„ველმონდი“ – ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა განაახლა

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას ახალი სახელით – „ველმონდი“ -აგრძელებს. სასტუმრო უკვე იღებს სტუმრებს, თუმცა ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს სპაცენტრი.

„სასტუმრო მუშაობს, თუმცა არა სრული დატვირთვით. ერთგვარი სატესტო რეჟიმია და პარალელურად გრძელდება უსაფრთხოების ნორმებზე მუშაობა,“ – გვითხრა კომპანიის ერთ-ერთმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა.

სასტუმროს შენობაში უკვე მუშაობს კაზინო „ლეოგრანდიც“. კაზინოს სახელწოდება არ შეცვლილა.

სასტუმრო „ველმონდი“ ყოფილი „ლეოგრანდის“ ნაცვლად რამდენიმე დღეა არასრული დატვირთვით გაიხსნა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად გაჩენილ ხანძარში ბრალდებულების საქმის განხილვა დაიწყო. 16 მაისს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელსაც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი უძღვებოდა.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

ბრალდებულებს – ფ.ი.-სა და გ.მ.-ს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომაზე ორივე ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განაცხადა, რომ არც ერთ მხარეს არ წარმოუდგენია ახალი გარემოებები და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 29 მაისს ჩაინიშნა.

ამავე თემაზე:

სასტუმრო „ველმონდი“ და კაზინო „ლეოგრანდი“ ამ სეზონზე გაიხსნება

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com