სიახლეები

„ბათუმის წყლის“ განმარტება მილიონიან ტენდერთან დაკავშირებით

15.05.2018 • 2340
„ბათუმის წყლის“ განმარტება მილიონიან ტენდერთან დაკავშირებით

11 მაისს batumelebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია – „ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები“.  „ბათუმელები“ სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმის წყალს“ რამდენჯერმე დაუკავშირდა და მათი პოზიცია სადავო ტენდერთან დაკავშირებით სტატიაშიცაა დაფიქსირებული. „ბათუმის წყალს“ ამ ტენდერთან სურს დამატებით გააკეთოს განმარტება. კომპანიის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„კომპანია „ბათუმის წყალი“ შესყიდვების განხორციელების დროს ხელმძღვანელობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის დადგენილი ნორმებით, ყოველთვის იცავს სამართლებრივ, ორგანიზაციულ, თუ ეკონომიკურ პრინციპებს.

„ბათუმის წყალმა“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით 2017 წლის 28 დეკემბერს გამოაცხადა ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 მილიონ 50 ათას 700 ლარს და მისი ათვისება მოხდება საჭიროებიდან გამომდინარე.

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ – შპს „გ.დრაივმა“ და შპს „თაზუმ“. ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან მომსახურების გაწევის მიზნით ყველაზე დაბალი ფასი შპს „გ.დრაივმა“ დააფიქსირა. შემდგომში ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისა და მოთხოვნილი დოკუმენტაციების წარმოდგენისას შპს „გ.დრაივი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან, რისი ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი გახდა შპს „თაზუს“ მიერ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში შეტანილი საჩივარი.

ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ტენდერში, მეორე ყველაზე დაბალი ფასის შემომთავაზებელი კომპანია იყო შპს „თაზუ“. „ბათუმის წყალმა“ აღნიშნული პრეტენდენტს მიმართა ხარვეზებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტების მიზნით. საბოლოოდ, შპს „თაზუს“ მიერ მოწოდებულ საიჯარო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო სამართლებრივი ნორმებიდან გადახვევა, რასაც არ ეთანხმებოდა პრეტენდენტი და შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში შეიტანა საჩივარი. დავების საბჭომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 10 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, შპს „თაზუს“ საჩივარი დაკმაყოფილებულ იქნა ნაწილობრივ და შპს „ბათუმის წყალს“ დაევალა გადაესინჯა მიღებული გადაწყვეტილება და მოეხდინა „თაზუს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება.

შპს „თაზუს“ მიერ დაფიქსირებულ განცხადებასთან დაკავშირებით, – „ბათუმის წყალი“ დღემდე არ ახდენს დავების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებას“, გვსურს გაცნობოთ, რომ „ბათუმის წყალის“ სატენდერო კომისიამ დავების საბჭოს მიერ 3 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2018 წლის 8 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა წერილით, რათა სააგენტოს გაეწია ტექნიკური დახმარება და მოეხდინა ტენდერის ეტაპიდან – „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „შერჩევა-შეფასების“ ეტაპზე დაბრუნება, რაც სააგენტოს მიერ ამ დრომდე არ განხორციელებულა, შესაბამისად „ბათუმის წყალი“ მოკლებულია შესაძლებლობას ეტაპის დასრულებამდე განახორციელოს რაიმე ქმედება“.

„ბათუმის წყლის“ წერილი შესყიდვების სააგენტოს / წყარო: „ბათუმის წყალი“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: