ფინეთი, დანია, შვედეთი, ნორვეგია – საქართველო შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებაზე მუშაობს

საქართველო აპირებს ევროპის ქვეყნებთან შრომითი მიგრაციის სქემები დანერგოს. ეს საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ლეგალურად დასაქმდნენ.

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ლეგალურად დასაქმების სქემების დასანერგად. მოსამზადებელ ეტაპზე ჩართულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ფასილიტაციას უკეთებს ამ პროცესის, საკონსულოები და ჩვენი უწყება,“ – ამბობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაია.

ჯგერენაიას თქმით, საუბარია როგორც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებზე – ფინეთი, დანია, შვედეთი, ნორვეგია, ასევე სამხრეთ ევროპის ორ ქვეყანაზე – ესპანეთი და პორტუგალია. ხელშეკრულების გაფორმებით დაინტერესებული არიან ლიტვა და ლატვია.

„დაწყებულია მოლაპარაკებები ამ ქვეყნებთან. პოლონეთთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების მაგალითი საშუალებას მოგვცემს, რომ მსგავსი გამოცდილება დაინერგოს  სხვადასხვა ქვეყანაში“, – ამბობს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

რა დრო და რა პროცედურებია საჭირო იმისათვის, რომ საუბრები რეალურ ხელშეკრულებად იქცეს და შრომითი მიგრაცია ლეგალურ ჭრილში მოექცეს? – ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ პირველ რიგში, აუცილებელია ცალკეული ქვეყნის შრომის ბაზარი შეისწავლონ. ამის შემდეგ, ქართულ შრომის ბაზარზე, ევროპაში დასაქმების მსურველი შესაბამისი პროფესიების მქონე კადრების მონაცემები შეგროვდება. ბოლო ეტაპი არის მათი საპილოტე პროგრამაში ჩართვა.

„დასაქმების კუთხით გამოწვევა გახლავთ ის, რომ ან კვალიფიკაცია არ არის შესაბამისი, ან კვალიფიციურ კადრს სთავაზობენ არაადეკვატურ ანაზღაურებას. ამ მიზეზით, ხშირ შემთხვევაში შემდგომ ჩვენი მოქალაქე არალეგალურ გზებსაც კი მიმართავს, რომ დასაქმდეს უცხოეთში. ამიტომაც, პირველ ეტაპზე მოვიძიებთ კადრების, რის შემდეგაც კომუნიკაცია შედგება უწყებებს შორის თანამშრომლობის გზით, შემდეგი კი იქნება შერჩევა და ის პროცედურები, რაც ახლავს ამ სქემებში ჩართვას,“ – აცხადებს ელზა ჯგერენაია.

მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნის შრომით ბაზარს განსხვავებული სპეციფიკა აქვს.  კადრები, ძირითადად, სჭირდებათ სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და IT სპეციალობის მიმართულებით.

ლეგალური შრომითი მიგრაციის სქემა უკვე დანერგილია პოლონეთთან და მას კოორდინაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს. ამ ეტაპზე პოლონეთი და საქართველო  ორმხრივი ხელშეკრულების პროექტზე მუშაობს.

„თუკი აქამდე IOM-ის პროექტით ხორციელდებოდა დასაქმება და ის უწევდა ფასილიტაციას, ახლა უშუალოდ ორი სხვადასხვა ქვეყნის სამინისტრო, მიმღები და დონორი ქვეყანა იმუშავებს. ხელშეკრულება განსაზღვრავს სწორედ იმ მოვალეობებსა და ფუნქციებს, რაც ლეგალური მიგრაციის სქემას დაამკვიდრებს და დაიცავს ჩვენს  მოქალაქეებს უცხოეთში სხვადასხვა მოსალოდნელი რისკისაგან, რომელიც არალეგალურ მიგრაციას თან ახლავს. მალე დაიწყება ამ ხელშეკრულების განხილვა და შემდგომ უკვე ოფიციალურად მოეწერება ხელი,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი