სიახლეები

ქართველი ქალები სახლის დალაგებაზე 438 დღეს ხარჯავენ, კაცები 28 დღეს – კვლევა

21.05.2018 • 2598
ქართველი ქალები სახლის დალაგებაზე 438 დღეს ხარჯავენ, კაცები 28 დღეს – კვლევა

კვლევის შესახებ ინფორმაციას „აიფიემ კვლევები“ აქვეყნებს. ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ საქართველოს მასშტაბით, 1000 ადამიანი გამოკითხა, რათა გაერკვია, რა დროს ხარჯავენ ადამიანები სახლის დასალაგებლად.

კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 95 პროცენტი ალაგებს სახლს კვირაში მინიმუმ ერთხელ, მაშინ, როცა ამ სიხშირით კაცების მხოლოდ 16% ალაგებს სახლს.

სახლის დალაგებაში ყველაზე მეტ დროს 45-54 ასაკობრივი კატეგორიის ქალები ხარჯავენ, ყველაზე მცირე დროს კი 35-44 წლის კაცები.  ყველაზე ნაკლებ დროს სახლის დალაგებაში 18-24 წლის ქალები ხარჯავენ.

„თუ ამ საქმიანობაზე დახარჯულ დროს მთელი ცხოვრების განმავლობაში დავითვლით, აღმოჩნდება, რომ ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 65 წლამდე ქალს სახლის დალაგებაზე, საშუალოდ, 1 წელი და 73 დღე აქვს დახარჯული, კაცს კი – მხოლოდ 28 დღე“ – აღნიშნულია „აიფიემ კვლევების“ ვებგვერდზე.

აქვე ვკითხულობთ, რომ „აიფიემ კვლევებს“ მსგავსი გამოკითხვა 2006 წელსაც აქვს ჩატარებული და სქესის მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ ამ აქტივობასთან მიმართებით გენდერულ როლებს ცვლილება პრაქტიკულად, არ განუცდიათ. კაცების მიერ სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო უმნიშვნელოდ არის გაზრდილი 45-54 წლის კაცებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: