მკვდარი თევზები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში

ბათუმში, ცენტრალური პარკის ტბის ზედაპირზე, თევზები ტივტივებენ. თევზების ნაწილი ტბის ნაპირთან ისე ახლოსაა, რომ ადამიანები პატარა ბადეებით ტბაში შეუსვლელად იჭერენ მათ.  თევზებით სავსე პარკები უჭირავთ უფროსებთან მყოფ ბავშვებსაც.

„ტბაში მკვდარ თევზებსაც ვხედავთ, როგორ ფიქრობთ, საშიში არ არის აქ დაჭერილი თევზი ჯანმრთელობისთვის?“ – ვკითხეთ მამაკაცს, რომელსაც თევზებით სავსე რამდენიმე პარკი ჰქონდა.

„რა ვიცი, ალბათ არა, “- გვითხრა მან,  ის. ის ამბობს, რომ „ალბათ თევზებს ჟანგბადი აკლიათ“ და ამიტომაც მოდიან ასე ახლოს ნაპირთან.

ცენტრალური პარკის ტბაში მკვდარი თევზები შეინიშნება, თუმცა ტბაში მაინც თევზაობენ
ფოტო: ლელა დუმბაძის

გასულ წელს ტბაში ციანობაქტერიები  გამრავლდა, რის გამოც ტბამ დაჭაობება დაიწყო. ტბაში აიკრძალა თევზჭერაც. მოგვიანებით ბათუმის მერიამ ტბაში აერაციის სისტემა დაამონტაჟა, რის შემდეგაც ტბაში ჟანგბადის შემცველობა დარეგულირდა. მერია მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ თევზჭერა აკრძალული იყო, თუმცა მოქალაქეები ტბაში მაინც თევზაობდნენ.

მკვდარი თევზი ტბის ზედაპირზე

მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტბაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისინი გარემოს დაცვის სამმართველოს დაუკავშირდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ტბასთან დაკავშირებით კვლევები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ტბას სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

„ტბას ჰქონდა ძალიან სერიოზული ტოქსიკური ალგოფლორა. თევზების საკითხი არ გამოგვიკვლევია, მაგრამ რადგან ტბა არის ტოქსიკური, შესაძლებელია თევზიც საკვებად უვარგისი იყოს,“ – გვითხრა არჩილ გუჩმანიძემ.

ის ამბობს, რომ თუკი მერია მათ ისევ მიმართავს კვლევის ჩასატარებლად, ტბის ეკოლოგიურ მდგომარეობას ხელახლა შეისწავლიან.

____________________________

ამავე თემაზე:

6 მაისის პარკში ტბა მომწამვლელი წყალმცენარეებით დაიფარა

ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა [ფოტო/ვიდეო]

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com