მთავარი,სიახლეები

„ჰავანა“-ს ქობულეთში ორმილიონიან ინვესტიციაზე უარი უთხრეს – კონკურენცია თუ პირადი ინტერესი

14.05.2018 • 5068
„ჰავანა“-ს ქობულეთში ორმილიონიან ინვესტიციაზე უარი უთხრეს – კონკურენცია თუ პირადი ინტერესი

შპს „ჰავანას“უკვე არსებული ბიზნესის გასაფართოებლად საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებასა და მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის 15000 კვადრატული მეტრით გაზრდაზე უარი უთხრეს. ის 2-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა ქობულეთში. უარის მიზეზად ნაკვეთის მიმართ მაღალი კონკურენცია და მოსახლეობის ინტერესი დაასახელეს: „ზღვაზე გასავლელი ჩაიკეტება“. კომპანიის მეპატრონე კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დაინტერესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ კონკურენციას ხელოვნურად ქმნიან.

რესტორანი „ჰავანა“ ტურისტულ სეზონზე ქობულეთში ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია. აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა შპს „ჰავანას“ ყოფილმა მეპატრონემ – დავით შავიშვილმა ხუთი წლის წინ მოიწყო და სახელმწიფოსთან აღებული ყველა საიჯარო ვალდებულება შეასრულა. ამის მიუხედავად, მას, როგორც ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს ქობულეთიდან, „პრობლემები ჰქონდა, არ ამუშავეს“. ამ პირებს ღიად საუბარი არ სურთ.

დოკუმენტების მიხედვით კი დავით შავიშვილს კომპანია თავისი საიჯარო ვალდებულებით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, 2017 წლის ივნისში, პაატა რეხვიაშვილისთვის მიუყიდია.

იმის გათვალისწინებით, რომ საიჯარო ხელშეკრულების ვადა წელს იწურება, 2018 წლის 19 თებერვალს პაატა რეხვიაშვილმა ორმილიონიანი საინვესტიციო წინადადებით ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს მიმართა. მან მირიან ქათამაძეს შუამდგომლობა სთხოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან – საიჯარო ვადის გაგრძელებასა და მიმდებარედ 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, ასევე ამ ნაკვეთის გასწვრივ პლაჟის 20-წლიანი იჯარით გადაცემაზე.

კომპანიის მფლობელი პირობას დებდა, რომ ტერიტრიაზე მოაწყობდა მსუბუქ კონსტრუქციას, სადაც განათავსებდა: „კლუბს, კაფეს, რესტორანს, საბილიარდოს, ღია აუზს, სატრენაჟოროსა და ბავშვთა გასართობ კუთხეს“. კომპანია ასევე ჰპირდებოდა მთავრობას, რომ ტურისტული კომპლექსი არა მხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში მოემსახურებოდა მომხმარებელს. პირობების ჩამონათვალში იყო ასევე არანაკლებ 30 ადგილობრივის დასაქმება.

ქობულეთის მერიამ ამ მიწის ნაკვეთის იჯარის წესით გასხვისების შესათანხმებლად  საკრებულოს 5 აპრილს მიმართა. მერის მიმართვის მიხედვით, მერიას მიზანშეწონილად მიაჩნდა მოთხოვნილი ნაკვეთის არა პირდაპირი წესით, არამედ ელექტრონული აუქციონით გასხვისება, ორწლიანი იჯარით. ქობულეთის მერის ინფორმაციით, ნაკვეთის საწყისი საიჯარო ფასის გამოსავლენად მერიამ აუდიტიც კი მიიწვია, რომელმაც ერთი კვადრატული მეტრი 110 ლარად შეაფასა. შესაბამისად, მერიამ მოთხოვნილი 1500 კვადრატული მეტრის საწყის ფასად 40 500 ლარი განსაზღვრა.

მერი საკრებულოსგან ითხოვდა ასევე ტერიტორიის გასწვრივ პლაჟის სახით რეგისტრირებული ნაკვეთის წლიური საიჯარო საფასურის დადგეგნას: „რათა შემდგომში გამოცხადდეს პირობიანი აუქციონი, მიწის ნაკვეთზე მსუბუქი კონსტრუქციის ასაწყობად. კაფე ბარის განთავსების მიზნით“.

მირიან ქათამაძეს საკრებულომ უარი უთხრა – სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ მოთხოვნილი ტერიტორიის ათვისება ზღვაზე გასასვლელს ჩაკეტავს და „გასათვალისწინებელია მოსახლეობის ინტერესები“.

სხდომაზე ამ ნაკვეთთან მიმართებაში სხვა ინტერესებსა და კონკურენტული გარემოს შექმნაზეც იყო საუბარი.

„ჰავანას“ დირექტორი პაატა რეხვიაშვილი კი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ამ ადგილზე  არსებობს „არა მოსახლეობის ინტერესები“, არამედ საკრებულოს ერთ-ერთი წევრის პირადი ინტერესი. პაატა რეხვიაშვილის თქმით, საკრებულოს ამ წევრს შპს „ჰავანასგან“ წლების განმავლობაში  ჰქონია სარგებელი, ვიდრე თითონ არ იყიდა ეს კომპანია. „ახლა მას სურს, რომ ამ ადგილიდან ჩვენ გაგვიშვას“, – ამბობს ბიზნესმენი.

საკრებულოს წევრი, რომელიც ამ საკითხის განხილვისას საკრებულოს სხდომაზე განსაკუთრებით აქტიურობდა, იყო არჩილ დუმბაძე. სხდომაზე ერთადერთი – „ჰავანასთვის“ ნაკვეთის გადაცემა იყო ის საკითხი, რაზეც მან პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირა. „ეს თემა იქცა ყბადაღებულ თემად და მე ამ საკითხს ბოლომდე და ვაჟკაცურად მოვყვები“ – თქვა საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა.

შპს „ჰავანას“ ხელშეკრულების ვადა წელს, 18 ივლისს ეწურება. ხელშეკრულების ვერ გაგრძელების შემთხევაში კომპანიას მისცემენ ათდღიან ვადას, ტერიტორიიდან საკუთარი კონსტრუქცია რომ დაშალოს და გაიტანოს.

თუ პაატა რეხვიაშვილს უარს ეტყვიან ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მერია აუქციონს გამოაცხადებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტერიტორიას 2 მილიონზე მეტად გაასხვისებენ, ახალ მესაკუთრეს მოუწევს ყველაფრის ხელახლა დაწყება – ახალი კონსტრუქციის გამართვა. ეს კი საკურორტო სეზონს ემთხვევა.

არსებობენ თუ არა კონკურენტები

რეალურად არსებობენ თუ არა კონკურენტები, თუ ისინი მართლაც ხელოვნურად გააჩინეს, როგორც ამას „ჰავანას“ მესაკუთრე ამტკიცებს? – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის „ჰავანას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით აღება ორ პირს სურს. საკრებულოსთვის გაგზავნილ მიმართვაში ერთ-ერთ მათგანს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძეც ახსენებს. ეს არის ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში რეგისტრირებული ედვარდ გოგმაჩაძე, რომლის საინვესტიციო წინადადებაც მერმა საკრებულოს  ასევე გადაუგზავნა დანართის სახით.

თავის მხრივ ედვარდ გოგმაჩაძე წერს, რომ რესტორან „ჰავანას“ ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელება რუსეთის მოქალაქე მურმან ჯაფარიძეს აინტერესებს, თვითონ კი მისი მინდობილი პირია.

ედვარდ გოგმაჩაძე ქობულეთის მერს მურმან ჯაფარიძის სახელით ერთი მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება. ჯაფარიძე გეგმავს „ჰავანას“ ტერიტორიაზე რესტორნის, სატრენაჟორო დარბაზს, საბილიარდოს, საპლაჟო ინფრასქტრუქტურის  მოწყობას. ის 70 მოქალაქის დასაქმების პირობასაც დებს.

„ბათუმელებს“ უთხრეს კიდევ ერთი დაინტერესებული მხარის – კახა გოგიტიძის შესახებ. ის ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თანაშემწის, ნინო ჩხეტიას მეუღლეა.

ნინო ჩხეტია შეგვპირდა, რომ გასაუბრების შემდეგ მოგვაწვდიდა ქმრის ტელეფონის ნომერს, თუმცა საბოლოოდ სატელეფონო ზარებს არც თვითონ უპასუხა. შესაბამისად, „ბათუმელებმა“ კახა გოგიტიძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

თავად ედვარდ გოგმაჩაძემ კი გვითხრა, რომ კახა გოგიტიძეს იცნობს, თუმცა მოგვიანებით თავისივე ნათქვამი უარყო.

რაც შეეხება საკრებულოს წევრს – არჩილ დუმბაძე კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის ინტერესს „ჰავანას“ ტერიტორიის მიმართ. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „დაინტერესებულია ნაკვეთი კანონის შესაბამისად, კონკურენტულ გარემოში გაიცეს იჯარის წესით“. საკრებულოს წევრს ასევე ვკითხეთ იმის შესახებ, იცნობს თუ არა „ჰავანას“ კონკურენტებს. „ქობულეთი პატარაა და ყველა ყველას იცნობს“, – თქვა არჩილ დუმბაძემ.

საკრებულოს სხდომა, სადაც სანაპიროს ტერიტორიის აუქციონზე გატანაზე ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს უარი უთხრეს, 10 მაისს გაიმართა. 11 მაისს კი შპს „ჰავანას“ მესაკუთრემ რეესტრს ცვლილების თხოვნით მიმართა – დოკუმენტების მიხედვით, პაატა რეხვიაშვილი აპირებს კომპანიის ასივე პროცენტი ხათუნა მოწყობილს დაუთმოს.

საგულისხმოა ისიც, რომ დოკუმენტებში ფიგურირებს კომპანიის თავდაპირველი დამფუძნებელი დავით შავიშვილიც. მეტიც განცხადება ცვლილებასთან დაკავშირებით რეესტრში დავით შავიშვილს აქვს წარდგენილი.

„ჰავანას“ წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ მზად არიან შემცირებული ტერიტორიის იჯარის წესით მიღებაზეც დასთანხმდნენ მთავრობას. მათ სურთ უკვე დაწყებული ბიზნესი გადაარჩინონ და ამისთვის 2 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებენ. მათ ამ შეთავაზებას არც ქობულეთის მერია გამოხმაურებია და არც აჭარის მთავრობა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: