მთავარი,სიახლეები

ზაალ მიქელაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასა და მომავალზე

17.05.2018 • 6225
ზაალ მიქელაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასა და მომავალზე

როდის გაიხსნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი კლინიკა, აჭარის მთავრობაში პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ. საავადმყოფოს კორპუსის მშენებლობა კი, რომელიც ხვალ, 18 მაისს, უნდა დასრულებულიყო, გაგრძელდება. მშენებლობის ზედამხედველ შპს „სტადიონში“ ვერ დაგვიკონკრეტეს, რა დროში უნდა ჩაიბარონ ახალი კორპუსი. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის სქემაზე, ახალი კორპუსის აღჭურვასა და კადრებით დაკომპლექტებაზე, „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს ესაუბრა. 

ბატონო ზაალ, შეგიძლიათ დამაჯერებლად გვითხრათ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისების საკითხი არ განიხილება?

საავადმყოფოს გასხვისების საკითხი არც იდგა დღის წესრიგში და არც დგას. მგონია, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. მით უმეტეს, როცა უკვე სახელმწიფომ დადო სტრატეგია სახელმწიფო კლინიკებთან მიმართებაში. განმარტება, თუ რას გულისხმობს ეს, მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა. კერძო კლინიკების რაოდენობა საქართველოში თითქმის 90%-ია. ამიტომ შემუშავდა სტრატეგია სახელმწიფო კლინიკების განვითარების, ანუ არსებულის რესტუქტურიზაციისა და ახლის მშენებლობის.

მაგალითად, ბათუმისა და ზუგდიდის შემთხვევაში პრაქტიკულად ახალი კლინიკები შენდება. ასევე იგეგმება თბილისში არსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანად გარდაქმნა და კიდევ დაემატება რამდენიმე კლინიკა. სტრატეგია გულისხმობს, რომ ყველა რეგიონში იყოს მინიმუმ ერთი სახელმწიფო კლინიკა მაინც.

მინდა გითხრათ, რომ ევროპული დელეგაციებისთვის, ვინც აქ ჩამოვიდა [პოლონეთიდან, გერმანიიდან], ყველასთვის მოულოდნელი იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მაღალი პროცენტია კერძო კლინიკების. იგივე ჰოლანდიის მაგალითზე, სადაც ყველა კლინიკა კერძოა, იქ სხვა მიმართულებით მიდიან, იმ კერძო კლინიკების თითქმის 67% არის არამომგებიანი.

ჩვენთან თავიდანვე ჩაიდო, რომ ყველა კლინიკა არის მომგებიანი. ეს, ზოგადად, უშლის ხელს მედიცინის სწორად განვითარებას. ამიტომ გადაწყდა, რომ სახელმწიფომ საპირწონე შეიქმნას. ეს არ ნიშნავს დარტყმას კერძო კლინიკებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნათ კლინიკა ისეთი, რომელზეც ექნებათ სწორება მომგებიან თუ არამომგებიან კლინიკებს. ამიტომ ჩაიდო რესურსი ახალი კორპუსის მშენებლობაში და ასევე ჩაიდება რესურსი მის აღჭურვაზე. თუმცა არის არსებულ საავადმყოფოში თანამედროვე აპარატურაც, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ ახალ კლინიკაში.

თქვენ, რამდენიმე თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადეთ, რომ „რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის უფლების გადაცემაზე“. საავადმყოფოში ფიქრობენ, რომ ამ კუთხით კვლავ მუშაობთ…

მედიცინაში ის გახმაურებული შემთხვევები, რაც ვიცით და კითხვები, რაც მუდმივად არის, ძირითადად უკავშირდება სწორედ მომსახურების თანამედროვე სტანდარტების ხარისხის დაცვას. აქედან გამომდინარე ფიქრობს უკვე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ კი არ გაასხვისოს სახელმწიფო კლინიკები მართვის უფლებით, არამედ დაიქირაოს მენეჯერი, ან მენეჯერთა გუნდი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კი არ მართავს სახელმწიფო კლინიკებს, არამედ ექნება ბერკეტი გააკონტროლოს თითოეული ისტორია, თითოეული პაციენტისა თუ რთული შემთხვევების მართვა. ამ პოზიციას ვეთანხმებით ჩვენც.

დასამალი არ არის, რომ კერძო კლინიკებს, რომლებიც არის მომგებიანი, არ ურჩევნიათ რთული, მძიმე შემთხვევების მართვა. სახელმწიფო კლინიკები, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც, იქნება ძირითადად ასეთი გადაუდებელი შემთხვევებისთვის, თუმცა გეგმიური კომპონენტიც იქნება.

კვლევამ აჩვენა, რომ საკმაო თანხას იხდის სახელმწიფო, თუმცა მაინც უკმაყოფილო გვრჩება დაბალი სამედიცინო პერსონალი. ექიმები ნაკლებად გამოხატავენ, ვთქვათ, უკმაყოფილებას სახელფასო ნაწილში, თუმცა მედდები და სხვა დამხმარე პერსონალის სახელფასო განაკვეთი მაინც ვერ არის მაღალი. ამიტომ ჩვენ ახალ  სტანდარტს შევთავაზებთ და ის კერძო კლინიკებიც იძულებული იქნებიან, არა ძალადობის გზით, არამედ, კონკურენციიდან გამომდინარე, აწიონ ხარისხი და სახელფასო განაკვეთი.

ამასთან, როცა საუბარია მაღალ ტარიფებზე კლინიკებში, ჩვენ შევთავაზებთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკას, სადაც იქნება დაცული ტარიფების სტანდარტი. თუმცა სოციალურად დაუცველ ნაწილს, როცა ზოგჯერ უწევთ კერძო კლინიკებში დამატებით თანხის გადახდა, მათ ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში შემდეგაც მიმართონ, ამას არ ავუკრძალავთ, ვინაიდან პაციენტი ირჩევს კლინიკას. თუმცა ჩვენ დამატებით ვთავაზობთ სახელმწიფო კლინიკების რაოდენობას, სადაც შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ტარიფი – თანხა, რომელსაც დაუფარავს სახელმწიფო. ანუ, არ უნდა დარჩეს სათქმელი, რომ თქვენთან კი არის დაბალი ტარიფი, მაგრამ უხარისხო კლინიკაა. სწორედ ამ ნიუანსის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ სახელმწიფო კლინიკების ხარისხის მართვაში ჩაერთოს ახალი, გარე კომპონენტი.

დავაზუსტოთ, ანუ ბათუმის, ზუგდიდის, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოების ხარისხის მართვას გააკონტროლებს ის მენეჯერი თუ მენეჯერთა გუნდი, ვისაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაიქირავებს?

კლინიკის უშუალოდ მართვა იქნება მხოლოდ ადგილობრივ დონეზე. დირექტორი, მთავარი ექიმი – ეს კადრები დაინიშნება ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებით. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში, მაგალითად, ჩვენი სამინისტროს ბრძანებით. თუმცა დაემატება ერთი კომპონენტი – რახან მივდივართ საუნივერსიტეტო მიმართულებით, მათ გადავცემთ მართვაში ჩართვის უფლებას, ანუ ერთი პირი ამ მართვაში იქნება როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რადგან აქვე, კლინიკაში შევინარჩუნოთ აკადემიური კომპონენტი.

მართვაში იქნება დირექტორი მედიცინის მიმართულებით, დირექტორი ტექნიკური მიმართულებით, ასევე წარმომადგენელი უნივერსიტეტიდან, მაგრამ იქნება გენერალური დირექტორიც, აუცილებლად ადგილობრივი. მხოლოდ ხარისხის მართვა გადის, ასე ვთქვათ, ცალკე.

ის პირი, თუ გუნდი, არ ვიცი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რაზე შეჯერდება, ცენტრალურად გააკონტროლებს მხოლოდ მომსახურების ხარისხს და ის არ იქნება მმართველი. ახლა სპეციალური სამსახური აკონტროლებს საჩივრის საფუძველზე და ამიტომ მხოლოდ ეს რომ არ დარჩეს, იქნება პირი, რომელსაც ექნება ისტორიებზე წვდომა.

ჩვენ ვსაუბრობთ ასევე, რომ ცენტრიდან იყოს მედიკამენტების მოწოდებაც. კლინიკის დიდი ჯგუფი დღეს დაკავებულია ამ სატენდერო თემებით… ამიტომ,  გაცილებით იაფი დაუჯდება მედიკამენტები კლინიკას, თუ მოწოდება იქნება ცენტრალიზებული. ეს გააიაფებს მომსახურებასაც. ასეთი სურვილი გვაქვს.

გეკითხებით როგორც მთავრობის წევრს, არის თუ არა შესაბამისი თანხა ბიუჯეტში ახალი კლინიკის აღჭურვისთვის?

ჯერჯერობით მშენებლობას მართავს შპს „სტადიონი“. მათ აქვთ თანხა და ეკონომიკის სამინისტრო მზად არის ცვლილებაზე ბიუჯეტში, შესაბამისი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. რახან დაიდო ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, საქართველოს ჯანდაცვაც მზად არის თანამონაწილეობისთვის ამ კუთხით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩამონათვალი – სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარის, დასრულდა და მიდის ბაზრის კვლევა საბოლოო თანხის დასადგენად.

დაახლოებით რა დროში ფიქრობთ ახალი საავადმყოფოს აღჭურვას?

ბევრი დეტალი ზუსტდება. რთული სქემებია და ეს ვერ გადაწყდება ერთ კვირაში და ერთ თვეში. დეტალურადაა გადასანაწილებელი ქსელები თითოეული კაბინეტის მიხედვით. „სტადიონსაც“ ჰყავს დაქირავებული სამედიცინო ექსპერტი ამ მიმართულებით, ხოლო ჩემი მხრიდან დანიშნული იქნა მალხაზ ხალვაში, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი.

ყველა სქემა უნდა მოვიდეს თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ერთობლივად დადებენ განახლებულ პროექტს, თუმცა რა დროში, გამიჭირდება თქმა. მარტო ტესტირების რეჟიმს ალბათ სამი თვე დასჭირდება. რაც არ უნდა ხარისხიანი აპარატურა დავდგათ, ზოგიერთს დაახლოებით 2 თვე ტესტირება მაინც სჭირდება, რათა საბოლოოდ გაუშვა ექსპლუატაციაში და რისკები მოიხსნას. წელს ეს ჩემი აზრით ვერ დასრულდება. მხოლოდ ამის შემდეგ დაანონსდება, თუ როდის გაიხსნება კლინიკა.

ერთ კვირაში რომც შევიტანოთ ყველა აპარატურა და ინვენტარი, ეს არ ნიშნავს ახალი კლინიკის გახსნას. მე მირჩევნია იყოს დროში გაწელილი… იმიტომ, რომ ის სამედიცინო პერსონალი, ვინც დღეს იქ მუშაობს, არსებულ პირობებში ახერხებს მაქსიმალური შედეგის დადებას. მირჩევნია ახალი კლინიკა უსაფრთხოების მაღალი ნორმების დაცვით გაიხსნას, რათა შემდეგ არანაირი კითხვის ნიშანი არ დაისვას.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი პერსონალი ახალ კლინიკაში გადავა? 

პრაქტიკულად შენარჩუნდება მთლიანად, ვინაიდან 400-მდე თანამშრომელია იქ და ახალ კლინიკაში, ყველა მიმართულების გაშვების შემთხვევაში, რაც დაგეგმილი გვაქვს, მინიმუმ 730-მდე თანამშრომელია საჭირო. ასე, რომ კონკურსიც გამოცხადდება და ეს იციან. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ პრივილეგია ექნებათ.

საავადმყოფოში ამბობენ, რომ უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც აღჭურვაზეც იმუშავებდა და პერსონალის გადამზადებაზეც, თუმცა ასეთი კომისია არ შექმნილა…

ნამდვილად, ამ მხრივ არანაირი კომისია ჩემი მინისტრობის დროს არ შექმნილა. მშენებლობის დაწყებამდე იყო კომისია შექმნილი სტრატეგიასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო სახელმწიფო კლინიკა და ამასთან, რა მიმართულებები ყოფილიყო ამ კლინიკაში.

რაც შეეხება გადამზადებას, ესეც იქნება, ოღონდ ეტაპობრივად, მიმართულებების მიხედვით და არა ერთიანად. გავლენ კონკურსზე, გადავლენ და პარალელურად გაივლიან გადამზადებას. იქნება მინიმალური, საშუალო და მაღალი ზღვარი. ვინც მაღალი ქულებით გადალახავს, ავტომატურად დარჩება, ვინც საშუალო – მიეცემა გადამზადების შანსი და ვინც მინიმალურ კომპეტენციას ვერ გადალახავს, იქ შესაძლოა, უკვე დაისვას კითხვა – და ეს მათთვის უცხო არ არის.

რაც შეეხება ექიმებს, პირიქით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვინც თავის დროზე წაართვეს ამ კლინიკას, გარკვეული კადრები, დარწმუნებული ვარ, ისინიც კი მობრუნდებიან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად შესაძლოა ციური აბულაძე დანიშნოთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად წარადგინეთ.

როდესაც ციური აბულაძე ინფექციურის დირექტორად დაინიშნა, ვიხუმრეთ კიდეც ბატონ მალხაზთან [რესპუბლიკურის მოქმედი დირექტორი], რომ აი, ხომ ხედავ, გადარჩით-თქო. მსგავსი რამ არც განიხილებოდა და არც გაჟღერებულა. მეტიც, ციური აბულაძის მხრიდან არც იმის სურვილი იყო, რომ დანიშნულიყო ინფექციურის მიმართულებით… დიდი პერიოდი დაგვჭირდა, რომ გაგვეშვა დირექტორად.

ახალ კლინიკას ახალი მიმართულებებიც დაემატება?

დიახ. ვფიქრობთ იმ პროფილების დამატებას, რაც არ იყო ტრადიციული რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის. ეს იქნება ბავშვთა მიმართულება, ასევე  მეან-გინეკოლოგია, რათა სრული სერვისი შევთავაზოთ მოსახლეობას. ამასთან, ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებული. პარალელურად, მედიცინა ვითარდება და ახალი შენობა გვაძლევს საშუალებას, რომ სხვა პროფილიც დავამატოთ. მაგალითად, თუ გაჩნდება თუნდაც ტრანსპლანტაციის შანსი,  სახელმწიფო კლინიკა უნდა იყოს პირველი, ვინც ამას გააკეთებს.

 

ამავე თემაზე:

„რესპუბლიკურის“ დირექტორი ახალი კლინიკის გახსნაზე: იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შევძლებთ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: