გამოცდებზე რეგისტრაციისას შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ

2018 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

თბილისში განცხადებები მიიღება მინდელის ქუჩაზე N9-ში, 10:00 სთ-დან  18:00 სთ-მდე, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს აპლიკანტის ან გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი [მინდობილობა].

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.

იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია, საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;

გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით [თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით] საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

ცენტრის ინფორმაციით, გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება იმ შემთხვევაში თუკი:

  • პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, ან 2018 წლის 15 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
  • თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის;
  • თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს;
  • თუ პედაგოგმა ან მასწავლებლობის მსურველმა არ გაიარა რეგისტრაცია დადგენილ ვადებში, ან 30 მარტის 18:00 საათამდე უარი განაცხადა კომპეტენციის დადასტურებაში/გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com