მთავარი,სიახლეები

რატომ აღინიშნება „ოჯახის სიწმინდის დღე“ მხოლოდ თბილისში, რუსთაველზე

17.05.2018 • 3321
რატომ აღინიშნება „ოჯახის სიწმინდის დღე“ მხოლოდ თბილისში, რუსთაველზე

რატომ აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე მხოლოდ თბილისში და როგორ აღმოჩნდნენ ერთმანეთის გვერდით, საპატრიარქო და ქართული ფაშისტური დაჯგუფებები? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს ესაუბრა.

ლევან ღამბაშიძე ფოტო: განათლების ალტერნატიული ცენტრი საზოგადოებისათვის

ბატონო ლევან, ისე გამოვიდა, რომ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ მხოლოდ თბილისში აღნიშნავენ. ხომ არ აჩვენებს ეს ფაქტი, რომ ეს დღე მის მომგონებლებსაც კი არ მიაჩნია საყოველთაოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით? 

არავის დაუმალავს, თუ რატომ  შეიქმნა ეს დღე. ზოგადად, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს მართლა აინტერესებდა ოჯახი. ოჯახის თემა არის მონოპოლიზებული რელიგიური  და სხვა ტიპის ჯგუფის მიერ.  ამ ჯგუფებს უნდოდათ, პრევენცია მოეხდინათ, რომ  „17 მაისი“ აღარასდროს აღარ დამდგარიყო და მხოლოდ მათ ჰქონოდათ  მსვლელობის ლეგალური უფლება.

თუ 17 მაისი დარჩებოდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ, მაშინ ეკლესიას ყოველ ჯერზე მოუწევდა ხალხის ორგანიზება გარეთ გამოსაყვანად, ახლა კი არაძალადობრივად გამოჰყავს ხალხი და ფაქტობრივად შლის იმას, რაც წესით დღეს უნდა აღინიშნებოდეს.

სხვა ქალაქებში რატომ არ გამოდიან?

იმიტომ, რომ მოგონილი დღესასწაულია. ხაშურში რომ ჩატარდეს ჰომოფობიის წინააღმდეგ მსვლელობა, იმ დღიდან გახდება იქაც „ოჯახის დღე“ საყოველთაო და იქაც დაიწყება მსვლელობები. ჯერჯერობით იქ არ დგას ამ მსვლელობის ამოცანა. დღეს ამოცანაა, რომ რუსთაველის გამზირი იყოს პარალიზებული. ძირითადი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა აღინიშნოს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე რუსთაველზე, იყო ის, რომ აქ უამრავი ქართველის სისხლის დაიღვარა, საკრალური ადგილებია და ა.შ.

პრობლემა ის არის, რომ მსგავსი „წმინდა ადგილები“ არ არის მხოლოდ მიზეზი და მსგავსი „არგუმენტები“ ექნებათ ყოველთვის და ბოლომდე გამოგყვებიან.  ახლა კანცელარიასთან იმართება აქცია და იქაც აპირებენ გაბრაზებული ადამიანები მისვლას. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის მოძებნიან მიზეზს.

ამ ადამიანებს არ უნდათ, რომ საქართველოში მრავალფეროვნება არსებობდეს, უნდათ, რომ იყოს მხოლოდ ერთფეროვანი, მათთვის მისაღები ცხოვრების წესი გავრცელებული.

როგორც დღევანდელმა დღემ აჩვენა, „ოჯახის სიწმინდის“ დამცველების გვერდით აღმოჩნდნენ დაჯგუფებები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ ქართველი ფაშისტები არიან. რაზე მეტყველებს  ეს ფაქტი, საპატრიარქოს და ქართველ ფაშისტებს საერთო ღირებულებები აქვთ?

შეიძლება ითქვას, რომ კი, საერთო ღირებულებები აქვთ, რადგან სანამ ეს ფაშისტური ჯგუფი გაჩნდებოდა, მანამდე არსებობდა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელიც ძალადობდა ქრისტეს სახელით. ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაციის დროს დაარბიეს ხალხი, შემდეგ  შევარდნენ ტელეკომპანია „კავკასიაში“ და მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.

საპატრიარქომ ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელის ძალადობისკენ მოუწოდებდა ხალხს, ამის შემდეგ დააჯილდოვა. ამით მან წააქეზა ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები. საკმარისი იყო საპატრიარქოს მკაცრად ეთქვა, რომ  ის ჯგუფი, რომელიც ძალადობს, (მმკ-ზე მაქვს საუბარი) არის ძალიან ცუდი და ლაქა ჩვენი რელიგიისთვის, რომელიც კაცთმოყვარეა, ამ ჯგუფს ასეთი ავტორიტეტი აღარ ექნებოდა.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საზოგადოების ნაწილი ვერ გამოხატავს თავის  პოზიციას, რადგან სახელმწიფო ვერ იცავს მათი გამოხატვის უფლებას. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ სახელმწიფო არის სუსტი, თუ იმაზერომ ამ ჯგუფების ინტერესებს იზიარებს სახელმწიფო

სახელმწიფომ  რომ თქვას, ეს ფაშისტები არიან მოძალადეები და ჩვენ მათ ყოველთვის მკაცრად დავსჯით, მაშინ ეს  ჯგუფი დღეს არ გამოვიდოდა ქუჩაში.  ის, რომ სახელმწიფო საზოგადოების ნაწილს ვერ იცავს, რა თქმა უნდა არის პრობლემური. თუ მე დავინახავ, რომ სახელმწიფოს ვკარნახობ წესებს, მას ჩემი ეშინია, კიდევ დავაშანტაჟებ.

სახელმწიფომ თქვა 16 აპრილს, რომ სპეცდანიშნულების რაზმით ვერ შეაკავებდა იმას, რაც მეორე მხარეს ხდებოდა. რასაც ვერ აკავებს სპეცდანიშნულების რაზმი, აკავებს შინაგანი ჯარი. გამოიყვან და რაოდენობით დაჯაბნი. თუ ამას სახელმწიფო ვერ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ  სახელმწიფო ვერ ფუნქციონირებს. ვთქვათ, ეს მსვლელობა ყოფილიყო პრემიერის წინააღმდეგ, მისი გადადგომის მოთხოვნით და ა.შ. უნდა ეთქვათ, რომ ვერ ვაკავებთ და შევიდნენ პარლამენტშიო? მაშინ ხომ გამოიყენებდა ძალას? ეს არ გააკეთა, რადგან წინა მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდა ძალის გამოყენებაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალის გამოყენებასა და ძალის გადამეტებას შორის არის ძალიან დიდი განსხვავება.

სახელმწიფოს აქვს უფლება ძალის გამოყენების, ეს თუ ვერ გაიგო მოსახლეობამ, მთავრობამ, ვიქნებით ასე შეშინებულები.

პრობლემაა იმ ხალხის პოზიციაც, რომლებიც „გულში კეთილები არიან“ და თან მოსწონთ მოძალადეები. მათ ჰგონიათ, რომ ეს ძალადობა ვრცელდება ერთ კონკრეტულ ჯგუფზე და მათ არ ეხებათ. მაგრამ ეს ხომ იმის მაჩვენებელია, რომ ზეგ, მაზეგ, მათ რომ რაიმე პრობლემა შეექმნათ, რაიმეს თქმა მოუნდეთ და იდეოლოგიურად შეიძლება აღმოჩნდნენ უმცირესობის მხარეს, ეს ფაშისტები მაშინ მათ მოსდგებიან.

სწორედ ეს უნდა გავიაზროთ. ჩვენ რომ არ ვაჩაგრინებთ ამ აგრესიულ ხალხს პატარა ჯგუფებს, ეს არის გარანტია იმის, რომ ჩვენ არ დავიჩაგრებით მომავალში.

 რაზე მეტყველებს ფაშისტების გამოჩენა ქვეყანაში?

ზოგადად, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ სახელმწიფოს არ აინტერესებს კრემლის აგენტურა მუშაობს თუ არა საქართველოში. კონტრდაზვერვა გვაქვს თუ არა, ეს არ იგრძნობა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს გვახსოვს, კვარტალში ერთხელ ჯაშუშების დაჭერა რომ ხდებოდა. ეს ხალხმა აღიქვა როგორც სანახაობა, უაზრობა, მაგრამ ის, რომ ექვსი წლის განმავლობაში არც ერთი აგენტი არ გამოვლენილა… ვხედავთ, რომ ცხვირწინ აღმოუცენდა ფაშისტები სახელმწიფოს.

ამერიკის არჩევნებმა, ბრიტანეთის ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთს ჰყავს თავისი აგენტურა უცხო ქვეყნებში და ფაქტია, რომ ჰყავს საქართველოშიც. მე არ შემიძლია ძალიან ღიად [დარწმუნებით] ვთქვა ფაშისტურ ჯგუფებზე, რომ ისინი უშუალოდ რუსეთისგან ფინანსდებიან, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ  ეს ასეა.

ამ ადამიანებმა „მაკაროვები“ დადეს მაგიდაზე და ისე გააკეთეს პრესკონფერენცია. მე რატომ უნდა ვუთხრა სახელმწიფოს, გამოიძიე რატომ უდევთ იარაღი-თქო?

რაც სახელმწიფოს სჭირდება, იმაზე  ვიდეოსაც დებს, ფოტოსაც და სხვა მტკიცებულებებსაც.

და რაზე მიანიშნებს სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება?

ჯერჯერობით გაურკვევლობაა ერთიანი პანიკის ფონზე და ეს ისევ ამ სახელმწიფოს დამსახურებაა. როგორც კი დალაგდება სიტუაცია, მერე ყველა ის ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული. როგორ მოხდა, რომ ეს ფაშისტური ჯგუფი  გახდა 20-კაციანი, რატომ აგროვებს გვარდიას და ა.შ. ეს კითხვები დაისმება და წესით და რიგით, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს პროცესი. 17 მაისი იქნება მომავალშიც,

ხვალ-ზეგ რაღაც წიგნს გამოვცემთ, რომელიც ვიღაცას არ მოეწონება და ვერ ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ იტყვის უარს მრავალფეროვან სახელმწიფოზე და ვერ დათანხმდება ერთფეროვან ქვეყანას.

________________

მთავარ ფოტოზე: 17 მაისი, რუსთაველის გამზირი. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი, ნეტგაზეთი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: