შახ აივაზოვი – ფოტოგრაფი ბრძოლის ველიდან

„ოცნებობდით ომის ფოტოგრაფობაზე?“

„ოცნებობდით ომის ფოტოგრაფობაზე?“, „რას გრძნობდით ბრძოლის ველზე ყოფნისას?“, „არ გეშინიათ, ომში რომ მიდიხართ ხოლმე?“ – ხშირად ეკითხებიან შახ აივაზოვს, ერთი არც თუ ისე მარტივი მიზეზის გამო: 62 წლის განმავლობაში 7 ომს მოესწრო. აფხაზეთის, ჩეჩნეთის, ცხინვალის, დნესტრისპირეთის, ყარაბაღის, ავღანეთის, ტაჯიკეთის ომებს…

შვიდივეგან ფოტოკორესპონდენტი იყო და ომის ამსახველ კადრებს იღებდა.

„სიტუაციამ მოიტანა, რომ ომის ჟურნალისტი დამერქვა. ომის ჟურნალისტობაზე წინასწარ როგორ იოცნებებ. ნეტა, საერთოდ არ არსებობდეს, აღარასდროს განმეორდეს. ძალიან რთულია, როცა ხედავ, როგორ აქცევს ბრძოლის ველი ადამიანებს ბრმა იარაღად. საშინელებაა ისიც, რომ ომმა შეჩვევა იცის. ჩადიხარ. ნახევარ საათში შიში გიქრება და ერთადერთი მიზანი გაქვს: ყველაფერი, რასაც ხედავ, გადაიღო, აჩვენო სხვებსაც,“ – ამბობს შახი.

შახ აივაზოვის ფოტო.

უკვირს, როცა ამბობენ, რომ ომი ერთმა მხარემ მოიგო ან მეორემ. ფიქრობს, რომ სინამდვილეში ომს ვერავინ იგებს. ადამიანები იღუპებიან ორივე მხარეს და შეუძლებელია ასეთ დროს ვინმე დარჩეს მოგებული.

ფოტოკორესპონდენტობა მისთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან ასოცირდება: „თუ წინასწარ ხარ განწყობილი, რომ მხოლოდ ერთი მხარე გააშუქო, ვერ იმუშავებ, როგორც კორესპონდენტი. აზერბაიჯანელი ქართველი ვარ და როცა ყარაბაღის ომს ვიღებდი, ვიღებდი ორივე მხარის ტრაგედიას. ომში, როცა კორესპონდენტი ხარ, შეუძლებელია იყო მხარე.“

 

„პრესის ჟილეტი გაცვია, მაგრამ ბომბი ვერ არჩევს ჟურნალისტს, ექიმს  და ჯარისკაცს“

სრული სურათის დასანახად ყველა ომში ხანგრძლივად რჩებოდა. ცხრა თვე გაატარა ჩეჩნეთის ომში. ორი – სამი დღით იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში, რომ ფირები გაემჟღავნებინა და დაებეჭდა.

შახი: „როცა ომის გადასაღებად მიდიხარ, არ იცი დაბრუნდები თუ არა, პრესის ჟილეტი გაცვია, მაგრამ ბომბი ვერ არჩევს ჟურნალისტს, ექიმს  და ჯარისკაცს.

ფოტოგრაფი შახ აივაზოვი ომში, გადაღებისას.

არავინ იცის, სად მოხვდები, რას მოიტანს ყოველი ახალი წუთი. არის მომენტები, როცა შეგიძლია ვინმეს რამით დაეხმარო და არჩევანი უნდა გააკეთო: ადამიანს უნდა დაეხმარო, უშველო ან გადაიღო კარგი კადრი. თუ მკითხავენ ვინმეს შველა თუ კადრის გადაღება, ვუპასუხებ, რომ, რა თქმა უნდა, ადამიანის შველაა მთავარი. ძალიან ხშირად მქონია ეს დილემა. არ მინდა საერთაშორისო პრიზები ფოტოჟურნალისტიკაში. ერთი ადამიანის მადლიერება მირჩევნია“.

ყოფილა მომენტები, როცა გადაღებული ფირები დაუმალავს, ომში ჯარისკაცებისთვის, ქალებისთვის გადაუცია და უთხოვია, შემინახეთ, რომ არ წამართვანო, ასე გადაარჩინა არაერთი კადრი.

ჩეჩნეთის ომი. ფოტო: შახ აივაზოვი

 

ომებს შეწირული ოცნება

შახ აივაზოვს საოცნებო ფოტოსერია შეუვსებელი დარჩა. ყოველთვის ოცნებობდა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების ტრადიციული რიტუალები გადაეღო, ქორწინებები, დაკრძალვები და ა.შ.

სერიის ნაწილი გადაღებული აქვს, თუმცა, როგორც თავად ამბობს,  ეს ოცნება ალბათ ვერ აუსრულდება, მიიჩნევს, რომ არავინ აღარაფერს აღნიშნავს ისე, გადაღებად რომ ღირდეს. გარდა ამისა, მუდმივად ომებში ყოფნამ ფოტოგრაფს რიტუალების  გადაღების დრო და ენერგია აღარ დაუტოვა.

განათლებით ჟურნალისტია. პირველი ფოტოაპარატი ძმამ უყიდა, როცა მეექვსე კლასში იყო. სულ ექვსი კამერა გამოცვალა, ბოლო 26 წელი სააგენტო Associated Press-ის ამიერკავკასიის ფოტოკორესპონდენტია. მანამდე 12 წელი მუშაობდა საქინფორმში, საიდანაც Reuters -ს, Epa-ს და Associated Press-ს აწვდიდნენ ახალი ამბების ამსახველ ფოტომასალას. ამჯერად Canon D4 -ით იღებს.

 

„რა კარგი ფოტოები გადაგიღია შახ, მაგარია!“
  

2015 წელს შახ აივაზოვის ომის ხაზის ფოტოების გამოფენა გაიმართა. მისთვის ეს ჩვეულებრივი გამოფენა არ იყო. ამ კადრების ერთად ნახვა ფოტოგრაფისთვის ძველი ამბების გაცოცხლებას ნიშნავდა.

შახი: „ჩვეულებრივად მიედინებოდა დამთვალიერებლების ნაკადი დარბაზში, რა კარგი ფოტოები გადაგიღია შახ, მაგარიაო! – მეუბნებოდნენ და მიდიოდნენ. უცებ ერთი ქალი მოვიდა ჩემთან, ტიროდა. მოვიდა და მკითხა, მე ვიყავი თუ არა ფოტოგრაფი, დიახ, ქალბატონო, რატომ ტირით-მეთქი, შევწუხდი. ლტოლვილი ვარ, თითქმის ყველა, ვინც აფხაზეთში გადაიღეთ, ყველა მეცნოო. ვერ ვაწყნარებდი. ასეა. ვისაც უნახავს ომი, მისთვის ეს კადრები მხოლოდ კადრები არ არის, ვისაც არ უნახავს, ის გამოფენაზე ერთი კარიდან შემოდიოდა და გადიოდა მეორედან, ჩვეულებრივად“.

შახ აივაზოვის ფოტო

ომის სხვა ფოტოგრაფებს ახსენებს: გიორგი ცაგარელს, სერგო ოდიშერაშვილს, ვოვა ვალიშვილს, იური მეჩითოვს, გიორგი შარაშენიძეს, რომელთაც აფხაზეთიდან სვანეთისკენ მიმავალი ლტოლვილები გადაიღეს. შახი ამბობს, რომ ეს კადრები გიორგი ცაგარელის გარდა არავის გადაუღია, მის გარდა იქ იმ მომენტში არავინ იყო და სწორედ ასეთი კადრები ხდება ისტორიისთვის ფასეული და მნიშვნელოვანი.

ფოტოგრაფი შახ აივაზოვი ჩეჩნეთის ომში.

 

„ქალები ყველაფერს ჩვენზე უკეთ იღებენ“

გამოცდილ ფოტოგრაფს ხშირად აკითხავენ მოყვარულები, რომლებიც გადაღების სწავლას თავიდანვე ძალიან ძვირიანი კამერით იწყებენ და მიაჩნიათ, რომ კარგი კამერაა ყველაფრის გარანტი.

„ფოტოს ადამიანი იღებს, კამერა უბრალოდ იარაღია. ხედავს იმას, რასაც ხედავ შენ. თუ ადამიანი ვერაფერს ხედავს განსაკუთრებულს, ძვირიანი კამერაც ვერაფერს დაინახავს. თუ საინტერესო ამბებს ხედავ, გადაღება ყველანაირი კამერითაა შესაძლებელი,“ – ურჩევს შახი დამწყებ ფოტოგრაფებს.

კადრები მისთვის ცოცხალ და მკვდარ კადრებად იყოფა. როგორი ლამაზი პეიზაჟი ან რაიმე სხვა მოცემულობაც არ უნდა იყოს ასახული კადრზე, ის მკვდარია, თუ არ ჩანს ადამიანი ან რაიმე ცოცხალი არსება, სიცოცხლის რაიმე ნიშანი.

შახ აივაზოვი: „ომს, მანიფესტაციებს, ყველაფერს გადაღების განსხვავებული სპეციფიკა აქვს, მაგრამ ყველაზე რთულად გადასაღები პორტრეტია, ხშირად პირიქით ფიქრობენ. კარგი პორტრეტი რომ გადაიღო, ადამიანს ორი კვირა მაინც უნდა იცნობდე, აკვირდებოდე და რასაც საბოლოოდ გადაიღებ, ზუსტად უნდა ასახავდეს  ადამიანის რეალობას.  ამიტომაცაა ბავშვებისა და მოხუცების გადაღება შედარებით მოსახერხებელი: ვერაფერს მალავს ვერც ერთი, ვერც მეორე. ყველაზე რთული ახალგაზრდის გადაღებაა, დიდი ხანი გჭირდება, რომ გახსნა და დაინახო, ვინ არის.

საერთოდ, ქალები ჩვენზე უკეთ იღებენ. უფრო მგრძნობიარეები არიან. ყველაფრის სხვანაირად დანახვა შეუძლიათ. ომში შემხვედრია ამერიკელი და ევროპელი ქალი ფოტოგრაფები, რომლებიც სააგენტოებისთვის მუშაობდნენ. ფოტოგრაფია, განსაკუთრებით კი პორტრეტი, სულიერი მდგომარეობის კადრზე გადმოტანაა, ეს ქალებს საოცრად გამოსდით“.

კადრები შახ აივაზოვის ომის ფოტოარქივიდან

 

მთავარ ფოტოზე: შახ აივაზოვი. ზურაბ ქურციკიძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან