მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია პარკირების წესების გამკაცრებას ითხოვს

18.05.2018 • 2076
ბათუმის მერია პარკირების წესების გამკაცრებას ითხოვს

ბათუმის მერია პარკირების ნორმების დადგენისა და ადგილების განსაზღვრის წესში ცვლილებას ითხოვს. დადგენილების პროექტით, საკრებულოს მერიის ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ მიმართა.

ცვლილების მიხედვით, ბათუმში აიკრძალება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება: გარე ვაჭრობისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავებისა და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისათვის. პარკირების წესების დარღვევად არ ჩაითვლება შემთხვევები, როცა პარკირების ადგილების გამოყენება მერიასთან შეთანხმებით ხდება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებისთვის.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების ძირითადი არსი ბათუმში მცხოვრები მოსახლეობისათვის [პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები] სახელმწიფო სოციალური გასაცემლების, ასევე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობაა.

მერიის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას 2017 წლის 15 დეკემბერს წერილებით მიმართა „ლიბერთი ბანკის“ აჭარის რეგიონალური ფილიალის მმართველმა, ჯემალ ნაკაშიძემ.

სს „ლიბერთი ბანკი“ ემსახურება სახელმწიფო სოციალურ გასაცემლებს. ნაკაშიძის განმარტებით, მოსახლეობისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად საქართველოს უმეტეს ქალაქსა და სოფელში მომსახურებას ახორციელებს მობილური ბანკის ლიბერთი ექსპრესის ავტოსანტრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის ბათუმშიც და ამ მომსახურების გაწევისათვის ითხოვს ბათუმის ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის ქ. #21; ინასარიძის ქ. #14ა; ჭავჭავაძის ქ. #5; გრიშაშვილის ქ. #12ა; აღმაშენებლის ქ. #30-ში მობილური ბანკის „ლიბერთი ექსპრესის“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსებას.

გარდა ამისა, მერიის განმარტებით, სხვადასხვა დროს  ქალაქის ტერიტორიაზე იმართება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებები, მათ შორის ხდება გადაღება, ტელეტრანსლაცია, რა დროსაც ქალაქის გარკვეულ ადგილებზე საჭირო ხდება შესაბამისი ტექნიკის თუ სატრანსპორტო საშუალებების განთავსება:

„გამომდინარე იქედან, რომ საკითხი ეხება სახელმწიფო სოციალურ გასაცემლებს [მომსახურებით სარგებლობს პენსიონრები, სოციალურად დაუცველი და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები], ასევე ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შეტანილი იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში““, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

საკითხის განხილვას ბათუმის საკრებულო 21 მაისს სხდომაზე გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: