იცავს. სოსო სტურუა ამ თანამდებობაზე სწორედ ნათია კაპანაძემ შეცვალა.

„არტისთვის კადრები 25 თებერვალს არ გადაუღია ოპერატორს. ამის შესახებ ირაკლი ბარამიძეს არავისთვის უცნობებია,“ – აღნიშნა გია ქარცივაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესების დამცველმა.

ირაკლი ბარამიძის ინტერესების დამცველი, სულხან ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ვიდეოკამერის ტელევიზიიდან გატანის კონკრეტული წესი არ არსებობს და ირაკლი ბარამიძე „აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად მოქმედებდა.“ ადვოკატმა ასევე თქვა, რომ მტკიცებულებებით არ დასტურდება ის, რომ ტელევიზიიდან გატანილი კამერით გადაიღო ოპერატორმა მინდია მალაყმაძემ ქორწილი.

„ირაკლი ბარამიძემ იცოდა, რომ ტელევიზიის ოპერატორი მიდიოდა პირად საქმეზე და სთხოვა, თან წაეღო ტელევიზიის კამერა იმისთვის, რომ არტისთვის კადრები გადაეღო… კამერა დაბრუნდა ტელევიზიაში ყოველგვარი დაზიანების გარეშე,“ – აღნიშნა სულხან ფალავანდიშვილმა.

სულხან ფალავანდიშვილმა თავის გამოსვლაში ასევე გაუსვა ხაზი იმას, რომ შემთხვევის შემდეგ ტელევიზიის ოპერატორის დასჯის ნაცვლად, ირაკლი ბარამიძე დასაჯეს და იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„ეს არის ევროპული პრაქტიკა – მაღალი სანქცია მას, ვისაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს,“ – უპასუხა ადვოკატს ნათია წკეპლაძემ.

„აჭარის ტელევიზიის საქმეს“ მოსამართლე ირმა ტოგონიძე განიხილავს. შემდეგ სხდომაზე სასამართლო მოწმეებს მოუსმენს, რის შემდეგაც მხარეებს შორის პაექრობა შედგება.

ირაკლი ბარამიძე სამსახურში დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. გარდა ამისა, ნათია კაპანაძის მიერ მედიისთვის ამ თემაზე გაკეთებული კომენტარებზე პატივის და ღირსების შელახვის ფაქტის დადგენას.

ნათია წკეპლაძე: „ჯერ არ გამიგია მართლმსაჯულების პრაქტიკაში ასეთი რამ. საჯარო სამსახურის ხელმძღვანელმა შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და პრესამ დაუსვა შეკითხვები. საბჭოთა ჩინოვნიკივით უნდა დამალვოდა მედიას?“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი