სიახლეები

პატარაძის მეგობრის კომპანია კურორტ „გოდერძიზე“ ხელოვნურ ტბას მოაწყობს

17.05.2018 • 2824
პატარაძის მეგობრის კომპანია კურორტ „გოდერძიზე“ ხელოვნურ ტბას მოაწყობს

შპს „გთმ გრუპმა“ აჭარის მთავრობას კურორტ გოდერძისთან დაკავშირებული ერთ-ერთი სახელშეკრულებო ვალდებულების ჩანაცვლება შესთავაზა. კომპანიამ 450000-ლარიანი საბანკო გარანტიის წარდგენის სანაცვლოდ კურორტზე ხელოვნური ტბის მოწყობის ვალდებულება აიღო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანხმობის ბრძანებას 2018 წლის 15 მარტს მოაწერა ხელი.

ხელოვნური ტბის მოწყობას „გოდერძიზე“ კურორტის განაშენიანების გეგმა ითვალისწინებს. ამ ტბის მიმდებარედ იგეგმება ასევე კოტეჯების მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, შპს „გთმ გრუპმა“ კურორტზე ხელოვნური ტბის მოწყობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია 2018 წლის ნოემბრამდე უნდა მოამზადოს და შესათანხმებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს. 2021 წლის 14 ოქტომბრამდე კი ხელოვნური ტბის მოწყობის სამუშაოები უნდა დასრულდეს.

ამ კომპანიამ 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, 85 250 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე ზურაბ პატარაძემ მიიღო [ბრძანება #258 7/12/2017].

შპს „გთმ გროუპი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიაა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად ზურაბ პატარაძემ დაუდასტურა.

ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბანკო გარანტიით ჰქონდა დაზღვეული.

მთავარი ფოტო: კურორტის ადმინისტრაცია

გადაბეჭდვის წესი