მთავარი,სიახლეები

ბოტანიკური ბაღი მწვანე კონცხზე საბაგირო გზის დემონტაჟს იწყებს

21.05.2018 • 3959
ბოტანიკური ბაღი მწვანე კონცხზე საბაგირო გზის დემონტაჟს იწყებს

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მწვანე კონცხზე საჰაერო საბაგირო გზის ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟში 40 ათასამდე ლარს გადაიხდის. მომსახურებას ბოტანიკური ბაღი ტენდერით შეისყიდის. საბაგიროს დემონტაჟი მიმდინარე წლის 28 ივნისამდე უნდა დასრულდეს. მწვანე კონცხზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანია კი, ახალ საბაგირო გზას ააშენებს.

სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციების დემონტაჟის შედეგად მიღებული ყველა ლითონის [ჯართი] დასაწყობება, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საწყობში [დატვირთვისა და გადმოტვირთვის ხარჯის ჩათვლით], ხოლო არსებული სხვა ნარჩენები უნდა გაიტანოს ტერიტორიიდან.

დოკუმენტების მიხედვით, დემონტაჟის შედეგად მიღებული ლითონის [ჯართის] წონა 8816 კილოგრამი იქნება. საიდანაც ზღვით [ბარჟით] გასატანია 5216 კგ, ხოლო სახმელეთო გზით – 3140 კგ ლითონი. რაც შეეხება ბეტონს, ზღვით გასატანი იქნება 36,9 ტონა, ხოლო ხმელეთით – 73,5 ტონა. უშუალოდ ბაგირის სავარაუდო წონა არის 3200კგ. ბაგირზე დაკიდული სკამების სავარაუდო რაოდენობა კი – 45 ცალი.

სატენდერო დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ „ზღვის სანაპირო ზოლიდან მწვანე კონცხზე ასასვლელი საბაგირო გზის კონსტრუქციათა სისტემის [საბაგირო გზის ამძრავი რკინა-ბეტონის ნაგებობა და დგარები] არსებული მდგომარეობა სავალალოა. საბაგირო გზის მზიდი კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, ამორტიზებულია და აღდგენა, გამაგრება-გაძლიერებას არ ექვემდებარება, კონსტუქციების, მათი შემადგენელი ელემენტებისა და კვანძების უმეტესი ნაწილი ამორტიზებულია და სრული დემონტაჟი აუცილებლად მიგვაჩნია, არსებული მდგომარეობით მისი დატოვება საფრთხის შემცველია“.

საბაგიროს დემონტაჟისთვის თანხის გამოყოფას დაახლოებით ორი თვის წინ ბათუმის საკრებულოში კამათი მოჰყვა. მერია დემონტაჟისთვის 43 ათას ლარს ითხოვდა.

„როგორც იცით, იქ ინვესტორი აპირებს ახალი საბაგიროს მოწყობას. ძველი საბაგირო არის ქალაქის საკუთრება და მისი დემონტაჟი ჩვენ უნდა მოვახდინოთ,“ – აღნიშნა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ საკრებულოს  სხდომაზე 30 მარტს.

„რატომ უნდა დაფინანსდეს დემონტაჟი?  იმიტომ, რომ ივანიშვილს ტერიტორია გამოუთავისუფლოთ? იქნებ თვითონ იმ კომპანიამ მოახერხოს ძველი საბაგიროს დემონტაჟი,“ – განაცხადა მაშინ ლევან ანთაძემ, საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.

კამათის შემდეგ მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ, თქვა: „ბოლოსდაბოლოს ჩამოხსნილი საბაგირო, რომელსაც ჯართში ჩავაბარებთ, ის აანაზღაურებს მაგას“.

ბოტანიკური ბაღის, რომელიც მერიის ა[ა]იპ-ია, მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ჯართის საერთო წონა დაახლოებით 12 ტონა იქნება. თუ მერია მას ჯართად გაყიდის, დღეს არსებული ფასის [33 თეთრი 1 კგ ჯართი] მიხედვით, 3 965 ლარს აიღებს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/126485/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: