„ ჩვენ მეტი გვჭირდება“ – შეხვედრა მოსწავლეებთან ხულოში

დისკუსიათა ციკლის „მედია და საზოგადოება“ მეცხრე შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში 6 მაისს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მათი მოსაზრებები და შეხედულებები გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტმა, მაგდა მარუაშვილმა და ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ კორესპოდენტმა, ეკა ბარამიძემ მოისმინეს.

მაგდა მარუაშვილი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. სამწუხაროდ, არც თუ ისე ხშირად გვეძლევა საშუალება, რომ ასე პირისპირ მოვისმინოთ ახალგაზრდების მოსაზრებები მაღალმთიან რეგიონში. ბათუმის მასშტაბით როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, მაგრამ მე პირადად ხულოში ასეთი უშუალო კონტაქტი ჯერ არ მქონია, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვართ.

„ჰეშთეგი“ არის სოციალური გადაცემა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა მიმართულებას ვეხებით. ყოველდღე თითო ჟურნალისტი მუშაობს თითო რუბრიკაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა თემას შევეხოთ. მე პირადად ლიტერატურის მიმართულებით ვმუშაობ, ვცდილობ, ვიპოვო ლიტერატურული კლუბები და გავიგო, რას ფიქრობენ ბავშვები არა მარტო წიგნების შესახებ, არამედ ზოგადად, ლიტერატურული პროცესების შესახებ. მაგალითად, რამდენად ისწავლება საზღვარგარეთის ლიტერატურა, ბიბლიოთეკები რამდენად ცდილობენ, რომ იყვნენ ლიტერატურის  შემგროვებლები და გამავრცელებლები, რამდენად ხშირია სკოლებში ახალგაზრდა შემოქმედებთან შეხვედრა. ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს გადაცემის თემის ინიციატორი. მაგალითად, თუკი სპორტული მოედანი არ არის თქვენთან, შეგიძლიათ მობილურით გახვიდეთ, გადაიღოთ ესა თუ ის პრობლემა და გამოგვიგზავნოთ.

შეხვედრა ხულოში

ეკა ბარამიძე, „ბათუმელების“ კორესპონდენტი: „ბათუმელები“ აშუქებს ნებისმიერ თემატიკას, ეს იქნება  ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი და ა.შ. ჩვენი თემატიკა შეუზღუდავია, თქვენც შეგიძლათ მოგვაწოდოთ თქვენი იდეები, ინფორმაცია, შეგიძლიათ იყოთ ავტორები, დაწეროთ მოსაზრებები და გამოგვიგზავნოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა, ჩვენ რომ მივიღოთ ინფორმაცია კონკრეტულად რომელიღაც სოფელში არსებული პრობლემის შესახებ, თქვენ გარეშე ამის გაგება რთულია, ამიტომაც უნდა ვიყოთ აქტიურები. მინდა, რომ ბევრ საკითხზე ისაუბროთ, გვითხრათ, რა პრობლემებია, როგორ გესახებათ ამ პრობლემების გადაჭრა.

ივერი შაინიძე, დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლე: ერთ-ერთი პრობლემა, რაც მე მაწუხებს, ესაა სამოქალაქო აქტივიზმის დეფიციტი. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი და  მოტივირებული ახალგაზრდა მყავდეს გვერდით. რაც უფრო მეტად დავინტერესდებით კონკრეტული პრობლემებით, რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, უკეთესი იქნება.

ტრენინგებზე დასწრების ინტერესი არის, მაგრამ სხვადასხვა პრობლემა იქმნება. მაგალითად, შაბათ-კვირას ყველას სამუშაო აქვს, შორს არის და ტრანსპორტიც პრობლემას წარმოადგენს, თორემ ინტერესი ყველას აქვს. სოფლებში ჩვენზე გაცილებით მეტად განათლებული ახალგაზრდები არიან, მაგრამ რატომღაც არ არიან სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულები.

მაგდა მარუაშვილი: სკოლამაც შეიძლება ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს. როცა ბავშვი ვერ ახერხებს ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებას, ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს ის, რომ თვითონ სკოლა იყოს აქტიური და ბავშვებს აღარ მოუხდეთ სხვაგან წასვლა. მაგალითად, რომ შეიქმნას თუნდაც სამოქალაქო კლუბები. ივერი, შენ როგორ ფიქრობ, ბავშვებს რომ ჰქონდეთ ამის სურვილი და ეს სურვილები გააცნონ დირექტორებს, რას გააკეთებს სკოლა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიქმნას?

ივერი შაინიძე: ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბი ძალიან აქტიურია, თითქმის ყოველ წელს ტრადიციად გვექცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, ჩვენი ხარჯებით ვაგროვებთ ტანსაცმელს, საკვებს და ვეხმარებით. ასევე, ვატარებთ არჩევნების მოდელირებას. დანარჩენ სოფლებში ზუსტად რა ხდება, არ ვიცი.

შეხვედრა ხულოში

ეკა ბარამიძე: ხშირად გვსმენია, რომ სოფლებში, როცა სკოლა იხსნება, ბიბლიოთეკებში მოძველებული ლიტერატურა მიაქვთ და ამბობენ, რომ ეს არის მაკულატურა. ვთქვათ, რომელიღაც ბიბლიოთეკამ ჩამოწერა წიგნები და შემდეგ სოფლებში მიაქვთ. ასეთი ფაქტი ხომ არ ყოფილა?

ლია ბოლქვაძე, ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი: მართალია, ჩვენ ახალი წიგნები ვერ შევიძინეთ, მაგრამ თბილისიდან გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, თანამედროვე, ლამაზად გაფორმებული წიგნებიც გვაქვს, მაგრამ ქუთაისის ბიბლიოთეკამ ორჯერ ჩამოიტანა წიგნები. კი, მართალია, ბავშვს ის „ვეფხისტყაოსანი“ თუ ილია ჭავჭავაძე უნდა რომ ახალი იყოს, მაგრამ სულ არარაობას ხომ სჯობს ცოტა ძველი წიგნები იყოს. წიგნი რაც უფრო ძველია და გაცვეთილია, მით უფრო მეტი ფასი აქვს, იმიტომ, რომ მას ბევრი მკითხველი ჰყავს. ჩვენთვის ესეც ძალიან დიდი დახმარებაა.

მაგდა მარუაშვილი: აქ ახლოს წიგნების მაღაზია არის?

ლია ბოლქვაძე: არ არის, თუმცა ვგეგმავთ, მოლაპარაკება მაქვს.

მაგდა მარუაშვილი: თქვენი აზრი მაინტერესებს, სკოლა რისთვის არსებობს, რას უნდა აძლევდეს ახალგაზრდებს და დღეს რას აძლევს?

ივერი შაინიძე, დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლე: ჩემი აზრით, დღევანდელ განათლების სისტემა მორგებულია, ასე ვთქვათ, მხოლოდ წარჩინებული მოსწავლეებზე. ყველა ხომ განსხვავებულები ვართ, ყველას ერთნაირი გაგების უნარი არა აქვს, შეიძლება ერთი მოსწავლე სამი წაკითხვით სწავლობს, მეორე კი თვალს გადაკრავს და უკვე იცის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ სკოლა არ აძლევს იმდენ  განათლებას, რამდესაც უნდა აძლევდეს. როცა მოსწავალე ამთავრებს სკოლას, აუცილებლად უნდა წავიდეს რეპეტიტორთან, იმიტომ, რომ საატესტატო გამოცდებს ჩააბარებს, მაგრამ ვერ ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს.

ირაკლი ზოიძე, დაბა ხულოს საჯარო სკოლის  მოსწავლე:  ჩვენ მეტი გვჭირდება. არ გვჭირდება მხოლოდ H2O, გვჭირდება დამტკიცება. მასწავლებლებს თუ რაიმეზე შევეკამათე, თვლიან, რომ უზრდელი ბავშვი ვარ და მათ ვეწინააღმდეგები.

ირა გელაძე, მოსწავლე: გაკვეთილზე თუ გაგიჩნდა ერთი კითხვა, მერე მეორე, მესამე, ამან შეიძლება პედაგოგის მხრიდან ის გამოიწვიოს, რომ „იცი რაა, შენ მგონი გაკვეთილის მოსმენა არ გინდა, დროის გაყვანას ცდილობ“. დრო აღარ რჩება, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხი მივიღოთ და ალბათ, ამის ბრალია, რომ იმ კითხვებზე პასუხებს ვერ ვიღებთ, რაც გვაინტერესებს.

ირაკლი ზოიძე, მოსწავლე: მასწავლებლის მთავარი პრობლემა არის ის, რომ გაკვეთილის ჩატარებას სავალდებულოს ხდიან. არ ეძებენ მრავალფეროვნებას.

ელისო ჯოყილაძე, ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლე:  ჩვენს სკოლაში მოსმენის პრობლემაა, მასწავლებლებთან და დირექტორთან დიალოგი საკმაოდ რთულია. იმიტომ,  რომ როცა მათთან დისკუსიაში შედიხარ, კი არ გვისმენენ, არამედ ამბობენ – „რა ტლიკინა ბავშვია“, მხოლოდ თქვენი უფლებები იცითო.

მაგდა მარუაშვილი: კომპიუტერები, პროექტორი თუ გაქვთ სკოლებში ან ინტერნეტი თუ მუშაობს?

ლია ბოლქვაძე: კომპიუტერებიც და ინტერნეტიც არის, მაგრამ მხოლოდ ინფორმატიკის საგნის გაკვეთილზე შედიან და მორჩა. აღჭურვილობა გვაქვს და როცა ბავშვებს დავალებებს აძლევენ, ინფორმაციის მოსაძიებლად აქ მოდიან. ან თვითონ წერენ, ან ჩვენ ვუბეჭდავთ.

ელისო ჯოყოლაძე:  ქედლების საჯარო სკოლაში ვსწავლობ და ორი კომპიუტერია გამართული, ინტერნეტიც ნაკლებად მოგვეწოდება. ბავშვები ინტერნეტში არაფერს არ იძიებენ, იქ არავინ არ ჩადის და თუ ჩავიდა, შეიძლება პრობლემა ის იყოს, რომ კომპიუტერი  დაკავებულია. სურვილიც აღარ მიჩნდება, რომ ჩავიდე და მოვიძიო. შარშან, მაგალითად, ისტორიაში გვქონდა მოსაძიებელი ინფორმაციები. ინტერნეტთან წვდომა ვისაც არ ჰქონდა, ვერ წერდნენ დავალებას.

ნატო გელაძე, მოსწავლე: ჩემს სკოლაში კომპიუტერები კი არის, მაგრამ  მხოლოდ მასწავლებლები იყენებენ. ხშირად გვაძლევენ დავალებებს, მაგრამ ზოგი ვერ ასრულებს, იმიტომ, რომ სოფელში ოჯახებში ინტერნეტი არ არის. ზოგს აქვს, ზოგს – არა. შემდეგ კი, მხოლოდ ის მოსწავლეები გამოირჩევიან, ვინც დავალება შეასრულა.

ანა ბოლქვაძე, ხულოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე: ერთ-ერთი უარყოფითი ის არის, რომ ჩვენს სკოლას არ აქვს პროექტორი. სკოლაში როცა გვინდა პრეზენტაციის გაკეთება, ბიბლიოთეკაში ჩამოვდივართ და აქედან ვთხოულობთ. ინტერნეტი კი ჩვეულებრივადაა, მასწავლებელიც და მოსწავლეც იძიებს ინფორმაციას.

_________________

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.