ბერა ივანიშვილი მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს

რეპერი ბერა ივანიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილია, ახალი სიმღერით მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს. ახალი სიმღერა ბერას youtube გვერდზე დღეს, 13 მაისს, აიტვირთა.

სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა კონკრეტულად მარიხუანას ლეგალიზებაზე აკეთებს აქცენტს, სხვა ე.წ. “სინთეტიკურ ნარკოტიკებზე” კი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს. ტექსტში ახსენებს “ბარიგებს, რომლებიც ბევრ ხალხს კლავენ”. სიმღერის ბოლოს ამერიკელი ასტროფიზიკოსის ნილ დეგრას ტაისონის სიტყვებია:

“ვფიქრობ, თუ რეალურად აანალიზებ, იმ რაღაცებთან შედარებით რაც ლეგალურია, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის ოდესმე კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო. იმას ვგულისხმობ, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოგაყენოს, ვიდრე მარიხუანას მოწევამ “.

მას შემდეგ, რაც თბილისში სავარაუდოდ დაუდგენელი ნივთიერებით დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, 6 მაისს ბერა ფეისბუქის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კლუბ “ბასიანში” მომხდარი “მკვლელობების” გამოძიებით დაინტერესებულია:

“ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი “ბასიანი” ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი “მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება. მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას”,- წერდა ბერა.

ამის შემდეგ კლუბებში “გალერი” და “ბასიანი” სამართალდამცავებმა 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყეს.

მოვლენათა ქრონოლოგია


  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიან ღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com