მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია კაფეების მეპატრონეებს აფრთხილებს

15.05.2018 • 3991
ბათუმის მერია კაფეების მეპატრონეებს აფრთხილებს

“ბათუმელები” დღეს, 15 მაისს, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კაფეს შესახებ წერდა, რომელსაც მაგიდებითა და ყუთებით  ტროტუარი სრულად ჰქონდა ათვისებული. მეპატრონე დაინტერესდა, ვისი დაკვეთით გავაშუქეთ მისი კაფეს შესახებ და გამოთქვა პრეტენზია, რომ მხოლოდ ის რატომ გამოვარჩიეთ.

რადგან ეს საკითხი აქტუალურია, „ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, რის გაკეთებას აპირებს ბათუმის მერია, რომ კერძო მფლობელებმა ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი სივრცე სრულად ვერ გადაკეტონ? – ამის შესახებ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ვკითხეთ.

მერიის  ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, თენგიზ მესხიძის თქმით, პირმა, ვისაც ტროტუარების ათვისება აინტერესებს, მერიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი აზომვითი ნახაზი. „პირობითად, თუ სამი მეტრია ეს სივრცე, მას შეეძლება მხოლოდ 2.20 მეტრი აითვისოს. უნდა დატოვოს სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის“.

თენგიზ მესხიძეს ვკითხეთ აპირებენ თუ არა იმ სხვა კაფეების დამონიტორინგებას, რომელთაც ტროტუარზე აქვთ მაგიდები გამოტანილი და არ აქვთ შესაბამისი ნებართვა ან დარღვეული აქვთ სანებართვო პირობები.

“შემიძლია გაჩვენოთ რამდენი ოქმი მაქვს დაწერილი. 200 ოქმიდან 80%-ი მარტო მაგ შეზღუდვებზეა. ოქმებს ვწერთ ყველა მსგავს შემთხვევაზე, ვაგზავნით სასამართლოში და სასამართლო აჯარიმებს. თუ ინდმეწარმეა 500-ლარიანი ჯარიმა გვაქვს, შპს ან იურიდიული პირის შემთხვევაში კი უკვე 1500 ლარს ვწერთ,” – ამბობს მესხიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზედამხედველობა მონიტორინგს მიმდინარე რეორგანიზაციის გამო ინტენსიურად ვერ ახორციელებს.

“მერიაში მოხდა რეორგანიზაცია. ზედამხედველობის სამსახური დაიშალა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება მიუერთდა ქონების მართვის განყოფილებას. ამჟამად 11-ის ნაცვლად ვმუშაობთ მხოლოდ ორი ადამიანი. გამოცხადებულია კონკურსი, შემოგვემატება თანამშრომლები და სადღაც ამ თვის ბოლოს  ყველაფერი დალაგდება. მე და ჩემი ერთი თანამშრომელი რამდენ ობიექტზეც  ვაწყდებით დარღვევას, იმდენ ოქმს ვწერთ.  შეუვალი ვიქნებით. არ იქნება ნებართვა, ყველას დავაჯარიმებთ. არ გვაინტერესებს ვინ იქნება და რა. არავის სატელეფონო ზარს არ მივიღებთ. ყველას მიმართ ვიქნებით მკაცრი, თუ არ იქნება ნებართვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს შევადგენთ,” – ამბობს თენგიზ მესხიძე.

ამავე თემაზე:

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: