მიტოვებული უცხოელი ბავშვები საქართველოში

საქართველოში უცხოელი ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემის შემთხვევები იზრდება. როგორც სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის ათი არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ.

როგორც სოციალური მუშაკი გვეუბნება, არასრულწლოვანი ბავშვების მზრუნველობის გარეშე დატოვების სხვადასხვა მიზეზი არსებობს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.

არის შემთხვევები, როცა მშობლები საქართველოს გავლით თურქეთის რესპუბლიკაში გადადიან სამუშაოდ და ბავშვებს საქართველოში ძიძებთან ტოვებენ. „თუმცა შემდეგ მშობელი კონტაქტზე აღარ გამოდის ძიძასთან. თვეების განმავლობაში, როცა არ იხდიან თანხას, ძიძები მათ მოვლაზე უარს ამბობენ და ბავშვი უკვე სოციალური მომსახურების მეთვალყურეობის ქვეშ გადმოდის“, – გვეუბნება ნინო ცეცხლაძე.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, არის შემთხვევები, როცა ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ  რომელი ქვეყნიდან არის ბავშვი, რადგან ვერ ხერხდება მშობლის იდენტიფიცირება და მასთან კომუნიკაცია.

„არის შემთხვევები, როცა თურქეთიდან დეპორტაციის რისკია და დედა ვერ გადმოდის ამის გამო საზღვარზე, არის შემთხვევები, როცა დედას კანონთან პრობლემები აქვს და ბავშვი რჩება მზრუნველობის გარეშე. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მზარდია წლების მიხედვით“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე.

როგორც სოციალურმა მუშაკმა გვითხრა, პოლიცია და მიგრაციის სამსახური აქტიურად არიან ჩართული პროცესში და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ბავშვები რომელიმე ბიოლოგიურ მშობელთან დაბრუნდნენ.

არაოფიციალურ საუბრებში ასევე ამბობენ, რომ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება ის ბავშვი, ვინც ძიძასთან დატოვეს და მშობელმა ანაზღაურება არ გადაიხადა. ნინო ცეცხლაძე ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მას არ სმენია.

„ყველამ იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთ ფაქტს  აუცილებლად გადავცემ“, – გვითხრა სოციალურმა მუშაკმა.

მისივე თქმით, ბავშვების ასაკი, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მშობლები ტოვებენ, 3-დან 7-8 წლამდეა.

„ჩვენ ვსწავლობთ ამ ბავშვების საჭიროებებს და მათ ჯანმრთელობას. ისინი ერთვებიან სახელმწიფო პროგრამაში და გადადიან მინდობით აღზრდაში“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოში არ ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას, რეგიონების მიხედვით  მშობლების მიერ უცხოელი ბავშვების მიტოვების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა გვეუბნებიან, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაშია დაფიქსირებული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის, ეთერ ცხაკაიას ინფორმაციით, იყო შემთხვევა როცა 5 ბავშვი დააბრუნეს თურქეთის რესპუბლიკაში.

„ასევე გვქონდა ორი ბავშვის შემთხვევა, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები იყვნენ. საელჩოს ჩართვით დავაბრუნებთ ისინი ქვეყანაში.

ამ ეტაპზე  გვყავს კიდევ ორი ბავშვი, ერთი მოლდოვადან, მეორე ბავშვის მშობლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ამიტომ ვერ გეტყვით რომელი ქვეყნიდანაა. სავარაუდოდ, თურქეთიდან უნდა იყოს“, – გვითხრა ეთერ ცხაკაიამ.

ცხაკაიას თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა 15-16 წლის მოზარდები შემოდიან ქვეყანაში. „ვერ გეტყვით, რა გზით კვეთენ ისინი საზღვარს, ასეთ დროს ვუკავშირდებით მიგრაციის სამსახურს და როგორც ლტოლვილები, გადაჰყავთ ეს მოზარდები თავშესაფარში.“

სამმართველოს უფროსის თქმით, საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას და ვალდებულია დაიცვას ყველა ბავშვი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის საქართველოს მოქალაქე.

„იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა მიიღონ სახელმწიფო სერვისები, საჭიროა დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემა. იუსტიციის სახლი მათ ანიჭებს პირად ნომერს და ერთვებიან სახელმწფო პროგრამებში“, – გვეუბნება ეთერ ცხაკაია. მისი თქმით, ყველა შესაბამისი უწყება ერთობლივად მუშაობს მშობლების იდენტიფიცირებასა და ამ ბავშვების თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საქართველოს მოქალაქეებს აბრუნებენ სამშობლოში.

„გვქონდა შემთხვევა, როცა საბერძნეთიდან 6 ბავშვი დავაბრუნეთ“, -გვეუბნება ეთერ ცხაკაია.

მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვი თავდაპირველად გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაჰყავთ. თუ ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდება მშობელთან კომუნიკაცია და ბავშვის სამშობლოში დაბრუნება, ის რეგულარულ მინდობით აღზრდაში გადადის.

ეთერ ცხაკაიას თქმით, უცხოელი ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემისთვის სახელმწიფოს დამატებითი თანხის მოძიება არ უწევს, რადგან „სახელმწიფო პროგრამაში მსგავსი ტიპის დაფინანსება თავიდანვე გათვალისწინებულია“.

უცხოელი ბავშვები ძირითადად ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, მოლდოვადან და თურქეთიდან არიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com