ბარცხანის ხიდთან რამდენიმე საათით გზა ხვალ დილითაც გადაიკეტება

ბათუმში შემომსვლელი ავტომანქანებისთვის ბარცხანის ხიდთან მაგისტრალი დღეს, 12 მაისს, დილით, რამდენიმე საათით გადაიკეტა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბარცხანის ხიდი [ნონეშვილის ქუჩა]-გოგოლის ქუჩა, აქედან კი მაიაკოვსკისა და ბაგრატიონის ქუჩების მიმართულებით გადაერთო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გზის გადაკეტვა ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას უკავშირდებოდა.

ესტაკადის მშენებელი კომპანიის მენეჯერის, ნიკა გაბადაძის ინფორმაციით, გზის გადაკეტვა იგეგმება ასევე ხვალ, 13 მაისს, დაახლოებით დილის 8-ის ნახევრიდან დილის 10 საათამდე პერიოდში. დროის ამ მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტი ბარცხანის გადასასვლელი ხიდიდან იმოძრავებს.

ესტაკადის მშენებლობის გამო მოძრაობა ბაქოს ქუჩაზე ნებადართულია მხოლოდ ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბარცხანიდან გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ქალაქიდან, შავშეთის ქუჩის დასაწყისთან [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] ბაქოს ქუჩა ქალაქის ცენტრიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.

ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი სქემა ბათუმში 2018 წლის 17 თებერვლიდან მოქმედებს და ქალაქიდან გამსვლელი ტრანსპორტი ბონი-ბარცხანის გავლით მოძრაობს.

ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ 14 მილიონ 370 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ესტაკადაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი.

ბარცხანის დასახლებაში ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბაქოს ქჩა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო / 12.05.2018 / გურამ მურვანიძის ფოტოები

ბარცხანის დასახლებაში ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბაქოს ქჩა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო / 12.05.2018 / გურამ მურვანიძის ფოტოები

ბარცხანის დასახლებაში ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბაქოს ქჩა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო / 12.05.2018 / გურამ მურვანიძის ფოტოები

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com