მთავარი,სიახლეები

რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე

16.05.2018 • 55620
რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე

სამი წლის შემდეგ ზუსტად 100 წელი უსრულდება ქალაქ ყარსში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელსაც საზოგადოება ყარსის ხელშეკრულებით სახელწოდებით იცნობს. რა წერია ამ დოკუმენტში და შეიცავს თუ არა ის საფრთხეებს საქართველოსთვის? – „ბათუმელების“ კითხვებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძეს პასუხობს.

ლაშა, ვინ არიან ყარსის ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები – ითვლება თუ არა საბჭოთა რუსეთი მხარედ, თუ მხოლოდ სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში?

ყარსის ხელშეკრულებას წინ უსწრებდა საბჭოთა რუსეთის მიერ ჯერ აზერბაიჯანის, შემდეგ სომხეთისა და საქართველოს ოკუპაცია. სწორედ იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული საქართველოს ოკუპაცია – 1921 წლის მარტში, ახალმა რუსეთმა და ახალმა თურქეთმა მოაწერეს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება 16 მარტს, ზუსტად იმ დღეს გაფორმდა, როდესაც საბჭოთა წითელ ჯარს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბათუმი აღებული. სწორედ 16 მარტს დატოვა ბათუმი საქართველოს ხელისუფლების ნაწილმა. ისინი უცხოეთში გაემგზავრნენ, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რომ გაეგრძელებინათ.

აი, ამ ხელშეკრულებაშივე იყო ახალი საზღვრები მოცემული [არა 1878 წლის რუსეთ-თურქეთის საზღვრები, როდესაც გარკვეულ ტერიტორიაზე თქვა უარი რუსეთმა და შეინარჩუნა გარკვეული ტერიტორია, რასაც თურქები ითხოვდნენ]. ეს საზღვრები, ასე ვთქვათ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებსაც რომ დაედასტურებინათ, ყარსში უკვე გასაბჭოებული სამი რესპუბლიკისა და თურქეთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომელსაც ყარსის ხელშეკრულება ჰქვია. ეს იყო 1921 წლის 13 ოქტომბერს. ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ერევანში მოხდა 1922 წელს.

საქართველომ ამ ხელშეკრულებით დაკარგა ის ტერიტორიები, რომლებზედაც მას ჰქონდა პრეტენზიები – ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, არტაანისა და ართვინის ოკრუგები. დაკარგა ის ტერიტორიები, რომლებიც შუა საუკუნეებში წარმოადგენდა საქართველოს უმნიშვნელოვანეს ნაწილს, საიდანაც დაიწყო საქართველოს გაერთიანება – ტაო-კლარჯეთს ვუწოდებთ ჩვენ, მაგრამ ეს უფრო დიდი ტერიტორიებია, ვიდრე ტაო და კლარჯეთი იყო.

როდესაც რუსეთმა და თურქეთმა ხელშეკრულება დადეს, ეს არ იყო ოსმალეთი, იყო ათათურქის თურქეთი, ანგორის მთავრობა, როგორც მაშინ ამბობდნენ.

ხელშეკრულებაზე საბჭოთა რუსეთს ხელი არ მოუწერია.  ხელშეკრულება ნომინალურად შემდგომში „გაპრავდა“, ვითომ დამოუკიდებელი  ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის მიერ ყარსში.

არის თუ არა ყარსის ხელშეკრულება რაღაც ვადით დადებული, ანუ მისი გაფორმებიდან 100 წლის შემდეგ, 2021 წელს, უქმდება თუ არა ის ავტომატურად?

საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის სხვა ხელშეკრულებებიც დაიდო, შემდგომში გარკვეულ ხელშეკრულებებზე უარი თქვა საბჭოთა კავშირმა. მაგრამ საქართველომ და თურქეთმა კიდევ ერთხელ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, აღიარეს ყარსის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრები. ყარსის ხელშეკრულებაში არ არის არანაირი დრო დათქმული, როდემდე მოქმედებს ეს ხელშეკრულება, ამიტომ ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ 100 წლის შემდეგ ვადა გასდის და ასე შემდეგ, არასერიოზულია. ყარსის ხელშეკრულება მოქმედებს მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე მას არ დაარღვევს. თვითონ ხელშეკრულება არასოდეს არ მთავრდება. ყარსის ხელშეკრულების ნახვა ყველას შეუძლია ინტერნეტში, არსებობს როგორც ინგლისური, ისე ქართული და რუსული თარგმანი. სომხური თარგმანიც კი მაქვს ნანახი. მისი წაკითხვა ყველას შეუძლია.

ანუ დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი წლის შემდეგ თურქეთის მხარეს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება, განაცხადოს პრეტენზიები აჭარასთან დაკავშირებით? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სოციალურ ქსელებში ამ თარიღით მუდმივად აშინებენ ადამიანებს.

ეს არის სრულიად აბსურდული მდგომარეობა და ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რასაკვირველია, თუ თურქეთში რაღაც არ მოხდა. შესაძლებელია ერთ დღეს ბათუმიც მოითხოვონ და ქუთაისიც, მაგრამ დღეს ამისი არავითარი წინაპირობა არ არსებობს. გარდა ამისა, საერთაშორისო საზღვრები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარანტირებული. რუსეთმა რომ დაარღვია ეს საერთაშორისო თანხმობა საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით ყირიმის დაპყრობით, მას სანქციები დაეკისრა. შეუძლებელია თურქეთს პასუხი არ მოეთხოვოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, თუკი თეორიულად დავუშვებთ, რომ რაიმე ტერიტორიულ მოთხოვნებს წაუყენებს საქართველოს.

არა მგონია, ეს შესაძლებელი იყოს არც ყარსის ხელშეკრულებიდან 100 წლის შემდეგ და არც შორეულ მომავალში. რასაკვირველია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ დაიძაბა საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს ძალიან არარეალისტურად მიმაჩნია. და ასევე ეს არ შედის არავის ინტერესებში.

მთავარი აქ ის არის, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული და პრორუსული ძალები, რომლებიც ფინანსებს იღებენ რუსეთიდან, პროპაგანდას ეწევიან: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული, ამის საპირწონედ იყენებენ – რომ, აი, თურქეთსაც ხომ აქვს მიტაცებული საქართველოს ტერიტორიები. მუდმივად ვრცელდება რუკები, რა ტერიტორიები დაკარგა საბჭოთა საქართველომ. ასე, რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი და ჩვენ ამისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი, რადგან ამის რეალისტური საფუძველი არ არსებობს. ყოველმხრივ ცდილობენ, რომ ქართულ-თურქული ურთიერთობები ან გააფუჭონ, ან დაძაბულობა შეიტანონ.

ეს არის ტიპური „ვოთებაუთიზმი“ – როდესაც ლაპარაკობ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, მაშინვე გეუბნებიან „ვოთ ებაუთ“? „ვოთ ებაუთ“ არის, მაგალითად, ტაო-კლარჯეთი, ის რატომ არ გახსოვს? ტაო-კლარჯეთი საქართველომ, სამწუხაროდ, დაკარგა საუკუნეების წინ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაგვართვეს მას შემდეგ, რაც საქართველო აღიარებულ იქნა იმ საზღვრებში, რომელიც ჰქონდა საბჭოთა საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული. ამის ერთსა და იმავე დონეზე დაყენება – ტაო-კლარჯეთისა და აფხაზეთის, არის წარმოუდგენლად დიდი სისულელე, ღრმა პროპაგანდისტული მონაჩმახი და ამიტომ არ უნდა ავყვეთ ამგვარ სისულელეებს.

საუკუნეების განმავლობაში საზღვრები მუდმივად იცვლებოდა. რასაკვირველია, საქართველოს ცუდი ბედის მაჩვენებელია ის, რომ ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია დღეს დაკარგულია და სხვა სახელმწიფოშია, მაგრამ ეს არის რეალობა – მსოფლიოს ისტორია და ჩვენი ისტორიაც. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუკი ასე მივუდგებით საზღვრებს, მაშინ სხვებსაც შეუძლიათ ჩვენი საზღვრებისადმი პრეტენზიები განაცხადონ. არ დაგვავიწყდეს, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველო გაყოფილი იყო ჩვენ ორ დიდ მეზობელ სახელმწიფოს შორის – ეს იყო ოსმალეთისა და ირანის იმპერიები. შუა საქართველოში გადიოდა საზღვარი, დასავლეთის ნაწილი იყო ოსმალეთის გავლენის სფერო, აღმოსავლეთი – სპარსეთის. ვნახოთ ძველი რუკები, სადაც ამას ძალიან ცხადად დავინახავთ. მაშინ მათაც შეუძლიათ პრეტენზიები ჰქონდეთ ჩვენს ტერიტორიებზე, ისე როგორც ჩვენ გვაქვს ისტორიულად ქართულ ტერიტორიებზე.

ამისგან ძირეულად განსხვავებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევა. ის, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში, არის საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. მათ ბევრად უფრო მოქნილად გააკეთეს ამ ტერიტორიების ოკუპაცია [არა ისე, როგორც ყირიმში, სადაც პირდაპირ შეიყვანეს რუსული ძალები] – გამოაცხადეს, რომ სეპარატისტები გამოეყვნენ საქართველოს. ჩვენ ამ პროპაგანდას ვიზიარებდით მეტ-ნაკლებად – წლების განმავლობაში ვხმარობდით რუსეთში მოგონილ ისეთ ტერმინს, როგორიც არის ქართულ-აფხაზური ომი. ეს არ ყოფილა ქართულ-აფხაზური ომი, ეს იყო ომი აფხაზეთისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის, როცა მოხდა აფხაზი სეპარატისტების ინსტრუმენტალიზაცია.

თურქულმა მხარემ კარგად იცის, როგორ იყენებენ ქართული ნაციონალისტური ძალები ყარსის ხელშეკრულებას, რომელიც 1992 წლის 30 ივლისს, შევარდნაძისა და დემირელის მიერ ხელმოწერილჩარჩო ხელშეკრულებაშიცარის ნახსენები. „მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებით“, წერია ამ ჩარჩო ხელშეკრულებაში. ნაციონალისტური ჯგუფების მოსაზრებით, შევარდნაძეს მაშინ თურქეთმა აიძულა, რომ 1992 წლის ხელშეკრულებაშიც დაფიქსირებულიყო ყარსის ხელშეკრულება. რატომ დასჭირდათ ამ ხელშეკრულების გახსენება მე-20 საუკუნის ბოლოს მხარეებს?

საქართველომ და თურქეთმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ყარსის ხელშეკრულებით გარანტირებული საზღვრები შემდგომშიაც იქნება ასევე გარანტირებული. ეს არის ბუნებრივი და თავისთავად ცხადი, რომ სწორედ მესამე ძალას არ გამოეყენებინა ის ისტორიული წარსული, რომელიც ჰქონდათ თურქეთსა და საქართველოს ერთმანეთთან მიმართებაში და არ დაეყენებინათ ეჭვქვეშ ის საზღვრები, რაც უკვე არსებობს.

ამ თემის კრიტიკოსების აზრით, რადგან ფაქტობრივად აღარ არსებობენ ის ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ყარსის ხელშეკრულებას, ურთიერთობა თავიდან ამ ხელშეკრულების ხსენების გარეშე უნდა დაწყებულიყო…

თურქეთი თავს მიიჩნევს ოსმალეთის სამართალმემკვიდრედ, მაგრამ, გარდა ამისა, ათათურქის თურქეთი და დღევანდელი თურქეთი, მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, რაც ჩვენ თვალწინ ხდება, დღეს არის იგივე სახელმწიფო. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ თურქეთი, ყარსის ხელშეკრულება იქნება თუ სხვა ხელშეკრულებები, რომლებიც მაშინ დაიდო, უყურებს ისე, როგორც მისი სახელმწიფოს მიერ დადებულ ხელშეკრულებებს. მეორეც, საქართველოს უნდოდა და სწორი დამოკიდებულებაა, აღიარებული ყოფილიყო იმ საზღვრებში, რომლებიც საბჭოთა საქართველოს საზღვრები იყო და რასაკვირველია, საქართველომაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი [მაშინ, როდესაც ჩარჩო ხელშეკრულება დადო თურქეთთან], რომ მისი საზღვრები არის საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრები. ვინც აკრიტიკებს ამ ფაქტს, მათ ან რეალობა არ ესმით, ან არ უნდათ, რადგან ამ სისულელეებით ასხამენ წყალს რუსული პროპაგანდის წისქვილებს.

დღევანდელი რუსეთი მუდმივად არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დიდია იმის საფრთხე, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაძრას თავისი სამხედროები თბილისისკენ. ესეც ხომ გასათვალისწინებელია?

ნამდვილად, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორია არის ოკუპირებული, როდესაც შენი ქვეყნის საზღვარს ვერ აკონტროლებ, დე-ფაქტო საზღვრებს, რომლებიც თავს მოგახვიეს, ვერ აკონტროლებ, ეს არის წარმოუდგენლად სერიოზული პრობლემა. ჩვენ უამრავი დევნილი გვყავს ჩვენივე ტერიტორიებიდან, ეს უზარმაზარი ტვირთია და თუ დღეს ვინმესთან კონფლიქტში ვიმყოფებით, რასაკვირველია, ეს არის რუსეთი. მე ვიტყოდი, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო შედგა დამოუკიდებლობის გზაზე, სულ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში რუსეთთან. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით ომში რუსეთთან. ამ ომს აქვს ცხელი და ცივი ფაზები. ცხელი ფაზა იყო სულ ბოლოს 2008 წელს, როდესაც რუსეთი პირდაპირ და ღიად შემოიჭრა. მანამდე ცხელი ფაზები იყო ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ომი. არის მათ შორის ცივი ფაზები, მაგრამ როდის გადავა ცხელ ფაზაში, ჩვენ არ ვიცით, რადგან ეს ყოველდღეა მოსალოდნელი იმპერიალისტური რუსეთისგან.

სწორედ აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, თუ, ვთქვათ, რუსეთი განაახლებს ომს, ყარსის ხელშეკრულება იქნება თურქეთისთვის სამართლებრივი ბერკეტი, რომ მან პრეტენზია განაცხადოს აჭარაზე? არის ყარსის ხელშეკრულებაში ეს ნაღმი ჩადებული?

საქართველოსა და რუსეთს შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აგერ უკვე თითქმის 30 წელია მიმდინარეობს ომი. ამ 30-წლიანი ომის განმავლობაში, რომელსაც აქვს ცხელი და ცივი ფაზები, არც ერთხელ თურქეთს არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია ბათუმსა და აჭარაზე. გაურკვეველია, რატომ უნდა განაცხადოს მომავალში.

ეს არის მუდმივი შიშის შექმნის მცდელობა სწორედ იმისთვის, რომ რუსული ზღაპრები გავიმეორეთ და ვთქვათ, რომ ვაიმე, თუ რუსეთი არ დაგვიცავს, აბა, ვინ დაგვიცავს, საშინელება მოხდება, თურქები მოვლენ და დაგვიპყრობენ – ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა, რომელსაც ან ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ან ადამიანებს, რომლებიც ამ სისულელეს იმეორებენ, ვუთხრათ, რომ ისინი რუსული პროპაგანდის ტყვეობაში არიან. თუ, რა თქმა უნდა, თავად არ არიან პროპაგანდისტები, რომლებიც ამისათვის შესაბამის ხელფასს იღებენ.

თუ გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა, ვთქვათ, რეფერენდუმის გზით, რომ უნდა გაუქმდეს აჭარის ავტონომია, ყარსის ხელშეკრულება იქნება შემაფერხებელი ფაქტორი?

იქნება შემაფერხებელი, რადგან ყარსის ხელშეკრულებაში დევს, რომ აჭარის ავტონომია ყარსის ხელშეკრულებით არის გარანტირებული. ვფიქრობ, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. მომავალში თუ დადგება ეს საკითხი, რასაკვირველია, შეიძლება გამოიყენონ თურქულმა ნაციონალისტურ ისლამისტურმა წრეებმა იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული ანტიპათიები გააღვივონ თურქეთში. ეს არც საქართველოსთვის და არც თურქეთისთვის მომგებიანი არ იქნება.

თურქეთისთვის რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს აჭარაში ავტონომიის სტატუსის შენარჩუნება და რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი?

თურქეთისთვის, ალბათ, დიდად მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ რადგან 1992 წელს კიდევ ერთხელ ვაღიარეთ [საქართველომ და თურქეთმა] ყარსის ხელშეკრულება, ამით გარანტირებულია არამარტო საზღვარი, არამედ აჭარის ავტონომიაც. პოლიტიკურად თურქეთის მთავრობა, სულ ცოტა, იძულებული იქნება, რომ პროტესტი განაცხადოს ამასთან დაკავშირებით.

მე ვიტყოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო მეტად ფედერალური სახელმწიფო იყოს. ის, რომ ბათუმში გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუციები არსებობს, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი. ის, რომ ქუთაისში არსებობს საქართველოს პარლამენტი, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მიმაჩნია, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ავტონომია, რომელიც აჭარას აქვს, შეიძლება გამოგვადგეს იმაში, რომ საქართველოს ფედერალიზაცია მოხდეს. ფედერალური სახელმწიფო კი ნიშნავს ფედერალური სტრუქტურების არსებობას.

ყარსის ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე რამდენი სუბიექტია – ოთხი თუ ორი, ანუ საქართველო დამოუკიდებელ მხარედ ითვლება, თუ სხვა ორ ქვეყანასთან ერთად არის მხარე?

ყარსის ხელშეკრულებაში თეორიულად ოთხი მხარეა. გულახდილად რომ გითხრათ, მე არ ვიცი თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვართან მიმართებაში თუ მოხდა რაიმე განახლება, ისე როგორც 1992 წელს საქართველოსა და თურქეთს შორის, მაგრამ რადგან არსებობს 1992 წლის ჩანაწერი საქართველოსა და თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში და მითითება არის გაკეთებული ყარსის ხელშეკრულებაზე, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ აჭარის ავტონომია იქნება თუ საზღვრები, ეს არის ამ ორი ქვეყნის საკითხი და ამაში მესამე ქვეყანას, რომელიც თავის დროზე თანახელმომწერი იყო ამ ხელშეკრულებისა, არავინ დაეკითხება.

სტალინის მეხოტბე ჯგუფები წერენ, რომ სტალინი ძალიან განიცდიდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის თურქეთის საზღვრებში დატოვებას და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთს მოსთხოვა ამ ტერიტორიების საქართველოსთვის გადმოცემა. რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?   

გერმანია ძალიან ბევრს ეცადა, მეორე მსოფლიო ომში თურქეთი რომ ჩაება, ისე, როგორც პირველ მსოფლიო ომში იყო ოსმალეთის იმპერია ჩაბმული, მაგრამ გერმანელებმა ამას ვერ მიაღწიეს. ამის მიუხედავად საშიშროება იმისა, რომ თურქეთი ამ ომში ჩაებმებოდა და ჩვენი კავკასიური საზღვარიც ისევ გახდებოდა საომარი ტერიტორია, მთელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო ძალიან სერიოზული თემა. საბოლოო ჯამში, საბჭოთა ხელისუფლებამ ეს გაიხადა საბაბად, რომ მესხეთელი მუსლიმები გაესახლებინა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიიდან – მესხეთიდან და ჯავახეთიდან 1944 წელს. შემდეგში, როდესაც გერმანია ომში მარცხდებოდა, საბჭოთა კავშირს გაუჩნდა ამბიციები…

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირი საქართველოსა და სომხეთისთვის არ იბრძოდა. ხშირად გაიგონებთ, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთმა გააერთიანა გაგლეჯილი საქართველო და ამის გამო ჩვენ რუსეთის მადლიერები უნდა ვიყოთ. რუსეთმა, რასაკვირველია, ტერიტორიები დაიპყრო, სხვადასხვა ხელშეკრულებით სწორედ ჩვენი, ქართული და ნაწილობრივ სომხური ისტორიიდან გამომდინარე, იმპერიალისტური მიზნებით, რომ გაეზარდა საკუთარი ტერიტორია. სტალინის დროსაც, 1945 წელს, იყო რუსეთის საბჭოთა იმპერიის გაზრდის პირდაპირი ინტერესი და მათ შორის თურქეთის ტერიტორიის ხარჯზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი დიდი ოცნება რუსეთის იმპერიისა არის ის, რომ აკონტროლოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. ის, რომ გავლენა ჰქონდეს და დაიბრუნოს კონსტანტინოპოლი, რომელსაც რუსები ცარიგრადს უწოდებენ და ამით მართლმადიდებლური რუსული იმპერია უფრო ძლიერი გახადოს, რადგან ბიზანტიის პირდაპირ მემკვიდრედ მიიჩნევს თავს რუსეთი. როდესაც სტალინმა ეს ტერიტორიული მოთხოვნები დააყენა, მაშინ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სრუტეების კონტროლი. რადგან შავი ზღვა ჩაკეტილი ზღვაა, რუსეთისთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, არამხოლოდ სულიერების თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობითაც – სურდა,  სრუტეებზე უფრო ადვილი წვდომა ჰქონოდა.

სტალინურმა პოლიტიკამ, რასაკვირველია, ბევრი ქართველის გულში გააჩინა იმედი, რომ დაიბრუნებდნენ ისტორიულ ქართულ ტერიტორიებს. ზუსტად იგივე ხდებოდა სომხეთში. ჩვენთან იწერებოდა სტატიები და ლექსები – „ტაო, ტაო საქართველოს მცირე დაო“ და ასე შემდეგ. ოცნებობდნენ ტრაპიზონის ობკომის მდივნებზე. მაშინ, რასაკვირველია, იყო თანხვედრა ქართულ-სომხური სურვილებისა და რუსეთის იმპერიალისტური მიზნების.

კიდევ ერთხელ რომ შეაჯამოთ – თუ რაიმე განსაკუთრებული კატაკლიზმები არ მოხდა სამყაროში, 2021 წელს არავითარი ცვლილება არ იქნება ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე?

ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ძალიან ჩქარი ტემპით იცვლება და ვხედავთ, როგორი არასასურველი ცვლილებები ხდება ჩვენ გარშემოც. ასე, რომ რა მოხდება რამდენიმე წლის შემდეგ, ძნელია თქვა. მაგრამ არავითარი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ თურქეთმა მოითხოვოს საქართველოს ტერიტორია, რასაკვირველია, პირველ რიგში, აჭარას ვგულისხმობ, არ არსებობს. არანაირი წინაპირობა ამისა, არ არსებობს.

თუ მსოფლიო ომი დაიწყო და დაირღვა მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფუნქციონირებდა, ძნელია წინასწარ მკითხაობა, რა იქნება. მაგრამ არანაირი შიში იმის გამო, რომ ასი წელი გადის 2021-ში, საჭირო არ არის. 21 წელზე როდესაც საუბრობენ პროპაგანდისტები, რატიფიცირება ამ ხელშეკრულებისა მოხდა 1922 წელს და თუკი მაინც და მაინც 100 წელზეა ლაპარაკი, მაშინ 2022 წლის შიში უნდა იყოს და არა 2021 წლის.

კარგი იქნება, თუ შეშინებული ხალხი ამ პროპაგანდაზე იტყვის უარს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: