განათლება,მთავარი,სიახლეები

ქართულ სკოლებში სიახლეების დანერგვის პრობლემა გვაქვს

17.05.2018 • 10227
ქართულ სკოლებში სიახლეების დანერგვის პრობლემა გვაქვს

ლიდერობასთან და სასკოლო კულტურასთან დაკავშირებით ქართულ სკოლებში პრობლემებია. როგორც დირექტორებს, ასევე პედაგოგებს უჭირთ დაინახონ და შეაფასონ პრობლემა. დირექტორებსა და პედაგოგებს კომპეტენცია არც სიახლეების დანერგვაში ჰყოფნით. რისთვის ტარდება „სკოლების შეფასების განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კვლევის კოორდინატორი, ნათია ანდღულაძე საუბრობს.

ნათია, როდის დაიწყო „სკოლების შეფასების განვითარებისთვის“ კვლევა და რა პრობლემა აჩვენა კვლევის პირველმა ეტაპმა?

პროექტი, რომელიც სკოლების თვითშეფასების განვითარებისთვის კეთდება, 2017 წელს დაიწყო. მარტის თვეში გამოვაცხადეთ კონკურსი და შევარჩიეთ 15 სხვადასხვა ტიპის სკოლა. სკოლის შერჩევის კრიტერიუმი იყო დირექტორის კომპეტენცია და მოტივაცია.

პროექტის პრინციპია, რომ ეს 15 დირექტორი არის ამ რეფორმის თანაავტორი. პროექტში ასევე ჩართულნი არიან „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა“ და „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლებიც.

პირველი ფაზა ითვალისწინებდა იმას, რომ ეს დირექტორები გავუშვით ევროპის სამ ქვეყანაში – გერმანიაში, დანიასა და ჰოლანდიაში გამოცდილების მიღების მიზნით, რომ გაეგოთ რა მეთოდებს იყენებენ იქ სკოლები თვითშეფასების დროს.

უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ რა ევალებოდათ დირექტორებს?

ამის შემდეგ ჩვენ სკოლებს მივეცით დრო, რომ ემუშავათ სკოლის შიდა შეფასებაზე და გამოეკვლიათ ის პრობლემები, რომლებიც მათ განვითარებაში უშლით ხელს.

პირველმა ციკლმა, ფაქტობრივად, ჩვენი დახმარების გარეშე ჩაიარა, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეგო, რაში დასჭირდებათ სკოლებს სამომავლოდ დახმარება. სამწუხაროდ, პრობლემები აღმოჩნდა კვლევის ყველა ეტაპზე. განსაკუთრებით ინტერვენციის ანუ ცვლილების დაგეგმვის ეტაპი გაუჭირდათ პედაგოგებს და დირექტორებს.

რატომ გაუჭირდათ?

ინტერვენციის ეტაპი ნიშნავს იმას, რომ სკოლამ უნდა შეძლოს იმის გარკვევა, რა უნდა შეცვალოს, რა უნდა გააუმჯობესოს. დანარჩენი ყველაფერი არის მოგვარებადი და ნელ-ნელა ისწავლება, მაგრამ თუ სკოლა ვერ ახერხებს ცვლილებების დანერგვას, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.

ჩვენ გერმანიიდან პერიოდულად ჩამოგვყავს კონსულტანტი, რომელიც აძლევს რჩევებს პროექტში მონაწილე ყველა სკოლას. მაგრამ პრობლემაა ქართულ სკოლებში პედაგოგიური კომპეტენცია. როცა დგას რაიმე პრობლემა, როგორ უნდა მოვაგვაროთ, როგორ მივხედოთ ამ პრობლემას, არ ვიცით. ეს იმის ბრალიცაა, რომ სადღაც გვაქვს ამოკითხული პედაგოგიური მიდგომები, მაგრამ ხშირად ამ მიდგომებს ის ადამიანები ასწავლიან, ვისაც სკოლაში ეს არასდროს გაუკეთებია. დღეს ბევრი რამ იცვლება, პედაგოგიური ცოდნა კი არ იცვლება.

ამ დირექტორებმა ხომ გაიარეს ტრენინგები, ნახეს უცხოური გამოცდილებაც, იღებენ კონსულტაციებს უცხოელი კოლეგისგანაც. ამის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებენ შეფასებას და სიახლეების დანერგვას. რატომ?

საქართველოში არც ერთი რეფორმა არ ტარდება ისე, რომ პედაგოგებმა ან დირექტორებმა ტრენინგები არ გაიარონ. მაგრამ მარტო ტრენინგი შედეგიანი არ არის, თუ ადამიანს არ აქვს კომპეტენცია.

როცა ადამიანს ეუბნები, რომ უნდა ააშენო კედელი, თუ მან არ იცის კედელი რისგან შენდება, ვერ ააშენებს. უთხარი რაც გინდა. არ იცის და ვერ აკეთებს.

რატომ, ტრენინგზე „კედელი რისგან შენდება“ არ ასწავლიან?

არის რაღაცები, რასაც ვერ აუხსნი ტრენინგზე. ამას ადამიანი წლების განმავლობაში სწავლობს. მე ვთქვი, რომ არსებობს პედაგოგიური კომპეტენციის პრობლემა, ანუ როგორ ვასწავლო – ეს პრობლემა გვაქვს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დირექტორის სასწავლო ლიდერობას, დირექტორს უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის მასწავლებლობა. აუცილებელია დირექტორი თვითონ იყოს ყოფილი მასწავლებელი, მაშინ უფრო მარტივია პროცესები. მაგალითად, გერმანიაში ვერ გახდები სკოლის დირექტორი და ვერც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმუშავებ, თუ არ გაქვს მასწავლებლობის გამოცდილება.

იყო ერთი სკოლა, სადაც დირექტორს არ სჯეროდა, რომ კონკრეტულად ასეთი მოდელით მუშაობა არის კარგი შიდა შეფასებისთვის, მას სჯერა უფრო ხისტი მეთოდის. იმის, რომ გარედან უნდა შემოვიდეს რაღაც შეფასება და ამაზე დაყრდნობით იფიქრონ მასწავლებლებმა, რა უნდა გააკეთონ. არის სკოლების გარკვეული ნაწილი, რომელიც თავისით ამ შეფასება არასდროს გააკეთებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლები სამინისტროს მითითებებს არიან მიჩვეული და არა დამოუკიდებლობას?

რატომ უნდა იფიქროს სიახლეებზე დირექტორმა, რომელსაც მხოლოდ ფინანსური და სამართლებრივი რეგულაციების დაცვა მოეთხოვება. ჩვენი განათლების სისტემის მიხედვით, დირექტორი მხოლოდ ამით ფასდება. ევროპულ სისტემაში დირექტორი არის დაცული, მას ვერ გაათავისუფლებს სამინისტრო, თუ რაიმე კრიმინალი არ ჩაიდინა. საქართველოში კი დირექტორები კანონით არ არიან დაცულები და ეს არის პრობლემა.

გარდა ამ საკანონმდებლო ხარვეზისა, სწავლებაშიც გვაქვს პრობლემები, ხშირად ამ ადამიანებს ტრენინგებს ის ხალხი უტარებს, ვისაც პრაქტიკაში არ აქვს ეს მეთოდი გამოცდილი. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების დროს დაცული იყოს ბალანსი და ამ ადამიანებს არ ვასწავლოთ ზედმეტი, ანუ ის, რაც მათ რეალურად არ სჭირდებათ.

გამოდის, რომ მარტო სკოლის და დირექტორების პრობლემა არ ყოფილა და სახელმწიფო ვერ ხედავს რა როგორ ასწავლოს?

როგორც გერმანელი სპეციალისტები გვეუბნებიან, ზედმეტ კვლევაშიც არის საფრთხეები. არ არის საჭირო მასწავლებელს მოსთხოვო კვლევის ვალიდურობა და ა.შ. მთავარია, შეაგროვო რაციონალური ინფორმაცია, რომ ადამიანი შეცდომაში არ შეიყვანო.

2018 წელს რა ეტაპი იწყება ამ პროექტის მიხედვით?

წელს სკოლები იმუშავებენ როგორც შიდა, ასევე გარე მხარდაჭერის შეფასებაზე. შიდა შეფასების დროს სკოლები შეაფასებენ მოსწავლეების მიღწევებს, წიგნიერების დონეს, შემდეგ ამ მონაცემებს ატვირთავენ ელექტრონულად და სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთის შედეგები  ნახონ.

თქვენ თქვით, რომ სკოლებს ყველაზე მეტად სიახლეების დანერგვა უჭირთ. თუ ამ პრობლემის მოგვარებას  ვერ ისწავლიან, მათი სისუსტეები და მიღწევები ხომ ისედაც იციან მეტ-ნაკლებად. საბოლოო მიზანი რა იქნება ამ კვლევის?

ჩვენი ამოცანაა ორი რამ – პირველი ის, რომ სამწლინი პროექტის შედეგად მივიღებთ ელექტრონულ კურსს სკოლების შეფასებაზე, დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის და ყველა იმ უწყებისთვის, ვინც ამ კვლევაშია ჩართული.

მეორე არის ის, რომ გვექნება პოლიტიკის კვლევის დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი სკოლას შეფასების კულტურის  განვითარებაში, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ მასწავლებელ ორგანიზაციებად. გვექნება რესურსი სკოლებისთვის როგორ უნდა გააკეთონ შეფასება და კონკრეტული რეკომენდაციები სამინისტროსთვის როგორ უნდა ააგონ მხარდაჭერის სისტემა სკოლებისთვის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: