მთავარი,სიახლეები

როდისაა დასაშვები გვამზე მუშაობა – ცვლილება კანონში

21.05.2018 • 2043
როდისაა დასაშვები გვამზე მუშაობა – ცვლილება კანონში

გვამებზე სასწავლო და სამეცნიერო  მუშაობის კუთხით კანონმდებლობა შეიცვალა. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე აქვთ უფლება, უპატრონო გვამთან იმუშაონ, ასევე სხვა ქვეყანაში შეიძინონ გვამი და საქართველოში შემოიტანონ. აქამდე უმაღლეს სასწავლებლებს ამის უფლება არ ჰქონდათ. 

„უპატრონოობის დადგენიდან 1 თვის ვადაში გადაეცემა გვამი სასწავლო დაწესებულებას. სასწავლო წელი უკვე სრულდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენ შემოვიტანთ გვამს,“ – ამბობს ლეილა ახვლედიანი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. კანონის ამოქმედებამდე ამ სასწავლებელმა სხვა ქვეყანაში შეიძინა გვამი, თუმცა სარფის საბაჟოზე გვამის გადმოტანის უფლება არ მისცეს.

კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ შესული ცვლილებები 18 მაისს შევიდა ძალაში. კანონში შესული ცვლილების მიხედვით: „დასაშვებია, უპატრონო გვამი ან/და ამოუცნობი გვამი ან მისი ანატომიური სტრუქტურები სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოიყენონ იმ საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებმა, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებმა, თუ პირის სიკვდილის ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტურა სამედიცინო დაწესებულების მკურნალმა ექიმმა, პათოლოგანატომმა (კლინიკურმა პათოლოგმა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ან სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა და ამ ფაქტის დადგენიდან 1 თვის განმავლობაში გვამი მიჩნეულ იქნა უპატრონო გვამად, ან ამოუცნობ გვამად ამ კანონის შესაბამისად.“

კანონი ასევე განსაზღვრავს, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი გვამი უპატრონოდ შეფასდეს. უპატრონო გვამზე სტუდენტები ვერ იმუშავებენ, თუკი ადამიანი სიცოცხლეში დაწერს, რომ მას ამის სურვილი არ აქვს, ასევე, თუკი არსებობს ვარაუდი, რომ გვამის გადაცემა სასწავლო მიზნებისთვის ეწინააღმდეგება გარდაცვლილის რელიგიურ რწმენას ან ეთიკურ პრინციპებს.

თუ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი, მემკვიდრე ან მარჩენალი მოძიებულია, მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე, გვამის სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გარდაცვლილის ნათესავმა, კანონიერმა წარმომადგენელმა, ან მემკვიდრემ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.

გვამის საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებებისთვის  გადაცემის შემდეგ გვამის იდენტიფიცირების შემთხვევაში, გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრის სურვილის არსებობისას, გვამის სასწავლო კვლევის მიზნით გამოყენება წყდება და გვამი ამ პირს გადაეცემა. თუ გვამის აღნიშნული პირისთვის გადაცემის შემდეგ გამოძიების მიზნებისთვის საჭირო გახდა მისი დათვალიერება ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, საგამოძიებო ორგანოს აქვს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლება.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესბელებები ვალდებული არიან, გვამი მისი გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში მაინც შეინახონ. საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, გვამის სასწავლო, ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ მისი დაკრძალვა.

„იმ უპატრონო გვამთან ან ამოუცნობ გვამთან დაკავშირებით, რომელზედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებისთვის მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად,“- აღნიშნულია კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: