მთავარი,სიახლეები

მოქალაქე ამბობს, რომ ის ბათუმში საკუთარი სახლიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

14.05.2018 • 2355
მოქალაქე ამბობს, რომ ის ბათუმში საკუთარი სახლიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბათუმში მცხოვრები მერაბ ბლადაძე ამბობს, რომ მას საკუთარი საცხოვრებელი ბინის ეზოში, ფარნავაზ მეფისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაში, 14 მაისს, დაახლოებით 00:30 წუთზე, თავს დაესხა სამი უცნობი პირი და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მერაბ ბლადაძეს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს, სადაც თვითონ მივიდა. მიყენებული აქვს ჭრილობები თავის არეში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც.

„ღამის პირველის ნახევარზე კარზე დარეკეს ზარი, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდათ და მთხოვეს ჩავსულიყავი ეზოში. ასეთი რამ ხშირად ხდება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და ჩვეულებრივად ჩავედი ეზოში, თუმცა სადარბაზოსთან ეგრევე დამარტყეს სახეში რკინის ჯოხი, მეორეს ხის ჯოხი ეკავა. სულ სამი იყვნენ… მინდა ვთქვა, რომ თავს დაზარალებულად არ ვთვლი, მეც კარგად ვიჩხუბე. დაზარალებული და ნაცემი თავად არიან. ალბათ ერთი წუთი გაგრძელდა და შემდეგ მეზობლებმა ატეხეს ხმაური და გაიქცნენ. სახეზე ვერ ვიცანი, ჩამოფარებული ჰქონდათ. როგორც ვიცი, საქმე აღძრულია, სხვა დეტალები არ ვიცი“, – ამბობს მერაბ ბლადაძე. მისივე თქმით, მას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. „დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სავარაუდო დამნაშავე დადგენილია“, – გვითხრეს სამინისტროში, თუმცა არ დაგვიკონკრეტეს რამდენ სავარაუდო დამნაშავეზეა საუბარი.

მერაბ ბლადაძე ტელეკომპანია „ობიექტივის“ ბათუმის სტუდიის წამყვანი და „21 საუკუნე – საქართველოს მომავლის“ თავმჯდომარეა. ის თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ქობულეთში.

მერაბ ბლადაძე მასზე თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: