მთავარი,სიახლეები

ბასიანის ბრძოლა

12.05.2018 • 4648
ბასიანის ბრძოლა

ავტორი: ანრი კიკნაველიძე

ყველაზე დიდი შეცდომა ახლა იმის გაფიქრება იქნებოდა, რომ წუხელ მომხდარი მხოლოდ კლუბების მფლობელებს, სტუმრებს, კლუბური ნარკოტიკის მომხმარებლებს ეხებათ. ასევე არ იყო ეს არც პოლიტიკური და რა თქმა უნდა, არც სამართლებრივი საკითხი.

ვერც ზიანი, რომელიც ამ შემთხვევამ უკვე მიაყენა ტურიზმს; ვერც საუბარი ნარკოდამოკიდებულების საფრთხეზე თუ გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ვერ ასახავს იმ პრობლემის სერიოზულობას და სიღრმეს, რომელიც ღამის კლუბების დარბევის აქტის უკან დგას და რომელიც ფუნდამენტურ ღირებულებებს უკავშირდება.

თუ შსს-ს მართლაც ჰქონდა უტყუარი საბუთები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები გასღებასთან დაკავშირებით, ეს მით უფრო საეჭვოს ხდის სპეცოპერაციის კლუბებში ჩატარების საჭიროებას. ერთადერთი ფუნქცია ამ სპეცოპერაციის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ძალის ჩვენება და მუშტის მოქნევა იყო.

საზოგადოების რეაქციით, განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში, რომელიც ერის სარკეა, აშკარად გამოჩნდა, თუ რამდენად მახინჯია ის ღირებულებათა სისტემა, რომელიც დღეს დომინირებს (ან ცდილობს ამას) საქართველოში.

ამ ღირებულებათა მხარეს დგას საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჯერ ვერ გარკვეულა, კარგი იყო თუ ცუდი საბჭოთა კავშირის დაშლა; ის ნაწილი, რომელმაც ლამის 30 წელია ვერ შეძლო ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელიც თავის ფუნდამენტურ ფუნქციას შეასრულებს – საკუთარ მოქალაქეს დაიცავს და ამასთან, თავის უწმინდეს მოვალეობად თვლის, ყველანაირად ხელი შეუშალოს ახალგაზრდა თაობას ასეთი სახელმწიფოს მშენებლობაში; პრეზერვატივებთან, კინოში სიგარეტის ჩვენებასთან და სიმსუქნესთან მებრძოლი ნაწილი; დავით აღმაშენებლის სახელით ქსენოფობიის მოქადაგე და ილიას სახელით ლიბერალიზმთან მებრძოლი ნაწილი; ქრონიკულად ალკოჰოლიკი და კლუბურ ნარკოტიკთან მებრძოლი ხალხი; სექსუალური განათლების მოწინააღმდეგე ვენერიულად დაავადებული ხალხი; ქალზე მოძალადეები; ტაბურეტკიანები; ხალხი გრძელი სადღეგრძელოებით და მოკლე ჭკუით, მაღალი ხმით და დაბალი ღირსებით.

წუხელ შესრულდა საზოგადოების ამ ბნელი, რეგრესული ნაწილის დაკვეთა და ეს იყო გასროლა იმ ომში, რომელსაც ის ამ საზოგადოების მეტწილად ახალგაზრდა, პროგრესული ნაწილის მიმართ დიდი ხანია ეწევა. ამ ომის ნაწილია დრაკონული ნარკოპოლიტიკაც, რომელიც ვერა და ვერ შეცვალა პარლამენტმა.

ყველანაირი ავტორიტარიზმი ცუდია, მაგრამ არსებობს მისი ყველაზე საზარელი ფორმა – ჩარევა ადამიანის ცხოვრების ყველაზე ინტიმურ, ყველაზე მგრძნობიარე, ყველაზე ძვირფას – პირად თავისუფლებაში, მაგალითად, იმაში, თუ რას უზამს ის თავის სხეულს. სწორედ ზემოხსენებული ხალხი თვლის, რომ უფლება აქვს, უკარნახოს ახალგაზრდას, როგორ გაერთოს, ვისთან, როდის და რა პირობებით ჰქონდეს სექსი, რა სწამდეს, რა უყვარდეს და რა სძულდეს. საზოგადოების ეს ნაწილი არის მოსე, რომელიც, რატომღაც, ცოცხალი გადარჩა და ახლა აღთქმული ქვეყნისაც უდაბნოდ გადაქცევა უნდა, რადგან თვითონ მარტო უდაბნოში შეუძლია გაიხაროს.

სწორედ ამიტომ არაა მთავარი ის, რომ ტურისტები შეაშინეს. ტურიზმზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველ ახალგაზრდას საქართველოში ჰქონდეს უფლება იყოს ის, ვინც არის და ვინც უნდა იყოს. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება არ არსებობს და ეს ბრძოლაც ამ ღირებულებისთვის არის.

გუშინ, როცა ახალ ამბებში ვკითხულობდი, თუ რამდენჯერ გააწყვეტინეს სიტყვა ტაშით პარტიის ყრილობაზე „პირველ მოქალაქეს“, კომუნიზმში ცხოვრების უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. დღეს ეს შეგრძნება ყველაზე ძლიერია, რადგან ბევრი დარბევა მინახავს, მაგრამ არცერთი ასე პირდაპირ მიმართული ადამიანის ყველაზე ძვირფასი, პირადი თავისუფლების წინააღმდეგ.

გვსურს თუ არა, მოგვწონს თუ არა, ღირებულებათა ბრძოლამ რეალური ბრძოლის სახე მიიღო. ვინც ამ ბრძოლის ერთ მხარეს დგას, მათზე ზემოთ დავწერე. მათ უნდა წააგონ.

ანრი კიკნაველიძე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: