უადგილო და არაადაპტირებული მოსაცდელები ბათუმში – ერთი თვეა პრობლემა არ გვარდება

ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, კომპანია „ნოვას“ წინ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი, კომპანიის მოთხოვნით აიღეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მაშინ განაცხადეს, რომ აქ გაცილებით პატარა ზომის მოსაცდელს დადგამდნენ. დღემდე არ დაუდგამთ.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დღესაც არ იციან, როდის დაიდგმება მოსაცდელი ბაგრატიონის ქუჩაზე. „როცა მეორე ეტაპი დაიწყება მოსაცდელების დადგმის, მაშინ ჩაისმება ეს ადგილი. კერძო კომპანია [„ალმა“] დადგამს. ზუსტ დროს ვერ გეტყვით“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

ჭაობის დასახლებაში ავტობუსის მოსაცდელები ისედაც ცოტაა.

სამაგიეროდ, რამდენიმე თვის წინ, ახალ ბულვართან, კაჩინსკების ქუჩაზე ისეთ ადგილზე დაამონტაჟეს მოსაცდელი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს.  აქ ავტობუსის გასაჩერებელი ადგილი მოსაცდელიდან მოშორებით, სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითისთან“ არის გამოყოფილი.

გაჩერება სავაჭრო ცენტრთან და მოსაცდელი გზის გასწვრივ კაჩინსკების ქუჩაზე/ 22.05.2018

„ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ კომპანია „ალმას“ ეს კონსტრუქცია „დღეს-ხვალ უნდა აეღო“.

მოსაცდელებთან დაკავშირებული გაუგებრობები ბათუმში ამით არ სრულდება – წელს ქალაქში ახალი მოსაცდელები ისე განათავსეს, რომ ბევრ ადგილზე გადაიკეტა ტროტუარი, თავად კონსტრუქცია კი ნაცვლად ადაპტირებულისა, არაადაპტირებულია. კომპანიამ, რომელიც მოსაცდელებს ამონტაჟებს, კონსტრუქციების გადაკეთება და ტროტუარების გაფართოება უკვე დაიწყო. თუმცა ზოგ ადგილზე მოსაცდელი ამ დრომდე ისევ არაადაპტირებულია.

„ბათუმელები“ კომპანია „ალმას“ ვერ დაუკავშირდა.

ფიროსმანის ქუჩაზე მოსაცდელით გადაკეტილი ტროტუარი რამდენიმე დღის წინ „გახსნეს“. ეს მოსაცდელი კვლავ არაადაპტირებულია / 22.05.2018

ამავე თემაზე:

„ნოვაში“ აცხადებენ, რომ ავტობუსის მოსაცდელი ბათუმის მერიამ მათი მოთხოვნით აიღო

მერიამ მოსაცდელი ამჯერად იქ დაამონტაჟა, სადაც ავტობუსი არ ჩერდება

არაადაპტირებული მოსაცდელებით გადაკეტილი ტროტუარები – „ალმას“ განმარტება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com