განათლება,მთავარი,სიახლეები

პედაგოგი, რომლის სახელმძღვანელოთი შვეიცარიის სკოლებში ფიზიკას ასწავლიან

12.05.2018 • 11080
პედაგოგი, რომლის სახელმძღვანელოთი შვეიცარიის სკოლებში  ფიზიკას ასწავლიან

12 მაისს, აჭარის განათლების ფონდის მოწვევით, ფიზიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასებს ბერნის გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი ირმა მგელაძე ატარებს. ირმა მგელაძე შვეიცარიის ფიზიკის კომისიის (DPK) წევრია, მის მიერ მომზადდა და გამოიცა ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც შვეიცარიის სკოლებში ასწავლიან.

„ფიზიკის სასწავლო პროგრამა ეთმობა ისეთ თემებს, რომლებიც შეიქმნა მე-17-მე-18, მე-19 საუკუნეებში, რაც წარმოადგენს სასწავლო ფიზიკის სწავლების უზარმაზარ დილემას. ბუნებრივია, ამ ფუნდამენტური საკითხების სწავლის გარეშე წარმოუდგენელია ფიზიკის, როგორც მეცნიერების აღქმა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ აღარ გვრჩება დრო ვასწავლოთ თემები, რომლებიც მოიზიდავს და დააინტერესებს ახალგაზრდებს,“ – ამბობს ირმა მგელაძე „ბათუმელებთან“.

ის საუბრობს იმაზე, რომ ფიზიკური მოვლენები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ჩვენ სწორედ ამ მოვლენებით უნდა ავუხსნათ მოსწავლეებს ფიზიკური მეცნიერება.

„მაგალითად, როცა კლასში სიჩქარეზე ვსაუბრობდით, მოსწავლეებმა მაჩვენეს ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდოს ფოტო, სადაც ნაჩვენები იყო ბურთის თავზე დარტყმის სიძლიერე. ფოტოზე ჩანდა, რომ თავში მოხვედრის დროს იმდენად დიდი იყო სიჩქარის ძალა, რომ ბურთი 15 სმ-ით იყო შეკუმშული.

მოსწავლეებმა ადვილად გამოთვალეს ბურთის მოძრაობის საშუალო სიჩქარე საათში, შენელების ძალა დარტყმის დროს და ისიც, რომ ამ შემთხვევაში ბურთის სიჩქარე ფაქტობრივად იყო რეკორდული – 212 კილომეტრი საათში.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ახალგაზრდები გაკვეთილზე ძალიან ბევრი კითხვით მოდიან, ისინი ბევრი რამის მიმართ იჩენენ ცნობისმოყვარეობას, მაგრამ გაკვეთილზე რაღაც სინთეზურ  სამყაროში გადაგვყავს ისინი და ამ ყველაფერს ვაჩვენებთ ხელსაწყოებით, რომლებსაც მხოლოდ კლასში ხედავენ და რომელსაც არასდროს ხედავენ ცხოვრებაში.

სწორედ აქ არის პრობლემა. ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღონ იქედან, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოადგენს,“ – ამბობს პედაგოგი.

ირმა მგელაძე ქართველ პედაგოგებს მასტერკლასს უტარებს

მისი აზრით, მობილური ტექნოლოგიების ბოლომდე მიტანა შეუძლებელია მოსწავლეებთან, მაგრამ შესაძლებელია იმის სწავლება, როგორ მოდის ინფორმაცია მათთან.

„და ეს ყველაფერი შეგვიძლია აღვწეროთ და მივიტანოთ ისე, როგორც შეესაბამება ფიზიკის სწავლებას და გეგმებს,“ – გვეუბნება ის.

მასტერკლასის ჩატარების დროს მან პედაგოგებს  აჩვენა, როგორ გადააქვს სინათლის სხივს ინფორმაცია.

„ჩვენ ჩავრთეთ მუსიკა  და ვნახეთ, რომ ლაზერის სხივმა წაიღო მუსიკა, ფოტოდეტექტორმა კი დააფიქსირა ეს მუსიკა, რომელსაც ჩვენ ახლა ვუსმენთ. სწორედ ეს შეგვიძლია ვაჩვენოთ მოსწავლეებს.

მათ უნდა იცოდნენ, როგორ მოდის ინტერნეტი სახლში, რომ ის ჩემოდნით არავის შემოაქვს და ის მოდის ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით.

ირმა მგელაძე. ექსპერიმენტის ჩატარების დროს

თუ ჩვენ ჰაერში გავუშვებთ ლაზერის სხივს, ის ვერ მოიტანს ინფორმაციას, რადგან მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება, მაგრამ თუ დავუყენებთ მას ოპტიკურ ბოჭკოს, ეს ბოჭკო მოიტანს ინფორმაციას,“ – ამბობს პედაგოგი.

მან მასტერკლასის დროს კიდევ რამდენიმე ექსპერიმენტი აჩვენა ფიზიკის პედაგოგებს. მაგალითად, ქვაბსა და ქურას შორის დაფენილი ქაღალდი რას ცვლის სითბური ენერგიის გადაცემის დროს და ა.შ.

ირმა მგელაძე ფიქრობს, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველოში ფიზიკური მეცნიერებებით ნაკლები ახალგაზრდა ინტერესდება, სწორედ ინფორმაციის გადაცემის ტექნოლოგიასთანაა დაკავშირებული.

„და არა მხოლოდ ამაზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში იგივე მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში თითქოს ვერ ატარებენ გაკვეთილს, სახლში კარგი რეპეტიტორები არიან.

საქართველოში უზარმაზარი პრობლემაა სკოლის ღირებულების დაცემა. სკოლაში მოსწავლე არ უსმენს მასწავლებელს, მშობელი სკოლაში არ ენდობა მასწავლებელს, ეს ერთი ჯაჭვია და ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება,“ – მიაჩნია მას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: