„პირველი სვლა ბათუმში“ – მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება და დაგეგმილი ღონისძიებები

13 მაისს, 12:00 საათიდან, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ფიდე-ს რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოეწყობა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი-2018“ მზადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებულები: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი ნონა გაფრინაშვილი და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული ნანა იოსელიანი, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადის მედია-ტურნირის – „ბათუმი 2018“ მონაწილეები: ტელე-რადიო კომპანიების, ასევე ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების წარმომადგენლები.

„სიმბოლური „პირველი სვლა ბათუმში“ -საჭადრაკო ოლიმპიადის მოსამზადებელი ღონისძიების მთავარი გზავნილი იქნება. გაიმართება ერთდროული თამაშის სეანსები დიდოსტატებსა და ადგილობრივ მოჭადრაკეებს შორის.

ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე მოეწყობა:ორკესტრირებული მსვლელობა და შესრულდება სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ფლეშმობი, რომელიც მოახლოებულ საჭადრაკო ოლიმპიადას დააანონსებს; მოეწყობა ფოტო-გამოფენა, სახელდახელო ქვიზ-შოუ, მოწვეული მიმები იზრუნებენ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და სამახსოვრო ფოტო-სესიების მოსაწყობად. ღონისძიების დასასრულს კი, საჭადრაკო პროექტი, ონლაინ-პლატფორმა „მილიონი სვლა“ ჩაირთვება“ – აღნიშნულია 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი 2018“-ის პრეზენტაცია აპრილში, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ამავე თემაზე:

სტიკერები საქალაქო ტრანსპორტზე – მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com