თამარ კორძაია ქურდობის გაზრდილ მაჩვენებელზე: ხელისუფლება გზებს არ უკეტავს ქურდებს

ქურდობის მაჩვენებელი იზრდება, მცირდება – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით ქურდობის შემთხვევები 65 პროცენტით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, წელს აჭარაში, პირველ სამ თვეში, ქურდობის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.

რა უწყობს ხელს ქურდობის ფაქტების ზრდას და რა ჩანს ჩინოვნიკების კომენტარებიდან, როცა ისინი კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ? – „ბათუმელები“  „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, იურისტ თამარ კორძაიას ესაუბრა.

ქალბატონო თამარ, რისი მაჩვენებელია თქვენთვის ქურდობის გაზრდილი სტატისტიკა. 2017 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში 2775 ქურდობის შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 4596. 

საგანგაშოა ეს მაჩვენებელი. ფაქტია, რომ თბილისში განსაკუთრებით ე.წ. ჯიბის ქურდები ძალიან გააქტიურდნენ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პრევენციული ღონისძიებები. როცა პრევენციაზე ვსაუბრობ, არ მინდა, დღევანდელი ხელისუფლება ნულოვან ტოლერანტობაზე გადავიდეს წინა ხელისუფლების მსგავსად. ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ ვნახეთ, როგორ დამარცხდა მსგავსი პოლიტიკა.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართონ და არა ის, რომ ადამიანები დავიჭიროთ და ციხეში გავუშვათ. ფაქტია ის, რომ პრევენცია არ არსებობს, ხელისუფლება საშუალებას, ანუ გზებს ვერ უკეტავს კრიმინალს. წინა ხელისუფლების დროს რაც კარგი იყო, ნულოვანი ტოლერანტობისგან განსხვავებით, იყო ის, რომ გადაკეტეს, მაგალითად, მოპარული მობილური ტელეფონების გასაღების საშუალება. ქურდებმა დაკარგეს ინტერესი, რომ მოეპარათ ტელეფონი. ასევე გადაიკეტა გზა ავტომანქანების გასაღების. სინამდვილეში ნულოვანი ტოლერანტობა კი არ გახდა დანაშაულის აღმოფხვრის მიზეზი, არამედ პრევენციული ღონისძიებები…

ვფიქრობ, ხელისუფლებას სწორედ ეს პრევენციული ღონისძიებები აქვს გასაძლიერებელი და მხოლოდ სეზონურად ქვეითი პატრულის გამოყვანა, რომ ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული, არ არის საკმარისი.

ხელისუფლება არ ზღუდავს მათ [ქურდებს], ისინი თავისუფლად გრძნობენ თავს და ხედავენ საშუალებას, რომ შესაძლოა დანაშაული ჩაიდინონ. არ ვიტყვი იმას, რომ სასჯელი უნდა გამკაცრდეს, რომ შეეშინდეთ, არ მჯერა ამის, ამას არ მოაქვს პოზიტიური შედეგი. მე მჯერა, რომ ნორმალურ სახელმწიფოში პრევენცია არის საუკეთესო გზა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია სოციალური ფონიც.

რა ჩანს შინაგან საქმეთა მინისტრის საჯარო განცხადებებიდან, როცა იგი კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს? 

მახსოვს, ერთხელ ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა [ყოფილი მთავარი პროკურორი], მე ისეთი პროკურორი უნდა ვიყო, რომ 37 წელი დადგესო. შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ამას არ ამბობს. როცა ის ლაპარაკობს, გამართულად საუბრობს, მაგრამ მის უკან იგრძნობა სწორედ ეს ტენდენცია, მას უნდა, რომ დააბრუნოს პოლიციური რეჟიმი. მას შეუძლია ერთ დღეს მოატყუოს მომიტინგეები ბოდიშის მოხდით და მეორე დღეს თქვას, რომ 100 პროცენტით მართალი იყო პოლიცია და მადლობა გადაუხადოს პოლიციელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლები არ არის თანმიმდევრული.

შინაგან საქმეთა მინისტრი აქცენტს აკეთებს ადამიანის უფლებებზე. „ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული და ვერანაირი შედეგები და წარმატებები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება,“ – განცხადა გიორგი გახარიამ 18 მაისს, პარლამენტში გამოსვლის დროს. 

ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომლის უკან არ დგას გულწრფელი ზრახვები. მის უკან დგას სურვილი, რომ მეტი წესრიგი იყოს და თავისუფლება. თავისუფალი საზოგადოებისთვის კი ჯერ მეტი თავისუფლებაა და მერეა წესრიგი.

რადგან ხელისუფლების მხრიდან პოლიციურ რეჟიმის სურვილზე საუბრობთ, გაქვთ მოლოდინი, რომ რადიკალურ ზომებს მიიღებს ხელისუფლება კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად? 

ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდის მეორე ვადით, იწყებს კანონების გამკაცრებას. ყველა ინიციატივა, რომელიც ახლა შედის სისხლის სამართლის კოდექსში, მიმართულია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. ცვლილებები ეხება სასჯელის, კონტროლის გამკაცრებას, სრული აბსურდი ვნახეთ შემოქმედებით თავისუფლებასთან დაკავშირებით. ყველა ინიციატივა უფლებების დაცვას კი არ უწყობს ხელს, არამედ – კონტროლის გაძლიერებას. ეს უკვე ძალიან საგანგაშო ტენდენციაა, რომელსაც ხელისუფლება ავლენს.

შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს პოლიციის ნდობის აღდგენაზე. „ნდობის მაღალი ხარისხის გარეშე ეფექტიანი ბრძოლა კრიმინალთან ვერ იქნება შესაძლებელი,“ – ამბობს ის. 

ასეთი გამოსვლებით ის ვერ აღადგენს ნდობას ვერც პოლიციის და ვერც ხელისუფლების მიმართ, როცა მას არ აქვს პასუხი ზვიად რატიანის დაკავებაზე და იზიარებს იმ ვერსიებს, რაც გავრცელდა, როცა მას არ აქვს მკაფიო და ნათელი პასუხი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე, როცა ხისტად აწვება, რომ თვითონ იყო მართალი…

დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შემცირებულია. მაგალითად, თუკი გასულ წლის პირველ სამ თვეში სამართალდამცველებმა ქურდობის შემთხვევებიდან 41 პროცენტი გახსნეს, წელს ეს მაჩვენებელი 28-პროცენტამდე შემცირდა. შს მინისტრი საუბრობს გამოძიებაზე, რომელიც უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტზეა ორიენტირებული. 

არცერთ ადამიანს არ აინტერესებს, რა სტანდარტებს იყენებს პოლიცია. ადამიანებს უნდათ, რომ უფლებები იყოს დაცული და კრიმინალი იქნეს გამოძიებული. დეტალები მოქალაქეებს არ აინტერესებთ. მოქალაქეს აინტერესებს, რომ მის თავისუფალ სივრცეში არ შეიჭრას სახელმწიფო და თუ ის შეიჭრება, მისი უფლებები თვითონ სახელმწიფომ არ დაარღვიოს, როცა აკავებენ პირს, მიჰყავთ დაკითხვაზე და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, სახელმწიფომ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით უნდა გამოიძიოს ჩადენილი დანაშაული. თუ კრიმინალმა იმატა და გახსნის მაჩვენებელი ნაკლებია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაღალი სტანდარტით მუშაობს ხელისუფლება, ეს ნიშნავს, რომ არაეფექტიანია გამოძიება. ხელისუფლება ეფექტურია, როცა ის იცავს ადამიანის უფლებებს და პარალელურად შეუძლია უსაფრთხოების დაცვა.

მოლოდინი როგორი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

თუ გაიზრდება კრიმინალის მაჩვენებელი ისევ, ხელისუფლება დაუშვებს შეცდომას და მიიღებს რადიკალურ ზომებს. ეს იქნება ძალიან სამწუხარო, მაგრამ მგონია, რომ ეს ასე იქნება. მინდა, რომ პრევენციულ ღონისძიებებზე მეტი ძალისხმევა გაიღოს ხელისუფლებამ. სამართალდამცველებმა უნდა შეისწავლონ საერთაშორისო პრაქტიკა. უტოპიურ მიზნებს არ ვუსახავ ხელისუფლებას. საფრანგეთშიც როცა ჩადიხარ, გაფრთხილებენ, რომ მეტროში ფრთხილად უნდა იყო, რომ შესაძლოა კრიმინალის მსხვერპლი გახდე კონკრეტულ უბნებში, მაგრამ ყველა ხელისუფლება ცდილობს ახალი მეთოდების გამოყენებას იმისთვის, რომ კრიმინალი შეიზღუდოს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი