მთავარი,სიახლეები

რა ფინანსური ზიანი მიიღო „აიისამ“ და რას მოითხოვს ის სტრასბურგში

16.05.2018 • 3027
რა ფინანსური ზიანი მიიღო „აიისამ“ და რას მოითხოვს ის სტრასბურგში

ქართული პრეზერვატივების ბრენდის „აიისას“ სარჩელი სააპელაციო სასამართლოში უკვე შევიდა. როგორც „აიისას“ დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კომპანიის ზიანი ჯერ საბოლოოდ დათვლილი არ არის.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ აგვეკრძალა სამი დიზაინის პროდუქციის რეალიზება, ასევე დაგვევალა ოთხი სახის დიზაინის პროდუქციის ქსელიდან ამოღება.

პროდუქცია იყიდება ცალობითაც და კომპლექტურადაც. ფასების მიხედვით თუ დავიანგარიშებთ, დაახლოებით 6 ათასი ლარის ფინანსურ ზიანზე შეიძლება იყოს საუბარი. აკრძალული დიზაინის პროდუქცია დაახლოებით 600 ცალია გაყიდული და დაახლოებით 300-400 ცალი იქნება დარჩენილი გასაყიდი.

თუმცა სანამ სააპელაციო სასამართლო გაგვამტყუნებს ან პირიქით, მანამდე ჩვენი პროდუქციის გაყიდვა არ შეჩერდება,“ – გვეუბნება ანანია გაჩეჩილაძე.

„აიისა“ დავას აგრძელებს, როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე ის ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად.

„ჩვენ გვედავებიან რეკლამის შესახებ კანონით, რომელიც 1998 წელს არის მიღებული და ბევრი ხარვეზი აქვს. სასამართლოს განჩინებაში კი არ არის დაზუსტებული, ეს აკრძალვა ეხება თუ არა ონლაინგაყიდვებსაც.

ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი კი სწორედ ონლაინ იყიდება. განჩინებაში საუბარია, რომ უნდა აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე, ინტერნეტი კი არის საქართველოც და მთელი მსოფლიოც. ამიტომ ეს ძალიან ბუნდოვანი საკითხია,“ – ამბობს გაჩეჩილაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში „აიისა“, რეკლამის კანონის  არაკონსტიტუციურობას გაასაჩივრებს. „კონსტიტუციაში მიწერია, რომ გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება და დაცულია, კანონში კი ამ უფლებას მიზღუდავენ. სანამ საკონსტიტუციო  დაადგენს ამ კანონის არაკონსტიტუციურობას, ბუნებრივია, ამას დრო დასჭირდება, სააპელაციოს გადაწყვეტილებასაც ალბათ დასჭირდება რამდენიმე თვე, ჩვენ კი მანამდე რეალიზაციის უფლებას ვერ შეგვიზღუდავენ,“ – გვეუბნება „აიისას“ დამფუძნებელი.

იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლოც ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, „აიისამ“ არა მარტო უნდა შეწყვიტოს პროდუქციის რეალიზება, არამედ უნდა გადაიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმაც – 500 ლარი.

„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ვიმოქმედებთ კანონის ჩარჩოებში და ჩვენსას გავიტანთ,“ – ამბობს გაჩეჩილაძე. მისი თქმით, თუკი სააპელაციო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ისინი ევროპის სასამართლოს მიმართავენ და არ დაელოდებიან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ევროპის სასამართლოში მოვითხოვთ მორალური და ფინანსური ზიანის ანაზღაურებასაც. ბუნებრივია აქ მილიონებზე არ იქნება  საუბარი. თუკი  ევროპის სასამართლოს განჩინებამდე დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო რეკლამის კანონის არაკონსტიტუციურობას, ჩვენ სახელმწიფოს მოვთხოვთ ფინანსურ და მორალური ზიანის ანაზღაურებას,“ – ამბობს გაჩეჩილაძე.

„აიისას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი თბილისის მერიამ შეიტანა, მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია რელიგიურ გრძნობებს ლახავს და არღვევს რეკლამის შესახებ კანონს, სადაც საუბარია, რომ რეკლამა, არ უნდა აყენებდეს შეურაცხყოფას  ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასას, პროფესიის, სოციალური საკუთრების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიურ მრწამსს და ა.შ

განცხადებაში, რომლითაც მერიას მიმართეს, წერია, რომ  „აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი (საჩვენებელი და შუათითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს“.

„აიისა“ არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციებს და ის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სასამართლოში კომპანიის უფლებების დამცველის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელზე უკვე მუშაობენ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: