მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ტურისტულ სეზონამდე წერეთლის ქუჩიდან გარემოვაჭრეების გადაყვანას გეგმავს

16.05.2018 • 4250
ბათუმის მერია ტურისტულ სეზონამდე წერეთლის ქუჩიდან გარემოვაჭრეების გადაყვანას გეგმავს

იმ საკითხების  ჩამონათვალში, რომელთა გადაწყვეტაც  ბათუმის მერიის სამსახურებმა ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა მოასწრონ, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებაც შედის. ამის შესახებ მერმა, ლაშა კომახიძემ, სამსახურების უფროსებთან საგანგებო თათბირზე ისაუბრა.

მერიაში მიიჩნევენ, რომ გარდა იმისა, უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და ქმნის ანტისანიტარიის კერებს, ასევე დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, აფერხებს სკოლასა და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზე გადაადგილებას.

მერიის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურებმა წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები უკვე გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერიის მითითებებს არ დაემორჩილებიან, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას  – 2000 ლარის ოდენობით. დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში ითვალისწინებს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას – 4000 ლარის ოდენობით.

წერეთლის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, მერიამ გარე მოვაჭრეები გააფრთხილა და საინფორმაციო ფურცლები გადასცა.

მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მერია ალტერნატიულ ფართობებს გარემოვაჭრეებს გოგოლის ქუჩაზე , #1-ში,  „მეტროს“ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სთავაზობს, სადაც მათ გადასახადის სახით წელიწადში მხოლოდ ერთი ლარის გადახდა მოუწევთ:

„ ეს არის კეთილმოწყობილი ადგილი, თავისი ინფრასტრუქტურით, მიყვანილია წყალი, არის საპირფარეშოები. მერი ჰპირდება ასევე მათ, რომ ამ მიმართულებით იმოძრავებს ტრანსპორტი, მარშრუტზე მითითებული იქნება, რომ გაივლის მეტროს სავაჭრო ცენტრს, თუმცა არ უნდათ მაინც, ამბობენ, რომ შორია, იქ ხალხი არ ივლის, კლიენტი არ გვეყოლებაო და წინააღმდეგი არიან. ეს ძალიან სათუთი თემაა და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, ამიტომ მერი აპირებს შეხვდეს მათ და დაელაპარაკოს,“  – განაცხადა თენგიზ მესხიძემ „ბათუმელებთან“.

მერიის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე 150-ზე მეტი გარემოვაჭრეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: