რა არის ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და რა სარგებელი შეიძლება ნახონ ამით „ბარიგებმა“

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ქართული ნარკოპოლიტიკა შეიძლება დახასიათდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მსოფლიოში და უპირობოდ ყველაზე მკაცრი ევროპის რეგიონში.

საზოგადოების ნაწილი საკანონმდებლო რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებლების გაზრდას გამოიწვევს.

კვლევამ, რომელიც ეყრდნობოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization) მიერ 17 ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებს, დაადგინა: „მსოფლიოში ნარკოტიკების მოხმარება… არ არის დამოკიდებული ნარკოპოლიტიკაზე, რადგანაც იმ ქვეყნებში, რომლებსაც უმკაცრესი ნარკოპოლიტიკა აქვთ მომხმარებლის მიმართ, არ აღინიშნება მოხმარების უფრო დაბალი დონე, ვიდრე ლიბერალური კანონის მქონე ქვეყნებში“.

ნიშნავს თუ არა მეტი დასჯილი ნაკლებ მომხმარებელს, რა არის ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და რატომ არის აუცილებელი დღეს არსებული კანონმდებლობის შემსუბუქება. „ბათუმელები“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის EMC პროექტების კოორდინატორს, გურამ იმნაძეს ესაუბრა.

რას ნიშნავს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა? რა ტიპის ნარკოპოლიტიკა გვაქვს ახლა და რატომ არის საჭირო ცვლილება?

პირველ რიგში, არსებულ მდგომარეობას შევაფასებ. ორ სიტყვაში შეიძლება დავახასიათოთ – ეს არის რეპრესიული და არაეფექტური. რეპრესიულობა გამოიხატება იმაში, რომ განურჩევლად იმისა, ადამიანი მომხმარებელია, თუ შეიძინა და ინახავს გასაღების მიზნით, ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკის მცირე დოზის ფლობისთვის ძალიან მძიმე სამართლებრივი მსხვერპლი ხდებიან. ეს სანქცია შეიძლება იყოს რამდენიმეწლიანი პატიმრობა. ამას ემატება სახელმწიფოსგან მომდინარე სტიგმა ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ. მეორე მხრივ, სახელმწიფოს უმოქმედობა, პასუხისმგებლობის გაუაზრებლობა რეაბილიტაციის, პრევენციის მიმართულებით, საბოლოო ჯამში, იწვევს ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობას, რადგან ნარკოპოლიტიკა არ დგას მხოლოდ ნარკოტიკის გასაღებაზე.

ჩვენ დღეს სახელმწიფოს ვხედავთ სწორედ იმ მექანიზმებით, რომელიც საჭიროა ნარკოტიკის გამსაღებელთან მიმართებაში, მაშინ, როცა ნარკოტიკის მოხმარებას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნარკოტიკის მოხმარებას ძალიან ბევრი შედეგი აქვს, რასაც დასჯა ვერ შველის და ვერ ხედავს სისხლის სამართლის სასჯელი და ამ მიმართულებებით არის საჭირო ღონისძიებების გატარება. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ვისაუბროთ ეფექტურობაზე. ეს რიცხვებითაც ჩანს, როცა ჩვენ წლიდან წლამდე გვეზრდება პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებლის რაოდენობა. და ძალიან ბევრი ადამიანის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობა უარესდება ამ პოლიტიკის პირობებში.

რას მოიტანს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა?

ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ არის საბოლოო მიზანი. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ბაზისი, რომელიც ქმნის კარგ გარემოს იმისთვის, რომ სახელმწიფომ გაატაროს ეფექტური ნარკოპოლიტიკა.

ეს რაში გამოიხატება. მას შემდეგ თუკი ჩვენ ნარკომომხმარებლებს მხოლოდ მოხმარების გამო აღარ დავუძახებთ კრიმინალებს და ამის საპირწონედ მათ ექნებათ შეთავაზებული ადეკვატური სამკურნალო/სარეაბილიტაციო პროგრამები, ადამიანები ამ პროგრამებს მიაკითხავენ, მიხედავენ თავიანთ პრობლემებს. ამავდროულად, აუცილებელია პრევენცია, პრევენცია სასკოლო ასაკიდან.

2016 წლის კვლევებით შედარებული იყო სასკოლო ასაკში ნარკოტიკის მოხმარების დონე მოზარდებში ჩვენი და ევროპის საშუალო მაჩვენებელი. ჩვენ აქაც სამწუხარო მაჩვენებელი გვაქვს, როდესაც მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ინჰალატები და ასე შემდეგ არის თითქმის ორჯერ მეტი მოხმარების დონე სასკოლო ასაკში. ეს არის ტრაგიკული და კატასტროფული.

ამაზე, სამწუხაროდ, სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ დასჯიდან გადავიდეთ სახელმწიფო ზრუნვასა და დახმარებაზე იმ ადამიანების, ვისაც ეს სჭირდება.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ თუ ნარკოპოლიტიკა იქნება ლიბერალური, გამარტივდება ქვეყანაში ნარკოტიკის შემოტანა.

აქ უნდა გაივლოს მკაფიო ზღვარი, თუ რას შეეხება ლიბერალიზაცია. ეს შეეხება ნარკოტიკის საზღვარზე შემოტანას, მის გაყიდვას, თუ ეს შეეხება ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობას. მეორე შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა იგივე საზღვრის კონტროლის კუთხით და თუნდაც ქვეყანაში ნარკოტიკის ამოღების კუთხით სამართალდამცავებს აბსოლუტურად იგივე მექანიზმები რჩებათ.

რაღაც ეტაპზე, ლიბერალიზაციის შემდეგ, როდესაც საზოგადოებაში ეიფორია შეიძლება იყოს, შეიძლება მოიმატოს კიდეც ან მოხმარების დონემ, ან მოთხოვნამ ნარკოტიკებზე მცირე დროის მონაკვეთში, ხოლო მას შემდეგ, როცა უკვე გარკვეული ეფექტები ექნება მეორე მიმართულებით პრევენციულ, სარეაბილიტაციო პროგრამებს, ამ ვითარებაში მინიმუმ შეეძლება სახელმწიფოს, რომ ისაუბროს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაზე და  შორეულ პერსპექტივაში, ასევე ნარკოტიკის მოხმარების რაოდენობის შემცირებაზე.

ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები არ უნდა დაისაჯონ. შესაბამისად, თუ არ უნდა დაისაჯონ ე.ი. უნდა არსებობდეს მიწოდების ლეგალური უფლება. ამ ნაწილში მაინტერესებს, რა როგორ უნდა მოხდეს?

ლიბერალიზაცია აუცილებლად არ გულისხმობს, რომ ნარკოტიკები რაღაც ჭრილში მოექცეს ლეგალურ ფარგლებში. თუმცა, მაგალითად, ჩვენ გვაქვს მეტადონის პროგრამა, ნარკოტიკის მომხმარებლები თავისუფლად იღებენ მეტადონს და ეს პროგრამა ძალიან ბევრი ოჯახის და ადამიანის მშველელი გამოდგა. ეს ადამიანები უკანონო მდგომარეობიდან გადმოვიდნენ ლეგალურ სფეროში, სახელმწიფო ხედავს მათ. სახელმწიფო ხედავს ასევე იმას, თუ რა პრობლემები აქვთ მათ ჯანდაცვის კუთხით, რა გამოწვევები არსებობს და ა.შ. ამიტომ ასეთი პროგრამები თუკი გამრავალფეროვნდება და თუკი უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს წამალდამოკიდებულება, აქაც უფრო ეფექტიან პოლიტიკაზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა აზრით, პოლიტიკის შემსუბუქება ხელს შეუწყობს ნარკოტიკის გამსაღებლებს ე.წ. ბარიგებს. რეალურად რა მოხდება ამ მიმართულებით?

ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს და თუკი არასწორი ფორმით გაკეთდება რეფორმა, ეს შედეგი შეიძლება ნამდვილად მივიღოთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიდგომა შეიცვალოს და ნარკოტიკის მოხმარების პრობლემას სხვა მექანიზმები დავუპირისპიროთ, რაც არის უფრო მეტად ეფექტიანი. სინამდვილეში ამაზე რთული მდგომარეობა მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მივიღოთ.

დღეს სახელმწიფო ვერ ხედავს ამ პრობლემის მასშტაბებს. დღეს სახელმწიფომ არ იცის რა ნარკოტიკს მოიხმარს საერთოდ ქვეყნის მოსახლეობა. ამ კონკრეტულ ნარკოტიკებს რა პრობლემები ახლავს, რა ჯანდაცვის თუ სხვა ტიპის რისკები ახლავს თან. ამაზე რთული მდგომარეობა რთული წარმოსადგენია. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა შემსუბუქდეს, ეს არ არის გამოსავალი.

დეკრიმინალიზაცია რას უნდა შეეხოს და ამაში იგულისხმება  თუ არა კლუბური ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაც?

დეკრიმინალიზაცია არ არის ის, რომ ნარკოტიკი ხდება აბსოლუტურად ან ზოგადად ნარკოტიკი ხდება ხელმისაწვდომი. ამ ადამიანებს აღარ ვეძახით კრიმინალებს, თორემ ნარკოტიკის მოხმარება კვლავაც არის დასჯადი ადმინისტრაციული წესით. ხოლო ნარკოტიკის ფლობა ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება კონფისკაციას და თუ მცირედზე მეტი ოდენობით არის ის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კანონპროექტი რაზეც ვმუშაობდით, ასეთი ხედვა იყო წარმოდგენილი.

ასეთ შემთხვევაში ჩვენი მიდგომაა, რომ, პირველ რიგში, მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებს სჭირდებათ პოლიტიკის მიდგომების შემსუბუქება, რადგან ყველაზე მძიმე ჯანდაცვითი თუ სოციალური პრობლემები მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებს აქვთ. ჩვენ დეკრიმინალიზაცია არ წარმოგვიდგენია ისეთ გამოსავლად, რომ გაკეთდეს დეკრიმინალიზაცია, მათ შორის ისეთ ნარკოტიკებზე, რომელიც არის ნაკლებად საზიანო – იქნება ეს კლუბური ნარკოტიკი თუ მარიხუანა. ამან  შეიძლება არასწორი განწყობები გამოიწვიოს საზოგადოებაში, თითქოს დეკრიმინალიზაცია იმიტომ ხდება, რომ რაღაც ნარკოტიკი არ არის საზიანო და ნორმალურია მისი მიღება და არავითარი რისკები არ ახლავს. ეს ასე ნამდვილად არ არის და ნებისმიერი ნარკოტიკი, ცხადია, განსხვავებული ინტენსივობით და მასშტაბებით, იწვევს ეფექტს, ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ამიტომ ერთიანი მიდგომაა საჭირო და  საჭიროა ზუსტად იმიტომ, რომ მძიმე ნარკოტიკს აქვს ყველაზე მეტი პრობლემები. ამ ადამიანების გამოყვანა ჩრდილიდან… დღეს ისინი იმალებიან და ვერ ხედავს მათ სახელმწიფომ. მათი პრობლემები არის უხილავი და, ბუნებრივია, შეუძლებელია ამ პრობლემების მოსაზრებაზე საუბარი. ამიტომ, პირველ რიგში, უბრალოდ, მე ხაზს ვუსვამ პრობლემის კომპლექსურობას. დეკრიმინალიზაცია უნდა შეეხოს არა კონკრეტულად  რომელიმე მსუბუქ ნარკოტიკს, არამედ ყველა ნარკოტიკის მოხმარებას.

რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში არსებული ნარკოპოლიტიკის მოდელი შეგიძლია მოიყვანოთ მაგალითად?  

იდეალური მოდელი არ არსებობს და ქვეყნებს თავიანთი კონტექსტის გათვალისწინებით აქვთ კონკრეტული მოდელი და კანონმდებლობა შემუშავებული. ჩვენთვის, მაგალითად, საინტერესო იყო პორტუგალიის მოდელი.

მათ აქვთ ეფექტური ინსტრუმენტები პრევენციის თვალსაზრისით. პორტუგალიელებმა შექმნეს ყველა ქალაქში კომისიები, რომლის ერთადერთი მიზანი იყო პრევენცია და ნარკოტიკების მომხმარებლის მხარდაჭერა. თუკი მათ სჭირდებოდათ სამედიცინო დახმარება, ისინი აწვდიდნენ ამ პროგრამებზე ინფორმაციას. თუკი ასეთი საჭიროება არ იყო, უბრალოდ, პრევენციის მიზნით განუმარტავდნენ მოქალაქეებს, რა ზიანი აქვს ნარკოტიკის მოხმარებას და ასე შემდეგ.  ეს იყო ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დამოკიდებული. ასეთი მექანიზმი იქნებოდა ძალიან  კარგი ხიდი სახელმწიფოსა და ნარკოტიკის მომხმარებელს შორის. დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს და ძალიან დიდი უფსკრულია ამ ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის.

პორტუგალიაში, მას შემდეგ, რაც ეს რეფორმა გატარდა, პოლიციური რესურსი გადამისამართდა საზღვრის კონტროლზე. ნარკოტიკის გასაღებაზე და მასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულზე. და თუკი მანამდე პორტუგალიელი სამართალდამცავები იღებდნენ გრამობით უკანონო ნარკოტიკს, რეფორმის შემდეგ მათ დაიწყეს ბევრად მასშტაბური დანაშაულების გახსნა – მათ მეტი რესურსი გაუჩნდათ ამ მიმართულებით საბრძოლველად.

დღეს, მკაცრი ნარკოპოლიტიკის პირობებში, ნარკოტიკი საქართველოში მაინც შემოდის და არც მომხმარებელთა რიცხვი არ შემცირებულა. მიზეზი რა არის ამის?

კვლევებით ნამდვილად დასტურდება, რომ პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა გაზრდილია ქვეყანაში და ამის მიზეზი არის ის, რომ როგორი იდეალური სადამსჯელო ღონისძიებებიც არ უნდა გქონდეს, იმის ილუზია ვერ გვექნება, რომ ნარკოტიკს  მთლიანად გააქრობს სახელმწიფო. პირიქით, ასეთ ვითარებაში ნარკოტიკების შემომტანები ყოველთვის მოიფიქრებენ რაღაც ახალ გზას. თუკი უფრო ეფექტიანი არ იქნება სახელმწიფოს თანამშრომლობა ნარკოტიკების მომხმარებელთან, რომელმაც სინამდვილეში ყველაზე მეტი იცის იმ გამოწვევების და პრობლემების თაობაზე, რაც ამ კუთხით არსებობს, ასეთ შემთხვევაში პრობლემა უფრო გაღრმავდება და დამძიმდება. სწორედ ეს ხდება დღეს საქართველოში.

პრევენციის მექანიზმი – რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რას უნდა აკეთებდეს და არ აკეთებს?

სკოლაში უნდა შევიდეს ინფორმაცია და ეს უნდა გააკეთონ კვალიფიციურმა მასწავლებლებმა – რა რისკები აქვს და რა შედეგები მოჰყვება ნარკოტიკის მოხმარებას. ასევე სამკურნალო მექანიზმები არის გასაძლიერებელი და თუკი არსებობს მეტადონის პროგრამა, შეიძლება როგორც გეოგრაფიული, ისე შინაარსობრივი გაფართოება ამ პროგრამების. ასევე რეაბილიტაციის კუთხით, ფაქტობრივად, არაფერი ხდება და მას შემდეგ, რაც ნარკოტიკების მომხმარებელი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, არაფერი სარეაბილიტაციო პროგრამა არ არსებობს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი